მთავარი,სიახლეები

ბათუმის პორტიდან გაორმაგებულ – 800 ათას ტონა გრანულირებულ გოგირდს გადაიტანენ

26.07.2023 • 1404
ბათუმის პორტიდან გაორმაგებულ – 800 ათას ტონა გრანულირებულ გოგირდს გადაიტანენ

ბათუმის კარბამიდის ტერმინალიდან გადასატვირთი გრანულირებული გოგირდის რაოდენობის 400 ათასი ტონით გაზრდაა დაგეგმილი, რის შედეგადაც წელიწადში პორტიდან 800 ათას ტონა გრანულირებულ გოგირდს გაიტანენ.

გადასატვირთი გოგირდის რაოდენობის გაზრდა ექვემდებარება სკრინინგის პროცედურას, რომლის დროსაც გარემოს ეროვნული სააგენტო გადაწყვეტს – დასჭირდება თუ არა ტვირთის რაოდენობის გაზრდას გზშ-ს [გარემოზე ზემოქმედების შეფასება] მომზადება.

„ბათუმის ნავსადგურმა“ სკრინინგის განცხადებით სააგენტოს უკვე მიმართა. ტვირთის რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილებას ნავსადგური „ტერმინალის საპროექტო წარმადობის სრულად ათვისების და საბაზრო მოთხოვნებით“ ხსნის.

„დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა ან ტექნოლოგიური ციკლის ცვლილება საჭიროებას არ წარმოადგენს. გოგირდის მტვრის გავრცელების პრევენციის მიზნით გათვალისწინებულია მტვრის ჩამხშობი სისტემის გამოყენება. გრანულირებული გოგირდის დროებითი დასაწყობებისათვის გამოყენებულია არსებული სამი საწყობიდან ერთი.

ტერმინალში ნაყარი ტვირთების გადატვირთვის ოპერაციები ხორციელდება სრული დახურული ციკლით, ატმოსფეროში მტვრის შესაძლო გავრცელების ყველა კვანძი აღჭურვილია ასპირაციული სისტემებით და მტვერდამჭერი ფილტრებით, რაც მინიმუმამდე ამცირებს ატმოსფეროში მტვრის გავრცელებს რისკებს“, – აღნიშნულია სკრინინგის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „გამა კონსალტინგის“ სპეციალისტების მიერ 2023 წლის 18 აპრილს ჩატარდა არაორგანული მტვრის და ხმაურის ინსტრუმენტალური გაზომვითი სამუშაოები.

„გაზომვების შედეგების მიხედვით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ნაყარი ტვირთების გადასატვირთი საზღვაო ტერმინალის მიმდებარე უახლოესი საცხოვრებელი ზონის და 500-მეტრიანი ნორმირებული ზონის საზღვრებზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის კონცენტრაცია არ აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს. აღნიშნულ საკონტროლო წერტილებში მტვრის შემადგენლობაში გოგირდის კვალი არ ყოფილა დაფიქსირებული.“

თუმცა, ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ნაყარი ტვირთების გადასატვირთი საზღვაო ტერმინალის მიმდებარე უახლოესი საცხოვრებელი ზონის საზღვარზე ორ წერტილში დაფიქსირდა შეწონილი ნაწილაკების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების გადაჭარბება:

  • ბათუმში შემოსასვლელ ძირითად ქუჩაზე [გოგებაშვილი] და მაქაცარიას ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარედ.

„აღნიშნული განპირობებულია საკურორტო სეზონში მომატებული ტურისტებისა და შესაბამისად ავტომობილების დიდი რაოდენობით“, – წერია დოკუმენტში.

განახლება: 2023 წლის 23 აგვისტოს ბათუმის ნავსადგურმა სააგენტოს მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიერ წარდგენილ სკრინინგის ანგარიშში „გაპარულია ტექნიკური უზუსტობები“, რის გამოც ახალი ანგარიში წარუდგინეს სააგენტოს.

ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ტერმინალის საშუალებით გადასატვირთი გრანულირებული კარბამიდის რაოდენობა არის 1.6 მლნ ტონა, ხოლო გრანულირებული გოგირდის რაოდენობა 400 ათასი ტონა…

საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნავსადგურის ადმინისტრაციის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება გადასატვირთი გრანულირებული გოგირდის რაოდენობის 400 ათასი ტონით გაზრდის თაობაზე, რის შედეგადაც გადატვირთული გრანულირებული გოგირდის რაოდენობა იქნება 800 ათასი ტონა წელიწადში, ხოლო გრანულირებული კარბამიდის რაოდენობა 1.2 მლნ ტონა წელიწადში.

სულ ტერმინალის საშუალებით წლის განმავლობაში გადატვირთული იქნება 2 მლნ ტონა პროდუქცია.“

ბათუმის პორტმა ახალი ტერმინალიდან 400 ათასი ტონა გრანულირებული გოგირდის გადატვირთვის დასაწყებად სკრინინგის განცხადებით გარემოს სააგენტოს 2022 წელშიც მიმართა.

მაშინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა, რომ 400 ათასი ტონა გრანულირებული გოგირდის გადატვირთვას გზშ-ს დოკუმენტის მომზადება არ სჭირდებოდა.

ამჯერად სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს, საჭირო იქნება თუ არა გზშ-ს მომზადება 800 ათასი ტონა გრანულირებული გოგირდის გადატანაზე. გადაწყვეტილების მიღებამდე კი, სააგენტო „საზოგადოების მხრიდან შენიშვნებს“ 2023 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით მიიღებს.

ბათუმის პორტში გრანულირებული კარბამიდის გადასატანად ახალი ტერმინალიც თავის დროზე გზშ-ს გარეშე აშენდა.

ამავე თემაზე:

ბათუმის ნავთობტერმინალი თხევადი გაზის მიღება-გადატვირთვის მოცულობის გაზრდას გეგმავს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: