ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის რესპუბლიკურს 4 სართულს მიაშენებენ – პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდება

25.07.2023 • 2202
ბათუმის რესპუბლიკურს 4 სართულს მიაშენებენ – პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობას დაახლოებით 4 300 კვ.მ ფართობს მიაშენებენ. მიშენება გრიბოედოვისა და პუშკინის კვეთაში, გადაუდებელი მიმღების [ემერჯენსის] მხრიდანაა დაგეგმილი. მისაშენებელი ფართობი კი 4 სართულზე გადანაწილდება.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა ემერჯენსის მხრიდან, სადაც 4 სართულის მიშენებაა დაგეგმილი

აღნიშნული მიშენების, ასევე, ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრის [სასწრაფოს] მშენებლობის დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე სახელმწიფო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ კონკურსს გამოაცხადებს.

კონკურსის გამოცხადებამდე პროექტების მართვის კომპანია მომსახურების სავარაუდო ღირებულების დასადგენად ბაზარს იკვლევს. დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი შეთავაზება კომპანიას, წერილობით, 2023 წლის პირველ აგვისტომდე უნდა მიაწოდონ.

ბაზრის კვლევის განაცხადის მიხედვით:

  • ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს არსებულ შენობაზე მიშენების საორიენტაციო საპროექტო ფართობი შეადგენს 4 300 კვადრატულ მეტრს, რომელიც გადანაწილებული უნდა იქნეს ოთხ სართულზე.
  • ბათუმის N1 პოლიკლინიკის საორიენტაციო საპროექტო ფართობი შეადგენს 3 600 კვადრატულ მეტრს, რომელიც გადანაწილებული უნდა იქნეს ასევე ოთხ სართულზე.
  • ბათუმის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრის საორიენტაციო ფართობი კი, შეადგენს 3 600 კვადრატულ მეტრს და ესეც ოთხ სართულზე უნდა გადანაწილდეს.

ყვითელი ფერით აღნიშნულია – მიშენება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაზე; მწვანე ფერით – N1 პოლიკლინიკის ადგილი; წითელი ფერით – სასწრაფოს შენობის ადგილი / ფოტო ბაზრის კვლევის დოკუმენტებიდან

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს რეკონსტრუქცია

რესპუბლიკურზე მიშენებულ ნაწილში დაგეგმილია შემდეგი ფუნქციური ბლოკების განთავსება:

  • დიალიზის სერვისი;
  • ბავშვთა თერაპია; ბავშვთა ინტენსიური თერაპია [„რესპუბლიკურში“ ბავშვთა განყოფილება თითქმის ორი თვეა გახსნილია 50-მდე საწოლით] ;
  • ქირურგიული საოპერაციო ბლოკი;
  • საავადმყოფოს კვების ობიექტი; არქივის საცავი; სასტერილიზაციო ბლოკი; აფთიაქის ბლოკი.

[„ყველა ტექნიკური ხასიათის საკითხი, რაც სხვადასხვა სტანდარტის დაცვის, ასევე დამკვეთის მიერ ტექნიკური დავალების შესაძლო დაზუსტების შემთხვევაში წამოიჭრება, უნდა დაზუსტდეს შემდგომ ეტაპზე უშუალოდ პროექტირების დროს.“]

აჭარის მთავრობას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამართავად საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგზე უსასყიდლოდ აქვს გადაცემული.

ბათუმის N1 პოლიკლინიკა

ბათუმის N1 პოლიკლინიკის დაგეგმილი საპროექტო შენობა-ნაგებობა არქიტექტურული და კონსტრუქციული თვალსაზრისით იქნება დამოუკიდებელი სახის, სადაც განთავსებული იქნება შემდეგი სახის ფუნქციური ბლოკები:

I სართული: მიმღები და რეგისტრატურა; ექიმებისა და ექთნების საორდინატორო; პაციენტების მოსამზადებელი; ტექნიკური საწყობები.

II სართული: ლაბორატორიული განყოფილება; ფუნქციური დიაგნოსტიკური განყოფილება; თერაპიული განყოფილება.

III სართული: ქირურგიული განყოფილება; პედიატრიული განყოფილება; ვაქცინაცია;

IV სართული: ადმინისტრაცია; სააქტო დარბაზი; ბუფეტი; არქივი.

ბათუმის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ოპერაციების მართვის ცენტრის შენობა

ბათუმის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ოპერაციების მართვის ცენტრის დაგეგმილი საპროექტო შენობა-ნაგებობა
არქიტექტურული და კონსტრუქციული თვალსაზრისით იქნება დამოუკიდებელი სახის, ოთხი სავარაუდო სართულით, სადაც განთავსებული იქნება შემდეგი სახის ფუნქციური ბლოკები:

  • ცხრა ერთეული სასწრაფო ბრიგადა; ორი ერთეული რეფერალური ბრიგადა; სამი ერთეული სეზონური ბრიგადა; სამი ერთეული მოტობრიგადა;
  • პერსონალის სამორიგეო, სასადილო და მოსასვენებელი სივრცეები;
  • სახარჯი მასალებისა და წამლების საწყობი – აფთიაქი; სასტერილიზაციო;
  • სადისპეტჩერო; ადმინისტრაცია;
  • სასწავლო ცენტრი; სასტუმრო;
  • ტექნიკური ოთახები; საწყობების ბლოკი.

ბათუმში, N1 პოლიკლინიკისა და სასწრაფოს ახალი შენობები არსებული გეგმის მიხედვით ყოფილი რესპუბლიკურის ტერიტორიაზე, ჯავახიშვილის ქუჩის გასწვრივ აშენდება.

ბათუმის „რესპუბლიკურის“ ტერიტორია, სადაც N1 პოლიკლინიკის და სასწრაფოს ახალი შენობები უნდა ააშენონ [მარჯვნივ – ჯავახიშვილის ქუჩა]

ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე N1 პოლიკლინიკისა და სასწრაფო დახმარების ახალი შენობების აშენებაზე აჭარის მთავრობამ 2022 წლის თებერვალში მას შემდეგ განაცხადა, რაც ბათუმის მერიის სამმართველომ ერთი დღით ადრე 6,6-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა. ეს ტენდერი მერიას მხოლოდ „სასწრაფოს“ მშენებლობაზე ჰქონდა გამოცხადებული.

ცალკე „სასწრაფოს“ შენობის პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში კი, ბათუმის მერიას ქალაქის ბიუჯეტიდან 146 299 ლარი აქვს გადახდილი.

ამავე თემაზე ვრცლად:

ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: