განათლება,მთავარი,სიახლეები

4 წლის იყო, როცა ლაშქრობაში პირველად წავიყვანე – ბავშვები მთაში

21.07.2023 • 1430
4 წლის იყო, როცა ლაშქრობაში პირველად წავიყვანე – ბავშვები მთაში

8 წლის ანდრია მჭედლიშვილმა ერთ დღეში მწვერვალი როშკახოხი დალაშქრა, რომელიც ზღვის დონიდან 3562 მეტრია. გაიარა 24 კმ-ი. ეს ანდრიას პირველი რთული ლაშქრობა იყო.

თუმცა, როგორც ანდრია დედას, თეონა ჯახუტაშვილი „ბათუმელებს“ უყვება, ანდრია სულ რაღაც 4 წლის იყო, როცა პირველად წაიყვანა ლაშქრობაში, ატენის ხეობაში, სადაც წეროს ხევი დალაშქრა.

მაშინ ანდრიამ დამოუკიდებლად 6 კილომეტრი გაიარა. მეორედ უკვე დავით გარეჯის უდაბნო მოიარა, სადაც პატარა ბიჭს, დაახლოებით 3-4 კილომეტრის გავლა მოუწია.

„უკვე ცხრა წლისაა და დიდი სურვილი აქვს, რომ წელსაც გამოგვყვეს ლაშქრობაში. ერთი თვეა რაც საქართველოში არ ვყოფილვართ, ახლახან დავბრუნდით და მხოლოდ ერთი ლაშქრობა გვქონდა წინა კვირას. ვნახოთ რა გამოგვივა წელს“, – გვეუბნება თეონა ჯახუტაშვილი.

თავად ლაშქრობით 2016 წლიდან დაინტერესდა, 2017 წლიდან კი შვილიც ჩართო ამ თავგადასავალში.

„მე თვითონ მეგობართან ერთად 2017 წელს დავაფუძნე მოლაშქრეთა კლუბი, რომელიც ეხმარება ადამიანებს ლაშქრობაში. ვისაც არ აქვს გამოცდილება და არ შეუძლია დამოუკიდებლად წავიდეს ლაშქრობაში, შეუძლია ჩვენ ჯგუფს შემოუერთდეს“, – გვეუბნება თეონა.

მისი თქმით, საქართველოში ლაშქრობებით ქალები უფრო არიან დაინტერესებული, ვიდრე კაცები. მსუბუქ ტურებზე კი მშობლებს ბავშვებიც დაჰყავთ და ასე აჩვევენ ფიზიკურ აქტივობას.

9 წლის ანდრია დედასთან ერთად ლაშქრობაში

„20-იდან ყველა მონაწილე ქალი რომ იყო, ასეთი ტურებიც გვქონია. კაცები უფრო ნაკლებად ინტერესდებიან ლაშქრობით.

ასეთ რთულ ლაშქრობაზე, რომელზეც ანდრია იყო, იშვიათად რომ ვინმემ წაიყვანოს ბავშვი. მწვერვალზე სხვის შვილს არ წავიყვანდი, რადგან არ არის ყველასთვის ასვლა რეკომენდებული, რადგან ანდრია ჩემი შვილია და ვიცი მისი შესაძლებლობები, ამიტომ წავიყვანე.

როცა სხვა გვიკავშირდება და გვეუბნება, რომ „წამოვიყვან ჩემ შვილს“, ვთანხმდებით მხოლოდ მსუბუქ ტურებზე. მაგალითად, ძამას ხეობაში, ჯუთაში რაიმე სახიფათო მონაკვეთები არ გვხვდება, ამიტომ ასეთ ტურებზე შესაძლებელია ბავშვების წაყვანა“, – გვეუბნება თეონა ჯახუტაშვილი.

მისი თქმით, ლაშქრობით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. განსაკუთრებული ინტერესი ლაშქრობის მიმართ გაჩნდა პანდემიის პერიოდში, როცა ადამიანები ვეღარ ახერხებდნენ საზღვარგარეთ გასვლას და ქვეყნის შიგნით ეძებდნენ ახალ შესაძლებლობებს.

თეონას თქმით, ლაშქრობები ავითარებს ადამიანის ფიზიკურ გამძლეობას, ამტანობას და „რაც მთავარია, შენ ქვეყანას უფრო ახლოს ეცნობი და პატრიოტიზმიც უფრო იღვიძებს შენში“, – გვეუბნება ის.

ნინი კილასონია მამასთან ერთად ლაშქრობაში

ლაშქრობითაა დაინტერესებული ყოფილი სპორტსმენი ლუკა კილასონიაც. წელს მისმა 13 წლის შვილმა ნინო კილასონიამაც რთული ტური გაიარა და ხევსურეთის ჭაუხები დალაშქრა.

„ცხრა წლის იყო, როცა პირველად წავიყვანე ჯუთაში, ეს მარტივი გზა იყო, ახლა უკვე 13 წლისაა და დიდ მარშრუტზე წავიყვანე, 16 კილომეტრი გაიარა ორ დღეში აღმართ-დაღმართზე.

დავლაშქრეთ ჭაუხები და გადავედით ხევსურეთში, აბუდელაურის ტბებზე. დაიღალა, მაგრამ ძალიან ნასიამოვნები იყო, ძალიან მოეწონა“, – გვეუბნება ლუკა კილასონია.

მისი თქმით, ლაშქრობით სტუდენტობის პერიოდში დაინტერესდა, როცა უნივერსიტეტიდან ერთ-ერთი ტურში წაიყვანეს მთაში.

„შემდეგ, როცა მორაგბე გავხდი, საკმაოდ დიდი ხანი აღარ მქონდა დრო, რომ ლაშქრობაში წავსულიყავი. ახლა დავასრულე სპორტული კარიერა და მაქვს შესაძლებლობა ოჯახის წევრებთან ერთად ისევ დავიწყე ლაშქრობაში სიარული.

ასეთი ლამაზი ქვეყანა, ბუნება გვაქვს და სადაც შეგვიძლია ფეხით სიარული, ის ადგილები მინდა, რომ მოვიაროთ. შეძლებისდაგვარად, ყოველ წელს ვცდილობთ მოვიაროთ სხვადასხვა ადგილი.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ლაშქრობა ფიზიკური აქტივობისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესია. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან კარგად გამომდის მთაში დასვენება. ნაკლები ხმაურია და ისედაც ხომ უნდა ვიცნობდეთ ჩვენ ქვეყანას. თან საშუალება გაქვს ახალი მეგობრები შეიძინო, ოჯახის წევრებთან ერთად იარო“, – გვეუბნება ლუკა.

ლაშქრობა მთაში
ფოტო: მოლაშქრეთა კლუბი „რონინი“

ლუკას აზრით, ლაშქრობაში ჯგუფთან ერთად წასვლა ბევრად უფრო ბიუჯეტური და უსაფრთხოცაა.

„თუ ლაშქრობაზე ნამყოფი არ ხარ და ნიშნულების პოვნაც მაინც და მაინც კარგად არ იცი, შეიძლება გზა აგებნეს. საქართველოს ბევრი საზღვარი აქვს, არის ოკუპირებული ტერიტორიებიც და შემთხვევით რომ არ გადახვიდე სახიფათო ადგილას, ამიტომ კარგად უნდა იცოდე მარშრუტი, ან გაჰყვე იმას, ვინც კარგად იცის.

ბუნებრივია, ლაშქრობები ბავშვებსაც ეხმარება არა მარტო ფიზიკურ აქტივობაში, არამედ ცოდნის გაღრმავებაშიც, გეოგრაფიის სწავლაში, რუკების წაკითხვასაც სწავლობენ და მათი ცნობიერებაც იზრდება გარემოსთან ურთიერთობაში“, – გვეუბნება ის.

მისი თქმით, ბავშვების შემთხვევაში, მთავარია ბავშვის ფიზიკური შესაძლებლობები და შესაბამის აღჭურვა.

„უნდა დაიწყო მარტივიდან და შემდეგ მოუმატო დონეს. წონას აქვს ასევე მნიშვნელობა. გჭირდება კარგი ფეხსაცმელი, კარგი ჩანთა და კარგი განწყობა“, – გვეუბნება ის.

ლუკას აზრით, კარგი იქნება თუ დასავლეთის ქვეყნების მსგავსად ჩვენთანაც დაინერგება ლაშქრობებზე გასვლის კულტურა სკოლებში და ბავშვები შეეჩვევიან ჯანსაღი ცხოვრების წესს, გაიუმჯობესებენ სოციალურ უნარებს და უკეთ გაიცნობენ საკუთარ ქვეყანას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: