მთავარი,სიახლეები

სესხი ისე გადამივადეს, არ მკითხეს და 11 000 ლარს მთხოვენ – პენსიონერი „ლიბერთის“ წინააღმდეგ

25.07.2023 • 9152
სესხი ისე გადამივადეს, არ მკითხეს და 11 000 ლარს მთხოვენ – პენსიონერი „ლიბერთის“ წინააღმდეგ

„როგორც პენსიონერმა, 4650 ლარი ავიღე სესხი. უნდა დამეფარა ჯამში 7525 ლარი და ეს სესხი 2023 წლის  იანვარში სრულდებოდა, ვიხდიდი სესხს უპრობლემოდ, მაგრამ ჩემთან შეთანხმების გარეშე, ბანკს სესხის ვადა გაუხანგრძლივებია 2025 წლამდე. ამჯერად  11 285 ლარს მახდევინებენ. ჩემი პენსიიდან ისევ მეჭრება თანხა,“ – ამბობს შალვა ჩაჩავა. ის ბათუმში ცხოვრობს, აფხაზეთის ომის მონაწილეა და დევნილი.

79 წლის პენსიონერი „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. შალვა ჩაჩავა სასამართლოში ცალმხრივად შეცვლილი ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვს, ასევე – „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებულად აღიარებას.

ხელშეკრულების მიხედვით, შალვა ჩაჩავას საპენსიო სესხი 4650 ლარი 2019 წელს აუღია წლიურ 31%-ად. პენსიონერი ამბობს, რომ სესხის განრიგის შესაბამისად იფარებოდა სესხი მისი პენსიიდან და მას სესხის გადავადება ან გახანგრძლივება ბანკისთვის არ უთხოვია.

შალვა ჩაჩავა

„თქვენი თანხმობა არ იყო საჭირო, სმს მოგწერეთო, ეს მითხრეს ბანკში,“ – „ლიბერთი ბანკში“ შეხვედრას იხსენებს პენსიონერი, რომელსაც უთხრეს, რომ პრემიერის მიერ 2020 წელს, პანდემიის პერიოდთან დაკავშირებით დაანონსებულ საშეღავათო პროგრამაში ჩართეს – 3 თვე სესხის დასაფარი თანხა პენსიიდან აღარ ეჭრებოდა და სამაგიეროდ, სესხის გადახდის ვადა გაუხანგრძლივეს.

ბანკში ომის 79 წლის მონაწილეს 2020 წლის 20 მარტს ლათინური შრიფტით გაგზავნილი სმს შეტყობინება აჩვენეს:

„მომხმარებელზე ზრუნვის მიზნით თქვენს სესხებზე გააქტიურებულია 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი. თუ არ გსურთ შეღავათით სარგებლობა, გთხოვთ, 25 მარტამდე დააფიქსიროთ ეს გადაწყვეტილება ბმულზე,“ – ეწერა სმს შეტყობინებაში, სადაც მოცემულ ბმულზე 79 წლის კაცი უნდა გადასულიყო და დაეფიქსირებინა, სესხის გადავადებაზე თანახმა რომ არ იყო.

„მე ვერ ვკითხულობ სმს-ებს, თანაც ლათინური, წვრილი შრიფტით, მე არ მიმიცია თანხმობა გახანგრძლივებაზე, არც შეღავათი მითხოვია,“ – კატეგორიულია პენსიონერი და დასძენს, რომ მისი ტელეფონის ნომერზე ძველი სმს შეტყობინება რომ აუფრიალეს ბანკში, თავდაპირველად ხუმრობის განწყობაზე მოსულა:

„ბანკის თანამშრომლებს ვუთხარი, ჩემს ახალგაზრდობაში ასე იყო: გოგოს რომ წინადადებას შესთავაზებდნენ, თუ გაჩუმდებოდა, ითვლებოდა, რომ თანახმა იყო. ასეა საქმე-მეთქი? ვუთხარი, მე თქვენთან საარშიყოდ არ მოვსულვარ და საქმიანი ურთიერთობა მინდა-მეთქი, მაგრამ არ გამოვიდა არაფერი. პირდაპირ მითხრეს, თქვენი თანხმობა არ იყო საჭიროო. ეს ხომ უკანონობაა?!

თანაც, გეუბნებიან, რომ თურმე ეს პირიქით, შეღავათია, თურმე მთავრობა დაგვეხმარა. შეღავათიაო და ყულფი ჩამოგვაცვეს?“ – კითხულობს პენსიონერი.

შალვა ჩაჩავას „ლიბერთი ბანკის“ მეორე სესხიც აქვს – აფხაზეთის ომის მონაწილეს 2020 წლის 12 მარტს აუღია დამატებით 220 ლარი. რადგან საპენსიო სესხი უკვე გაცემული იყო, ამ სესხის უზრუნველყოფა 45 ლარი გახდა, რასაც 79 წლის კაცი იღებს, როგორც აფხაზეთიდან დევნილი.

ამ სესხის შემთხვევაში შალვა ჩაჩავას ბანკისთვის 220 ლარის ნაცვლად ჯამურად 275 ლარი უნდა დაებრუნებინა, თუმცა რადგანაც „შეღავათის“ გამო პენსიონერს ეს სესხიც გადაუვადეს, მან ახლა 441 ლარი უნდა გადაიხადოს.

„სიმსივნე მაქვს მე-6 წელია,“ – გვიყვება აფხაზეთის ომის მონაწილე, შალვა ჩაჩავა, – „მადლობელი ვარ სახელმწიფოს, რომ ოპერაციის ნაწილი დამიფინანსეს, მაგრამ კიდევ იმდენი რამაა საჭირო…

ამიტომაც, ავიღე სესხი, ვინმე არ შევაწუხო-მეთქი. არც შემიწუხებია, ვიხდიდი ორივე სესხს. ჩემი პენსია თვეში 560 ლარია, რადგანაც 34 წელი მეხანძრე – მაშველად ვმუშაობდი სოხუმში და ძალოვანი უწყების თანამშრომელი ვიყავი. დევნილის დახმარება 45 ლარია, როგორც ომის მონაწილეს, 100 ლარს გვაძლევენ,“ – ამბობს შალვა ჩაჩავა და იმ წერილებს გვაჩვენებს, რაც ჯერ „ლიბერთი ბანკისგან“ ოფიციალურად მიიღო, შემდეგ კი – ეროვნული ბანკისგან.

„ლიბერთი ბანკის“ მიერ შალვა ჩაჩავასთვის მიწერილი წერილიდან ირკვევა, რომ ბანკი სმს გზავნილზე ამახვილებს ყურადღებას – პენსიონერმა სესხის გახანგრძლივების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ამ წერილში ვნახეთ ლათინური შრიფტით მომზადებული ტექსტი, რაც პენსიონერებს მიუვიდათ 2020 წელს. ბანკი წერილში განმარტავს, რომ კლიენტმა პანდემიის გამო საშეღავათო პერიოდით 3 თვით ისარგებლა, თუმცა წერილიდან არაა ცხადი, რატომ ჩათვალა ბანკმა კლიენტებისთვის სმს მიწერა მათ თანხმობად?

„ლიბერთი ბანკს“ კლიენტისთვის სამჯერ მიუწერია სმს სხვადასხვა დროს შეღავათით სარგებლობაზე.

სარჩელში კი, რომლის მომზადებაშიც აფხაზეთის ომის მონაწილეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაეხმარა, ხაზგასმულია უზენაესი სასამართლოს 2022 წლის მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „დუმილი შესაძლოა თანხმობის ნიშნად ჩაითვალოს, თუ ამაზე მხარეები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული.“

„მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში კი მსგავსი სახის ჩანაწერი არ არსებობს,“ – ვკითხულობთ სარჩელში, რომელიც შალვა ჩაჩავას ჯერ სასამართლოში არ შეუტანია.

„სასამართლოში გადასახდელი იქნება ბაჟი, რაც არის დავის ღირებულების 3%, მაგრამ რომელი თანხიდან უნდა აითვალოს ეს? ან პენსიონერმა ეს თანხა როგორ უნდა გადაიხადოს?

გარდა ამისა, სასამართლოში დამჭირდება ადვოკატი, რომელიც არ მყავს. მსგავს სიტუაციაში ვინ იცის, კიდევ რამდენი პენსიონერია, ვისაც თითქოს შეღავათი გაუკეთეს და სესხი გაუხანგრძლივეს, სოფელში სად მიაკითხავდნენ ჟურნალისტს ან საიას,“ – წუხს შალვა ჩაჩავა.

ეროვნულ ბანკისთვის კი, შალვა ჩაჩავას 2023 წლის 30 იანვარს მიუწერია. ბანკიდან მოქალაქეს 5 თვის შემდეგ, 2023 წლის 23 ივნისს უპასუხეს, რომ დარღვევა ვერ დაინახეს.

„ბათუმელებს“ „ლიბერთი ბანკის“ პრესცენტრში უთხრეს, კონკრეტული პირის სესხთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან, რადგან ეს არის პერსონალური ინფორმაცია.

რატომ მიიჩნია ბანკმა, რომ საპენსიო სესხით  ნებისმიერი მოსარგებლე პანდემიის დროს თანახმა იყო 3-თვიანი შეღავათით ესარგებლა და შემდეგ სესხი გახანგრძლივებულიყო? – ამ კითხვაზე „ლიბერთი ბანკისგან“ პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

შალვა ჩაჩავა ამ თემით დაინტერესებას შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს სთხოვს. აფხაზეთის ომის მონაწილეს ხელისუფლებისთვის სხვა კუთხითაც აქვს სათქმელი:

„გუშინ ვისმენდი განცხადებას რუსული უნივერსიტეტის გახსნაზე, ამერიკულზე რატომ არ გაქვთ კითხვებიო. იმიტომ არ გვაქვს კითხვა, რომ ევროპა და აშშ არ გვართმევს ტერიტორიებს, არ გვასუსტებს, პირიქით, გვეხმარებიან.

რამდენჯერაც სიხისტე გამოვიჩინეთ, დავზარალდით, მართალია, მაგრამ უკრაინა ჩვენსავით თავისუფლების გამო ისჯება. თუ მეგობარი ვართ უკრაინის, ეს უნდა გამოჩნდეს, ხომ?! თუნდაც დავზარალდეთ ამით, მეგობრობა ვერ იქნება ცალმხრივი. როცა უჭირს მეგობარს, უნდა დაეხმარო რაღაცნაირად. მაინცადამაინც ომი კი არ უნდა გამოაცხადო, რომ იგონებენ, თითქოს მეორე ფრონტის გახსნას გვთხოვდეს ვინმე.

რა დამავიწყებს, სოხუმს რომ ვტოვებდით 27 სექტემბერს,  უკრაინის გემი მიგვიძღოდა, ჩვენ პატარა კატარღებზე ვიყავით, ის გვიცავდა და წინ მიდიოდა, ვიდრე სამშვიდობოს არ გამოგვიყვანა.

ჩვენ, მეხანძრეები, ომის დაწყებისთანავე ჩაგვრთეს ომში: როცა ძირითადი შემადგენლობიდან ვინმე გამოდიოდა დასასვენებლად, ჩვენ უნდა შევსულიყავით.

მე უკრაინაში, ხარკოვში დავამთავრე სახანძრო საქმე და სოხუმში გამანაწილეს, იქ დავოჯახდი, სახლიც იქ მაქვს… ჩემი სახლი გადარჩენილა, ვიცი, რომ იქ ერთი ოჯახი ცხოვრობს, თუ დაბრუნდებით, თქვენია ეს სახლიო, შემოგვითვალეს.

ბოლო წლები აღარც კი მქონდა აფხაზეთის დაბრუნების იმედი. ახლა გამიჩინა ეს იმედი უკრაინამ: უკრაინამ თუ გაიმარჯვა, გავიმარჯვებთ ჩვენც. რუსეთი უნდა დაუძლურდეს, რომ ჩვენ გვეშველოს. კიდევ რომ რუსეთზე ლაპარაკობს ზოგ-ზოგიერთი, გაიხსენონ, რომელი პირობა შეასრულა რუსეთმა მთელი ისტორიის განმავლობაში, რომელმა სამშვიდობოებმა დაამყარეს მშვიდობა? რანაირად შეიძლება რუსეთს ენდო?

ხელისუფლებასაც ეს მინდა ვუთხრა: რუსი იმიტომ კი არ გვძულს, რომ რუსია, არამედ იმ საქციელის გამო, რასაც ის აკეთებს,“ – დაასრულა შალვა ჩაჩავამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: