მთავარი,სიახლეები

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლა შესაძლოა ორთაბათუმში გადავიდეს – 4,9 მილიონი რემონტისთვის

26.07.2023 • 3933
ბათუმის მე-4 საჯარო სკოლა შესაძლოა ორთაბათუმში გადავიდეს – 4,9 მილიონი რემონტისთვის

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.

სამუშაოების დაწყების შემთხვევაში სად გაგრძელდება სასწავლო პროცესი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ერთ-ერთ ვარიანტად ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმის სკოლა განიხილება.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩატარდება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 926 650 ლარია.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით:

  • „ამჟამად, სკოლაში სწავლობს 1 124 მოსწავლე – ორ ცვლაში, მათ შორის 32-სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა. სკოლა ემსახურება დაახლოებით 650-700 ადგილობრივ ოჯახს, რომელთა შვილებიც აქ სწავლობენ.
  • სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში, ყველა მოსწავლეს [მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს] ექნებათ სათანადო წვდომა სასწავლო პროცესზე.
  • სარეაბილიტაციო სამუშაოების სასწავლო პროცესის პარალელურად წარმართვის შემთხვევაში, სკოლის პერსონალი და მოსწავლეები დროებით გადავლენ დაბა ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმის საჯარო სკოლაში. დაშორება მე-4 სკოლიდან დაახლოებით 8 კილომეტრია.“

ამავე დოკუმენტში არის ასეთი ჩანაწერიც: „საწყის ეტაპზე სკოლის ადმინისტრაცია, ადგილობრივ რესურსცენტრთან და მშობლებთან ერთად, შეარჩევს სკოლას, სადაც მოხდება საგანმანათლებლო პროცესის დროებით გაგრძელება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პროცესში. როგორც უკვე აღინიშნა, სამშენებლო სამუშაოების დროს, საგანმანათლებლო პროცესი დროებით გაგრძელდება დაბა ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმში.“

„ბათუმელები“ დასაზუსტებლად ბათუმის რესურსცენტრს დაუკავშირდა.

„ამ ეტაპისთვის ორთაბათუმის სკოლა განიხილება ერთ-ერთ ვარიანტად. არის სხვა ვარიანტებიც, თუმცა, ველოდებით ტენდერის შედეგებს და შემდეგ უფრო დავკონკრეტდებით, რომელ სკოლას შევარჩევთ. ან იქნება ორთაბათუმი, ან სხვა სკოლა, რომელიც არ იქნება მეოთხე სკოლიდან ორთაბათუმის სკოლაზე უფრო მეტი მანძილით დაშორებული“, – გვითხრეს რესურსცენტრში.

  • „პროექტის განხორციელების ეტაპზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს მოსწავლეთა ტრანსპორტირებას. სამინისტრო და მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას, მოსწავლეების შერჩეულ ადგილამდე ტრანსპორტირებისა და სწავლების უზრუნველყოფისთვის. სკოლის რეაბილიტაციის პერიოდში, გამოიყოფა დაახლოებით 35-40 მინიავტობუსი“, – აღნიშნულია ტენდერში.

როდის დაიწყება მშენებლობა, ეს სატენდერო პროცედურებზეა დამოკიდებული. თუ ტენდერი შედგა და ხელშეკრულებაც გაფორმდა, სკოლის რეაბილიტაცია 15 თვეში უნდა დასრულდეს.

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლა პუშკინის ქუჩაზე / ფოტო ტენდერიდან

ტერიტორია ბათუმში, პუშკინის ქუჩის 63-ში, სადაც მე-4 სკოლის შენობაა განთავსებული, 5 643 კვადრატული მეტრია. სკოლა შედგება ერთი ძირითადი შენობისა და სტადიონისგან, რომელიც აშენდა 1967 წელს. შენობა ორსართულიანია. სკოლის შენობის მთლიანი ფართობი კი 2 339 კვადრატული მეტრია.

„სკოლის შენობის კონსტრუქციული მდგრადობა 2021 წლის ნოემბერში შეისწავლეს. რეკომენდაციები შენობის გამაგრების საჭიროების შესახებ აისახა სკოლის რეაბილიტაციის პროექტში. 2023 წლის თებერვალში, პროექტმა გაიარა  ექსპერტიზა“, – აღნიშნულია ტენდერში.

მე-4 სკოლა რეაბილიტაციის შემდეგ/რენდერი ტენდერიდან.

„პროექტი მოიცავს სკოლის შენობისა და ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოებს:

  • გათვალისწინებულია შენობის გადაგეგმარება, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციული, ჰიგიენური, საერთო დანიშნულების ოთახების გამოყოფა. არსებული კედლები და იატაკები სრულად იქნება გასუფთავებული ძველი მოპირკეთებისგან და შეიცვლება ახლით.
  • ასევე შეცვლას ექვემდებარება შენობის ფასადის მოპირკეთების ელემენტები, გადახურვის ბურული და წყალარინებითი ელემენტები.
  • გათვალისწინებულია ლიფტის მშენებლობა შენობის გარე ფასადზე, რაც უზრუნველყოფს შშმ პირთათვის ყველა სართულზე მისაწვდომობას.
  • გათვალისწინებულია სკოლის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს განათების ბოძების, წყლის სოკოს, გამწვანების, ჩარდახების, სპორტული მოედნის რეაბილიტაციას. ასევე შეიცვლება ეზოში არსებული ასფალტის ბილიკები ახლით.
  • დამონტაჟდება ბეტონის პანდუსები შშმ პირთათვის.
  • პროექტით გათვალისწინებულია არსებული საქვაბე შენობის დემონტაჟი და ახალი საქვაბე შენობის აშენება.
  • სკოლის ეზოში რამდენიმე ხე და ბუჩქია. ახალი პროექტის თანახმად, არსებული მცენარეების მოჭრის საჭიროება არ არის, რადგან სტადიონის, ბილიკის და საქვაბის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ხეები არ არის.“

მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, ტენდერი ტარდება მსოფლიო ბანკის შესყიდვების სტანდარტული დოკუმენტის მიხედვით და აღნიშნულ შესყიდვაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები:

„სატენდერო წინადადებების წარდგენა და წინადადებების გახსნა ჩატარდება ელექტრონულად სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, გარკვეული მოდიფიკაციებით:

  • გაუქმებულია ვაჭრობის სამი რაუნდის ფუნქციონალობა. ვაჭრობის დამატებითი რაუნდები არ გამოიყენება.
  • ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის წინასწარი/სავარაუდო ღირებულება ღიაა, თუმცა, ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ წინადადების ფასი, რომელიც შეიძლება იყოს სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი…“

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 21 აგვისტოს დაიწყება და 25 აგვისტოს დასრულდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: