მთავარი,სიახლეები

როგორ ეხმარებიან უკრაინულ არასამთავრობოებს საქართველოში – ვიდეო

27.07.2023 • 1300
როგორ ეხმარებიან უკრაინულ არასამთავრობოებს საქართველოში – ვიდეო

500-ზე მეტი დღეა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. 500 დღეზე მეტია ბათუმში, ევროპის მოედანზე, იკრიბებიან უკრაინელები და აპროტესტებენ რუსული არმიის შეჭრას უკრაინაში და სრულმასშტაბიან ომს.

პირველი აქცია ბათუმში 2022 წლის 24 თებერვალს გაიმართა. იმ დღეს, როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ომი დაიწყო. აქციაზე გამოვიდნენ საქართველოს მოქალაქეები, ბათუმში მცხოვრები უკრაინელები და ბელორუსები.

500 დღეზე მეტია უკრაინელებს პროტესტი არ შეუწყვეტიათ. ნებისმიერ ამინდში, წვიმასა თუ ქარში, საღამოს 7 საათზე ევროპის მოედანზე იკრიბებიან.

ბათუმში მცხოვრებმა ბევრმა უკრაინელმა ერთმანეთი სწორედ ამ აქციებზე გაიცნო. მოგვიანებით, ორგანიზაცია დაარსეს და Майдан Батумі დაარქვეს.

ორგანიზაცია ახლა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, მაგრამ მთავარი, რასაც ისინი აკეთებენ, არის უწყვეტი პროტესტი ქალაქის მთავარ მოედანზე, რუსეთისა და უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ.

„500 დღეზე მეტია უკვე, რაც უკრაინაში ომია და ყოველ დღე ჩვენ ვიკრიბებით ბათუმში, ერას მოედანზე, ნებისმიერ ამინდში – ქარში, წვიმაში, თოვლში. ვიკრიბებით, რათა შევახსენოთ ტურისტებს, უკრაინელებსაც, ქართველებს, რომ ჩვენთან მიმდინარეობს ომი და ჩვენ არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ ეს,“ – ამბობს ოქსანა ბელინა, Майдан Батумі-ს თანაორგანიზატორი.

„ჩვენი პროტესტი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ყველა იმ უკრაინელისთვის, რომლებიც ბათუმში ჩამოდიან.

ახლა ბათუმში ის ადამიანები ჩამოდიან უკრაინიდან, ვინც აქამდე ვერ შეძლეს ქვეყნიდან გამოსვლა. მნიშვნელოვანია, ისინი მიხვდნენ, რომ აქ არიან უკრაინელები, რომლებიც ომის წინააღმდეგნი არიან. შეუძლიათ უბრალოდ მოვიდნენ, ჩაგვეხუტონ, დაგველაპარაკონ და იგრძნონ, რომ ისინი აქ, მათთვის უცხო ქვეყანაში, მარტო არ არიან,“ – ამბობს ოლგა პალეტიჩი, ლტოლვილი ხერსონიდან.

Майдан Батумі ფულს აგროვებს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის მანქანებისა და დრონების საყიდლად. ამის გარდა, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საქართველოში მყოფი ომს გამოქცეული უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

„ჩვენ გვაქვს ახალი პროექტი „გადარჩენა ომის პირობებში“. ეს უფასო ტრენინგებია ყველა უკრაინელი ლტოლვილისთვის. მათ ასწავლიან, თუ როგორ გაუწიონ პირველადი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარება ადამიანებს.

ამ პროექტს – „გადარჩენა ომის პირობებში“ ფონდ „ქეა კავკასიასთან“ ერთად ვახორციელებდით. მათ მოგვაწოდეს ტრენინგებისთვის საჭირო აღჭურვილობა. ეს იყო მანეკენი პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის, დიდი პრინტერი, ეკრანი და პროექტორი. „ქეასთან“ ერთად ეს პროექტი დავასრულეთ, მაგრამ ახლა ჩვენ თვითონ ვაგრძელებთ ტრენინგებს, რადგან შესაბამისი აღჭურვილობა გვაქვს,“ – ამბობს ოქსანა ბელინა.

„ქეა კავკასიას“ უკრაინის კრიზისზე რეაგირების პროგრამის დირექტორის, სოფიო ქამუშაძის თქმით, მათმა ორგანიზაციამ საქართველოში ომის დაწყების შემდეგ 11 უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციას გაუწია დახმარება და სხვადასხვა პროექტი დაუფინანსა.

„დაფინანსებული პროექტები ეხებოდა სხვადასხვა ტიპის აქტივობას – მათ შორის ბავშვების, ახალგაზრდებისა და მოხუცების რეაბილიტაციას. თვითრეაბილიტაციას, ფსიქორეაბილიტაციურ დახმარებებს. იყო ქართული ენის სასწავლო კლასები.

ამან საშუალება მოგვცა, უკრაინელმა ლტოლვილებმა საქართველოში უფრო ადვილი რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ფონზე გაიარონ ეს მძიმე პერიოდი.

დღეს „ქეა კავკასია“ დაახლოებით 7 ათასამდე ლტოლვილს ფარავს საქართველოში სხვადასხვა პროგრამის სხვადასხვა აქტივობით, მათ შორის ეკონომიკური მხარდაჭერის ფორმით, ფინანსური მხარდაჭერით და სხვა აქტივობებით.

„ქეა კავკასია“ ამ პროგრამის ფარგლებში ძირითადად ფოკუსირებულია ქალებისა და ბავშვების საჭიროებებზე. საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების 80% ქალები და ბავშვები არიან. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მათგანის საჭიროება, განსაკუთრებული საჭიროებები და შესაძლებლობები იქნას ხაზგასმული და მაქსიმალურად მოვიცვათ ყველა, არამარტო დიდ ქალაქებში, სადაც ამჯერად უკრაინელები არიან განთავსებული, ასევე რეგიონებში, პატარა ქალაქებსა და დაბებში. „ქეა კავკასია“ ცდილობს, მიაწვდინოს ყველა ის სერვისი, რაც მათთვის დღეს არსებობს საქართველოში, “ – ამბობს სოფიო ქამუშაძე.

დამცავი ბადეს ქსოვა

ოლგა, ოქსანა და სხვა აქტივისტები ყოველ დღე ქსოვენ დამცავ ბადეებს და უკრაინაში, ომის წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს უგზავნიან. Майдан Батумі-ს წევრებსა და მოხალისეებს უკვე 7 ათასი კვადრატული მეტრი სიგრძის ბადე აქვთ მოქსოვილი.

პარტია „ლელომ“ თავის ოფისში გამოგვიყო ფართობი და ჩვენ დავიწყეთ დამცავი ბადეების ქსოვა ჩვენი ქვეყნის დამცველებისთვის. ყოველდღე ვქსოვთ ბადეებს,“ – ამბობს ოქსანა ბელინა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: