მთავარი,სიახლეები

„ეს ჩემთვის დასაქმების შანსი იყო“ – Links -ის პროექტში 800-მდე ახალგაზრდა ჩაერთო

26.07.2023 • 1231
„ეს ჩემთვის დასაქმების შანსი იყო“ – Links -ის პროექტში 800-მდე ახალგაზრდა ჩაერთო

„ეს პროექტი ჩემთვის დიდი შესაძლებლობა და შანსი იყო, რათა უფრო განვითარებული და უფრო მეტად თავდაჯერებული გავმხდარიყავი. ამ ცოდნითა და გამოცდილებით წინსვლა უფრო გამიადვილდება“, – ამბობს ანა ცივაძე, რომელმაც ევროკავშირის დაფინანსებული პროექტში მონაწილეობდა.

ანას მსგავსად „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ პროექტში 800-მდე ახალგაზრდას სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და ტრენინგში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა, მათ შორის, ინგლისური ენის, კომპიუტერული და მეწარმეობის კომპეტენციების ამაღლების მიზნით. ამ ეტაპის შემდეგ პროექტის შერჩეულმა მონაწილეებმა 11-თვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარეს:

„ამ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ტრენინგი გავიარე, რის შემდეგაც სტაჟირების პროგრამაში ჩავერთე. სტაჟირება გავიარე ბათუმის „ვალდორფის“ საბავშვო ბაღში, აქ დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე,“ – ამბობს ანა ცივაძე.

ანა ცივაძე

კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელმა ამ პროექტის დახმარებით გაიარა სტაჟირება, სალომე ფალავანდიშვილია:

„განათლება სამედიცინო მიმართულებით მაქვს მიღებული, თუმცა დაქორწინებული ვარ, პატარა ბავშვი მყავს და აქამდე ვერ ვახერხებდი მუშაობის დაწყებას. 

ამ პროექტის ფარგლებში განვითარების საშუალება მომეცა. 10-თვიანი სტაჟირება გავიარე „მედცენტრში“. სტაჟირება ახლახან დასრულდა და ამ სფეროში ვაპირებ დასაქმებას,” – აღნიშნავს ის.

სალომე ფალავანდიშვილი

პროექტით გათვალისწინებული 11-თვიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ სასტუმრო „ჰილტონმა“ კონტრაქტი გაუხანგრძლივა ლაშა ლომინაძეს. ის 25 წლისაა და 2015 წელს მიღებული ტრავმის გამო შშმ პირი გახდა:

„თურქეთსა და სომხეთში გავდიოდი რეაბილიტაციას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამ პროექტის შესახებ შევიტყვე და ბედი ვცადე. რამდენიმე პროფესიული კურსი გავიარე. შემდეგ ჩავერთე დასაქმების პროგრამაში და ავარჩიე სტუმარ-მასპინძლობის სფერო. ასე მოვხვდი „ჰილტონ ბათუმში“ და 15 თვეა იქ ვმუშაობ. მადლობა LINKS-ს ამ შესაძლებლობისთვის,“ – ამბობს ის.

ტრენინგები პირისპირ შეხვედრების გარდა ონლაინაც ტარდებოდა. ამან მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც მისცა გადამზადების შესაძლებლობა.

ლაშა ლომინაძე

პროექტის მონაწილის, ნიკა აზნაურიშვილის თქმით, სხვანაირად მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ ახალგაზრდებს პროექტში ჩართვა გაუჭირდებოდათ:

„მე გავიარე ინგლისური ენის, მეწარმეობის და კომპიუტერული უნარების კურსი. ასევე გავიარე კარიერული განვითარების კონსულტაცია და ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა. 

ამ პროექტში ჩართვამდე ვმუშაობდი ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში, თუმცა როცა მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრობ, რთულია როგორც ქალაქში სიარული, ისე დროის გამონახვა განვითარებისთვის. შესაბამისად, სახლიდან ამ პროექტში ჩართვა ძალიან დამეხმარა განვითარებაში და შედეგად უკეთესი სამსახურიც ვიპოვე“.

ნიკა აზნაურიშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ პროექტის შემაჯამებელი რეგიონული ღონისძიება 17 ივლისს აჭარაში გაიმართა. 

შეხვედრაზე ადგილობრივ საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია სამი წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა და მისი შედეგების შესახებ. 

პროექტი საქართველოს ოთხ რეგიონში სამი წელი მიმდინარეობდა, ხოლო უშუალოდ აჭარაში შემდეგი აქტივობები განხორციელდა: ცოდნისა და უნარების განვითარების (LINKS) ცენტრების საქმიანობა, მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი, ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით ჩატარებული ტრენინგები, დასაქმებისა და სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა, შექმნილი ონლაინ რესურსები, საგანმანათლებლო სერვისების პროვაიდერების გასაძლიერებლად განხორციელებული ღონისძიებები, რეგიონული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა, დასაქმების ფორუმები და შრომის ბაზრის მონიტორინგი. 

აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (IJH). ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის, ქეთი ადეიშვილის თქმით, პროექტში აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში მცხოვრები 800-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული, რომლებთანაც სამომავლოდაც გააგრძელებენ თანამშრომლობას:

„ჩვენ ვატარებდით როგორც ონლაინ, ისე გასვლით ტრენინგებს სხვადასხვა ქალაქში. პროექტს ჰყავდა 17 სტაჟიორი, რომელთა უმრავლესობას გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება და ახლაც დასაქმებულები არიან.

ჩვენ ხუთ პროფესიულ სასწავლებელთან გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი. დაახლოებით 90-მდე პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელი იყო პროექტში ჩართული. გვქონდა სამი სხვადასხვა კურსი, ასევე კარიერული დაგეგმვის კონსულტაცია და უამრავ ახალგაზრდას დავეხმარეთ განვითარებაში,” – ამბობს ქეთი ადეიშვილი.

საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენლის, ზურაბ სამარღანიშვილის თქმით, სიახლე არაა, რომ საქართველოში ახალგაზრდებს უჭირთ შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრება. დასაქმებასთან დაკავშირებული გამოწვევები კი განსაკუთრებით მწვავეა ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ უმუშავიათ და არც საგანმანათლებლო პროცესში ყოფილან ჩართულნი. 

მისივე სიტყვებით, დასაქმებასთან დაკავშირებული ეს  პრობლემა კომპლექსურია,  ამიტომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, სამი წლის განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვთანამშრომლობდით ბიზნეს-ორგანიზაციებთან და იმ აქტორებთან, რომლებსაც კავშირი აქვთ შრომის ბაზართან და, ამავდროულად, მუშაობენ ახალგაზრდებთან; სამუშაო შეხვედრების, გამოცდილების გაზიარებისა და დისკუსიების ორგანიზებით, ვცდილობდით რესურსების კონსოლიდაციას და პრობლემების გადაჭრის საერთო გზების დასახვას.

მეორე მხრივ, პროექტის ფარგლებში, უშუალოდ ვმუშაობდით 15-29 წლის ახალგაზრდებთან და, მათი გაძლიერების მიზნით, ვთავაზობდით მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებში, ტრენინგებში ჩართვას, მათ შორის, ვთავაზობდით კარიერის კონსულტირების სერვისებს, მეწარმეობის ტრენინგებსა და საკუთარი სამეწარმეო ინიციატივების დაფინანსებას,“ – აღნიშნავს ზურაბ სამარღანიშვილი.

როგორც ის განმარტავს,  ეს ყოველივე  ამოცანად ისახავდა ახალგაზრდებს შორის სამუშაოსთვის მზაობის ხარისხის გაზრდასა და, პროფესიული კომპეტენციის მიღმა, ზოგადი თუ გამჭოლი უნარების განვითარებას. ახალგაზრდების გაძლიერების საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პროფესიული სასწავლებლები, რომლებთანაც პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობდა. 

„დამსაქმებლები საუბრობდნენ კვალიფიციური კადრის ნაკლებობაზე, ამავდროულად, მათ მიერ წაყენებული ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სამუშაოს მაძიებელთათვის იყო სამუშაო გამოცდილება, რაც სამუშაოს მაძიებელთა მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნდა.

 ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, პროექტის ფარგლებში, სამი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომლის საფუძველზეც ახალგაზრდები მათთვის საინტერესო პროფილის მქონე ორგანიზაციებსა და სასურველ პოზიციებზე თერთმეტი თვის ან ნაკლები პერიოდის განმავლობაში გადიოდნენ სტაჟირებას და იღებდნენ ყოველთვიურ ანაზღაურებას. 

მიუხედავად იმისა, რომ პროექტით არ იყო გათვალისწინებული სტაჟირების პერიოდის ამოწურვის შემდეგ ამ ახალგაზრდების დასაქმება, სტაჟიორთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ან იმავე ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა, ან სტაჟირების შედეგად დაგროვებული გამოცდილებით დასაქმდა სხვა ორგანიზაციაში“.

____________________________

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდებოდა ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იყო. (IJH) 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: