მთავარი,სიახლეები

რა ხდება მთის კურორტებზე – „დამსვენებლების რაოდენობა შემცირდა“

26.07.2023 • 21599
რა ხდება მთის კურორტებზე – „დამსვენებლების რაოდენობა შემცირდა“

რა ფასებია წელს ბათუმთან ახლოს მდებარე მთის კურორტებზე? – „ბათუმელები“ ბეშუმში, ბახმაროსა და გომის მთაზე ესაუბრა კოტეჯების მეპატრონეებს.

ბათუმის მსგავსად ტურისტების ნაკლებობაზე მთის კურორტებზეც ჩივიან. აქ ამბობენ, რომ ბოლო იმედი აგვისტოა.

  • ბახმარო 

ნინა ჩხაიძე კოტეჯს ბახმაროში აქირავებს. კოტეჯი 12 ადამიანზეა გათვლილი და 350-400 ლარი ღირს დღეში.

ნინა ამბობს, რომ ივნის-ივლისში აქა-იქ იყო დამსვენებელი, ახლა ხალხის რაოდენობამ შედარებით მოიმატა.

„შარშანდელთან შედარებით შემცირებულია დამსვენებელი, თუმცა მაინც არიან. ახლაც გაქირავებული მაქვს კოტეჯი.

უცხოელებიც ამოდიან ხოლმე: რუსები, არაბები იყვნენ, ფრანგებიც მყავდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებული ნაკადია. აგვისტოში ველოდებით უფრო მეტს. რამდენიმე ჯავშანიც მაქვს უკვე ამ ეტაპზე ქართველებისგან“ – გვეუბნება ნინა ჩხაიძე.

ჯემალ ირემაძესაც ბახმაროში აქვს კოტეჯი, თუმცა წელს დამსვენებელი ჯერ არ ჰყოლია.

„ძალიან რთული მდგომარეობაა ჩვენთან. ივლისი ჩაგვივარდა, საერთოდ არ არის ხალხი. შარშან ინტერნეტში არც კი მჭირდებოდა განცხადების გაკეთება, ისედაც მოდიოდა ხალხი, წელს 30 ლარად ვთავაზობ 4-ადგილიან კოტეჯს და მაინც არ არის მსურველი“ – გვეუბნება ის.

ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“

პირველ დამსვენებელს ჯემალ ირემაძე აგვისტოში ელოდება. ამბობს, რომ 22 აგვისტომდე დაჯავშნეს და იმედოვნებს, რომ ამ მხრივ არაფერი შეიცვლება.

„აგვისტოში 50 ლარი ეღირება ერთი ღამე, ქართველებს აქვთ დაჯავშნული, უცხოელები ძალიან იშვიათად მყავს ხოლმე. წუხელ მყავდა ორი არაბი სტუმარი, ზოგადად ბახმაროში უცხოელებიდან უფრო რუსები არიან, სხვები ნაკლებად,“ – ამბობს ჯემალ ირემაძე.

მისი აზრით, დამსვენებლების შემცირება სიღარიბის ზრდამ გამოიწვია. „სხვა მიზეზი არ ვიცი. შეიძლება მიგრაციაც იყოს მიზეზი, უცხოეთში მიდიან ადამიანები და შესაბამისად, აღარ აქ მოდიან დასასვენებლად.

მეც დამსვენებელზე ვარ დამოკიდებული, ივლისის თვე რომ ჩამივარდა, თავისთავად, ეკონომიკური მდგომარეობა გამირთულდა და სხვასთან რა ხდება, არ ვიცი. არც ის ვიცი, მთავრობა რაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ეკონომიკა გვეზრდება, როცა მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას მე ვერ ვხედავ,“ – ამბობს ჯემალ ირემაძე.

ლელა მონასელიძე კოტეჯ „ძველი ბახმაროს“ მეპატრონეა. ტურისტების შემცირებაზე ისიც გვესაუბრება.

„წლევანდელი სეზონი ნაკლებად მრავალრიცხოვანია, შარშან მეტი ხალხი იყო დასასვენებლად ამოსული. ვფიქრობ, 30-40 პროცენტით იქნება კლება.

აქ ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ისვენებენ ხოლმე, უცხოელები 2-3 დღით თუ ამოვლენ, ამაზე დიდხანს უცხოელი ტურისტი აქ არ ჩერდება. უცხოელებს ზამთარში უფრო ნახავთ აქ, სასრიალოდ ამოდიან. ზამთარში რუსებიც მყავდა და ევროპელებიც, პოლონელი, გერმანელი ტურისტები იყვნენ ამოსული, თუმცა ბევრი მაინც არ არის, 10 კაცი იქნება ალბათ სულ,“ – ამბობს ლელა.

მისი აზრით, ბახმაროს რეკლამირება აკლია და მისახედია ინფრასტრუქტურაც, რადგან ბევრია ძველი და დანგრეული სახლი, არის წყლის პრობლემაც.

რაც შეეხება ფასებს, ლელა მონასელიძის თქმით, მის კოტეჯში ღამის გათევა კვების გარეშე 30-35 ლარადაც შესაძლებელია, კვების შემთხვევაში კი ფასი მატულობს.

„მაინც ეძვირებათ ადამიანებს, მაგრამ ამაზე ნაკლებად უკვე ჩვენც აღარ გვიღირს გაქირავება. როცა ბუნებრივი გაზი არ არის, შეშაზე ვართ და წყალიც ჩვენით გვყავს მოყვანილი, ჩვენც ძალიან რთულ პირობებში ვმუშაობთ, ხარჯიც დიდი გვაქვს და შეუძლებელია, ძალიან დაბალ ფასად რომ გააქირაო,“ – ამბობს ლელა.

კურორტი ბეშუმი ფოტო: „ბათუმელები“

  • ბეშუმი

ბეშუმში ყველაზე დიდ პრობლემად უგზოობას ასახელებენ. აქ მიიჩნევენ, რომ დამსვენებლების შემცირების მიზეზი სწორედ მოუწესრიგებელი და სახიფათო გზაა.

ჯუმბერ ბოლქვაძე სწორედ ცუდ ინფრასტრუქტურას უკავშირებს ტურისტების შემცირებას. „წელს ისედაც ნაკლებია ხალხი, არც ფასებია ძალიან მაღალი, მაგრამ ინფრასტრუქტურა არ გვაქვს და ადამიანებს აღარ უნდათ ბეშუმში დასვენება“ – გვეუბნება ის.

გუგული ლომინაძეც ბეშუმში აქირავებს კოტეჯს, თუმცა ამ დრომდე დამსვენებელი არ მიუღია.

„უცხოელები ისედაც არ მყოლია არასდროს, ჩვენს მოქალაქეებზე ვაქირავებ ხოლმე კოტეჯს. შარშან 100 ლარში მეხვეწებოდნენ და წელს ამ დრომდე გაუქირავებელი მაქვს.

ამ ფულით დავფარე შარშან ჩემი შვილის სწავლის საფასური უნივერსიტეტში, ეს არის ჩემი ოჯახისთვის დამატებითი წყარო, მაგრამ სამწუხაროდ, ხალხში გადამხდელუნარიანობა შემცირდა.

მირეკავენ, მაგრამ მეუბნებიან, რომ არ აქვთ საშუალება. ვისაც საშუალება ჰქონდა, საკუთარი კოტეჯი შეიძინა ან აიშენა და ვისაც ფული არ აქვს, მათთვის დარჩა ძნელი“- გვეუბნება გუგული ლომინაძე.

მისი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა ბეშუმთან მისასვლელი გზაა, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია და ადამიანებს არ უღირთ ამ გზის გამოვლა.

„დანისპარაულიდან გოდერძიმდე არის კატასტროფა, წლების განმავლობაში გვპირდებიან და არ დააყენეს საშველი.

მე თვითონაც კი ვერ ავდივარ ასეთ გზაზე, რომ შაბათ-კვირას დავისვენო და არ ამოვიხუთო ქალაქში ასეთ სიცხეში.

40 კილომეტრის გავლას ორსაათ-ნახევარი სჭირდება. ერთხელ წვიმაში მომიწია ამოსვლა და „ჯიპი“ გემივით დაცურავდა ტალახში. ხან ერთ მხარეს წაგვიღო და კინაღამ გადავიჩეხეთ, ხან მეორე მხარეს, კატასტროფაა, აბა რა“ – ამბობს გუგული ლომინაძე.

მისი თქმით, ასეთ დაზიანებულ გზაზე ტაქსიც კი არ მიდის და შესაბამისად, არც დამსვენებელს უღირს რისკის გაწევა.

„გამოაცხადებენ ტენდერს, შეიჭმება ის ფული, არაფერი არ კეთდება. მერე ისევ გამოაცხადებენ და ასე გრძელდება, რაც თავი მახსოვს.

რა უსაშველოა 40 კილომეტრი გზის დაგება, 15 წელი რა ვერ გააკეთეს. ყველა არჩევნებზე ითხოვენ ხმას, ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთ, იძახიან და ერთი გზა ვერ გააკეთეს, ხალხისთვის არავინ არაფერს აკეთებს.

ხალხს კურორტზე რომ მოაქვს პროდუქტი და დამსვენებელი არ არის, ეს პროდუქტიც ხომ უფუჭდება ხალხს და ყველასთვის მძიმეა ეს,“- გვეუბნება გუგული.

კურორტი გომისმთა. ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელები

  • გომისმთა

ჩაკეტილი გზა და მხოლოდ შაბათ-კვირის მიმოსვლა აფერხებს გომისმთაზე ტურისტებს.

ლიკა წულუკიძეს კოტეჯი აქვს გომისმთაზე და ის სწორედ ამ პრობლემაზე გვესაუბრა.

„წელს ისედაც შემცირებულია დამსვენებელი, მაგრამ ზოგადად, პრობლემას ქმნის ის, რომ ჩაკეტილია გზა და მხოლოდ შაბათ-კვირას შეუძლია ადამიანს ამოსვლა მთაზე.

მე ორი კოტეჯი მაქვს და 25-30 ლარი ღირს ერთი ღამე კვების გარეშე. ფასები ძალიან არ გაზრდილა, გასულ წელსაც იგივე იყო, 5 ლარი დაამატა წელს ზოგიერთმა და სულ ესაა“ – გვეუბნება ლიკა.

მისი თქმით, უცხოელი ტურისტი გომისმთაზე მიდის, თუმცა დიდი ხნით არ ჩერდება.

„მყავდა რუსები, ინდოელები. ჯავშნები ჯერჯერობით არ მაქვს“- გვეუბნება ის.

ბულბული კახაძეც გომისმთაზე აქირავებს კოტეჯს. ამბობს, რომ წინა წლებში ძალიან ბევრი ადამიანისთვის უმასპინძლია, თუმცა წელს ჯერ ვიზიტორი არ მიუღია.

„წინა თვეში ვიყავი ასული და არავინ ჭაჭანებდა, ჯვარი მინდვრისკენ იყვნენ მხოლოდ რუსები. აწი თუ მოვა ვინმე აგვისტოში, არ ვიცი. დღეში 25 ლარად ვაქირავებ, კვებით თუ უნდა, მაშინ 40 ლარი ღირს. 3 საძინებელია და ნორმალური პირობები მაქვს.

ტურისტის ნაკლებობის მიზეზი ალბათ ცუდი გზებია, წყლის პრობლემაც გვაქვს დაბაში, თუმცა მე გამოყვანილი მაქვს წყალი“- გვითხრა მან.

გომისმთაზე კიდევ ერთ ადამიანს, პლატონ თავბერიძესაც ვესაუბრეთ. მისი აზრითაც ტურისტების რაოდენობა ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული.

„ძალიან რთულია დასვენების დაგეგმვა, რადგან შაბათ-კვირას არის მხოლოდ მიმოსვლა და უჭირთ ადამიანებს გადაწყვეტილების მიღება. დამსვენებლისთვისაც რთულია და გამქირავებლისთვისაც.

უცხოელები 1-2 დღით ადი-ჩამოდიან და ქართველები თუ ქირაობენ, უფრო დიდი ხნით ჩერდებიან.

წელს საერთოდ არ გამიქირავებია, თუმცა 13 აგვისტოს ჩათვლით მაქვს ჯავშნები და ვნახოთ. მთლიან კოტეჯს 100 ლარად ვაქირავებ დღეში, იმედია, აგვისტოში არაფერი შეიცვლება,“ – გვითხრა პლატონმა.

ამავე თემაზე: 

ტურისტები 50%-ით შეგვიმცირდა, არც რუსები ქირაობენ ბინას – ბინის მეპატრონეები ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: