მთავარი,სიახლეები

იწყება შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზფესტივალი

25.07.2023 • 915
იწყება შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზფესტივალი

28 ივლისს დაიწყება რიგით მე-16 შავი ზღვის ჯაზფესტივალი. წელს ფესტივალს სამი დღის მანძილზე უმასპინძლებს სივრცე -„Stage 17″, რომელსაც დაიკავებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლეგენდარული მარკუს მილერი, ბრუკლინ ფანკ ესენშელი, სოულ თრეინი და ბედფორდ ფოლსი.

ტრადიციული ჯაზმატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 28 ივლისს დაიძრება. მგზავრების მუსიკალურ განწყობაზე მატარებელში სალიო იზრუნებს. მუსიკის გარდა მგზავრებს დახვდებათ სხვა სიურპრიზებიც. ჯაზმატარებელზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო 24 ივლისიდან.

სოულ თრეინი (Soul Train)

28 ივლისს, ფესტივალის პირველ დღეს, მსმენელის წინაშე წარდგება პროექტი „სოულ თრეინი”. სოულ თრეინი იყო ლეგენდარული ამერიკული მუსიკალური გადაცემა, რომელშიც სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდნენ ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან – სტივი ვანდერი, Earth, Wind & Fire და მარვინ გეი.

გადაცემით შთაგონებული პროექტი „სოულ თრეინი” იმპროვიზაციით გაჯერებული ნომრებით წარდგება მსმენელის წინაშე; ბენდის რეპერტუარი მოიცავს სოულის, მოტაუნისა (Motown) და არ ენ ბის (RNB) ისეთი ლეგენდარული შემსრულებლების მუსიკის ინტერპრეტაციებს, როგორებიც არიან არეტა ფრანკლინი, ჯეიმს ბრაუნი, სტივი ვანდერი, ოტის რედინგი და კიდევ მრავალი.

მარკუს მილერი 

29 ივლისს ლეგენდარული ბასისტი მარკუს მილერი, 15-წლიანი წყვეტის შემდეგ, ახალი ბენდით კვლავ ეწვევა შავი ზღვის ფესტივალს.

მარკუს მილერს მიღებული აქვს აქტიური მონაწილეობა მაილს დევისის სამი ალბომის (“Tutu”, “Music from Siesta”, Amandia”)  შექმნაში. მაილს დევისთან აქტიური თანამშრომლობის მიღმა მას უმუშავია ჰერბი ჰენკოკთან, დევიდ სანბორნთან, ერიკ კლაპტონთან და სტენლი კლარკთან ერთად.

მუსიკოსი 16-ჯერ იყო წარდგენილი „გრემიზე” და მოპოვებული აქვს ორი ჯილდო.

ბრუკლინ ფანკ ესენშელს (Brooklyn Funk Essentials)

30 ივლისს ფესტივალს დახურავს „ბრუკლინ ფანკ ესენშელს”. ბენდმა ფანკის, სოულის, ჰიპ-ჰოპის, ჯაზის და ჰაუსის შერწყმით და თავისი თვითმყოფადი ხელწერით სამ ათწლეულზე მეტია დაამახსოვრა თავი მსმენელს. შვიდი სტუდიური ალბომის ჩაწერის შემდეგ მათ მოიპოვეს პოპულარობა ყველა კონტინენტზე; სხვადასხვა დროს დაკრული აქვთ ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან: ერიკ ბრაუნი, ერიკა ბადუ და სხვები. მათი ჩანაწერები გამოყენებულია  სერიალებში: სოპრანოს კლანი (The Sopranos) და შავი სია (The Blacklist).

2016 წელს ბენდის სოლისტი გახდა ბრიტანული ჰაუს მუსიკის ლეგენდა – ალისონ ლიმერიკი, რომელიც დესმონდ ფოსტერთან ერთად ინაწილებს მთავარი სოლისტის პოზიციას.

ბედფორდ ფოლსი (Bedford Falls)

28 ივლისს,  ევროპული ტურნეს შემდეგ , შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ-ფესტივალს გახსნის ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი და პოპულარული ქართული როკ-ბენდი „ბედფორდ ფოლსი”.

ბედფორდ ფოლსი დაარსდა 2014 წელს და იმეორებს ფრანკ  კაპრას ფილმში “ეს მშვენიერი ცხოვრება” გამოგონილი ქალაქის სახელწოდებას.


ბილეთები გაიყიდება www.tkt.geზე.  თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი ქეშბექი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: