მთავარი,სიახლეები

შეიქმნას კასტრაცია-სტერილიზაციის პროგრამა შინაური ცხოველებისთვის – პეტიცია ქობულეთის მერიას

26.07.2023 • 1165
შეიქმნას კასტრაცია-სტერილიზაციის პროგრამა შინაური ცხოველებისთვის – პეტიცია ქობულეთის მერიას

ქობულეთის მერიას შინაური ცხოველებისთვის პროგრამის შექმნას სთხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საქართველოს სამოქალაქო საბჭოების ერთობლივი პეტიციით შინაური ცხოველების კასტრაციისა და სტერილიზაციის უფასო მუნიციპალური პროგრამის შექმნას და ცხოველთა თავშესაფრის აშენებას მოითხოვს.

პეტიციას სულ 677 ხელმოწერა სჭირდება, ხელი ჯერ მხოლოდ  70 მოქალაქეს აქვს მოწერილი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის არარსებობა სახელდება.

მუნიციპალიტეტს არ აქვს შემუშავებული მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის სტრატეგია. მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა მეტყველებს, რომ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური გზა ცხოველის გამრავლების უნარის შეზღუდვაში მდგომარეობს, გადაწყვეტილების მიმღები პირები ვერ აანალიზებენ, რომ ეს სარგებელთან ერთად, ზიანის შემცირების და ადამიანების უსაფრთხოების დაცვისკენ გადადგმული ქმედითი ნაბიჯია – ნათქვამია პეტიციაში.

დედაქალაქისგან განსხვავებით, საქართველოს ფაქტობრივად არც ერთ ქალაქში არ არსებობს უფასო ან შეღავათიანი სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, მათ შორისაა ქობულეთიც.

მიუხედავად დიდი მოთხოვნისა, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა მუნიციპალური თავშესაფრის აშენება, სადაც ადამიანები მსგავსი სერვისით სარგებლობას შედარებით შეღავათიანი პირობებით, ან უფასოდ შეძლებდნენ.

ამ ეტაპზე მუნიციპალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად  70 000 ლარამდე მხოლოდ ქუჩის ძაღლების პოპულაციის რეგულირების ღონისძიებებში იხარჯება. ეს სრულიად არაეფექტური ხარჯია ქალაქისთვის და არ არის გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე.

ავტორების განმარტებით, პეტიციის მიზანია ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 2024 საბიუჯეტო წლიდან შექმნას შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის უფასო მუნიციპალური პროგრამა:

„პროგრამით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს ქობულეთში რეგისტრირებულ ან/და ქობულეთში მუდმივად მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 2024 საბიუჯეტო წლის განმავლობაში.“

პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ გზით შემცირდება ქალაქისა და მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე შინაური ცხოველების მიტოვების ფაქტები, რომლებიც მათ არასასურველ გამრავლებას უკავშირდება.

პეტიციის მოთხოვნაა ასევე 2025 წლიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში აშენდეს ცხოველთა თავშესაფარი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით შექმნილ დაწესებულებას, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება, მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენა და შემდგომი პროცედურების განხორციელება.

აქედან გამომდინარე აშენდეს ცხოველთა დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარი შესაბამისი სტანდარტებით, რომელიც აღჭურვილი იქნება ლაბორატორიით, ვეტერინარული, საკარანტინო, გასეირნებისთვის შესაბამისი სივრცეებით და განთავსების ვოლიერებით. ასევე აღნიშნულმა თავშესაფარმა უნდა უზრუნველყოს 2024 წელს შექმნილი საბიუჯეტო პროგრამის ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის უფასო მუნიციპალური პროგრამის  განხორციელება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: