მთავარი,სიახლეები

რას და როგორ ცვლიან შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აჭარაში

21.07.2023 • 1378
რას და როგორ ცვლიან შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აჭარაში

მაია შერვაშიძე 32 წლისაა. განათლება სახლში მიიღო. სკოლაში არ უვლია. მასწავლებელი ოჯახში აკითხავდა და ისე დაამთავრა სკოლა. მაია შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. „მე და ეტლი ბავშვობიდან ვმეგობრობთო“ – ამბობს.

სკოლის პერიოდზე საუბრისას, „ბნელი წლები იყოო“ – ამბობს და იმ დროს იხსენებს, პირველად სახლიდან დამოუკიდებლად რომ წავიდა ბანაკში.

„თომა კაკაბაძეს ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ჰქონდა ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“, რომელიც შშმ პირთა საკითხებზე მუშაობდა. ერთ დღეს მკითხა, თუ წავიდოდი ბანაკში, სადაც დამოუკიდებელ ცხოვრებას ასწავლიდნენ.

დავთანხმდი. წავედი ბანაკში ჩემ მეგობართან ერთად. ბანაკში წასვლისას ვნერვიულობდი, არ ვიცოდი, სად მივდიოდი, მაგრამ იქ სხვა გარემო დამხვდა. დღეს ვთვლი, რომ აქედან დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები. აქედან დავიბადე ასე ვთქვათ.

მე ეტლით მოსარგებლე ვარ ბავშვობიდან, მაგრამ იქ დავინახე სხვა ეტლით მოსარგებლეები. მანამდე მეგონა, რომ მარტო ვიყავი. მე მაწუხებდა და მე მტკიოდა მარტო ეს.

ისე მანამდეც არ მქონია კომპლექსები, არ მრცხვენოდა ხალხში გამოჩენის, სურვილი კი მქონდა, მაგრამ პირობები არ მქონდა. ბანაკში მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი. მივხვდი, უფლება არ მქონდა, ძლიერი არ ვყოფილიყავი. არ მეცხოვრა ძლიერ ადამიანად. ხალხისთვის უნდა დამენახებინა, რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ,“ – იხსენებს მაია შერვაშიძე.

მაია თვლის, რომ მის ცხოვრებაში იმ პროექტებმა, რომელში ჩართვაც არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით შეძლო, უდიდესი გარდატეხა მოახდინა.

„ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ 10 წელია აჭარაში მუშაობს. ორგანიზაცია წლების განმავლობაში მუშაობდა იმისათვის, რომ შშმ პირთა მიმართ საზოგადოების არაჯანსაღი დამოკიდებულება შეეცვალა.

ორგანიზაციის თავმჯდომარე თომა კაკაბაძე იხსენებს, რომ ეს დამოკიდებულება ხშირად ტერმინოლოგიაში გამოიხატებოდა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ იყენებდნენ.

სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ გადაამზადა საჯარო მოხელეები, ჟურნალისტები, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები. თომა თვლის, რომ „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ უდიდესი როლი შეასრულა სწორი ტერმინოლოგიის დამკვიდრებაში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

ორგანიზაცია წლებია იბრძვის საზოგადოებრივი სივრცეების ადაპტირებისთვის. ერთ-ერთი დიდი გამარჯვება იყო ბათუმში ადაპტირებული პლაჟის მოწყობა.

„ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ 2014 წლიდან ითხოვდა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისგან, რომ ბათუმის სანაპიროზე შშმ პირთათვის ადაპტირებული პლაჟი მოეწყოთ. ადაპტირებული პლაჟი ბათუმში 2019 წელს გამოჩნდა. ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციისა და საჯარო უწყების თანამშრომლობის კარგი მაგალითი, რომლის შედეგადაც შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საჭირო და მნიშვნელოვანი სერვისი.

თომა კაკაბაძე

თომა ამბობს, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა მათი საქმიანობა. ამასთან, ხაზს უსვამს, რამდენად ადვილია, როცა დონორები გიჭერენ მხარს და რამხელა ბიუროკრატიასთან გიწევს შეჯახება, როცა სახელმწიფო გაფინანსებს.

„ჩვენს ორგანიზაციას ჰქონია სახელმწიფოსგან მიღებული გრანტი ტენდერის სახით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. მაგრამ სახელმწიფოსგან გაცემული გრანტები იმდენად ჯერ მცირეა, მერე იმდენი ბიუროკრატიული მექანიზმია, ფაქტობრივად ყველაფერს ვერ აკეთებ, რისი გაკეთებაც გინდა. საერთაშორისო დონორებს კი აქვთ პირდაპირ, საჭიროებებზე მიმართული გრანტები შშმ პირთათვის“, – ამბობს თომა კაკაბაძე.

ორგანიზაციის ერთ-ერთ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს სოციალური კაფე, „თავისუფალი სივრცე“, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის შეუზღუდავი რესურსების წყაროდ იქცა.

„ჩვენი ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“, წლები იყო იმ პოზიციაზე, რომ სხვებს სთხოვდა შეექმნათ ადაპტირებული სივრცეები ან არსებულის ადაპტირება მოეხდინათ. სულ გვიწევდა ვიღაცებთან თხოვნა, ზოგთან ხმამაღლა მოთხოვნა, რომ გახადეთ თქვენი სივრცე ადაპტირებული. ერთ დღეს ჩვენმა გუნდმა დასვა კითხვა – სხვებს რატომ ვთხოვოთ იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ თეორიულად შეგვიძლია.

ეს იყო ამბიციური განაცხადი თავის დროზე, რადგან პატარა ორგანიზაცია ვიყავით, რომელიც ახალგაზრდებმა დავაფუძნეთ. თან ამ მიმართულებით არანაირი გამოცდილება არ გვქონდა – არ ვიცოდით ვისთვის გვეთხოვა და რა გვეთხოვა. შემდეგ ძალიან კარგმა ადამიანებმა მოგვცეს რჩევები და გვასწავლეს, რა უნდა გვექნა.

შედეგად, შევქმენით ბათუმში ერთი პატარა, თბილი, ფერადი და კამერული შეხვედრებისთვის საინტერესო ადგილი, სადაც ეტლით მოსარგებლე პირის დაპატიჟება პრობლემას არ წარმოადგენს. სადაც სმენის არ მქონეს ჟესტურ ენაზე დაელაპარაკებიან. თვითონ შშმ პირები ამბობენ, რომ თავს გრძნობენ ამ სივრცეში კომფორტულად, არანაირი განმასხვავებელი ნიშანი ამ სივრცეში შემოსულ სტუმარს არ აქვს,“ – ამბობს ნინო ჩხაიძე, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი.

„თავისუფალმა სივრცემ“ შშმ პირებს ერთი მხრივ გაუჩინა წასასვლელი ადგილი, სადაც მისვლა, მეგობრების ნახვა და გართობა შეუძლიათ, მეორე მხრივ კი გააჩინა შესაძლებლობა დასაქმების მსურველთათვის. კაფეს სოციალური საწარმოს სტატუსი აქვს და მისი გახსნა CSRDG – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტით გახდა შესაძლებელი, რომელიც ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული.

„ეს იყო თანხა იმისათვის, რომ ავეჯი, ტექნიკა და საწარმოო საშუალებები შეგვეძინა. ჰონორარზე საუბარიც არ ყოფილა. ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი იყო, გააზრება იდეის, რომლის განსახორციელებლადაც შენს დროს და ენერგიას ხარჯავ.

ჩვენ მივიღეთ არამხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა. არამედ მოგვცეს ცოდნა – როგორ დაგვეფუძნებინა, როგორ გვემართა, როგორ გავმკლავებოდით გამოწვევებს.

„თავისუფალ სივრცეში“ ახლა არაერთი სასწავლო ვიზიტი გვაქვს, სადაც ჩვენ გამოცდილებას ვუზიარებთ მათ, ვისაც სურვილი აქვთ მოისმინოს ჩვენს შესახებ. რომ მერე ვიღაცას გაუჩნდეს სურვილი – მოდი ჩემს ქალაქში ან სოფელში მეც გავაკეთებ მსგავს რაღაცას. მსგავსი პროექტებით, ზიარდება ცოდნა.

ნივთი შეიძლება გაფუჭდეს, გადააგდო და ა.შ. მაგრამ აი, ცოდნა, გამოცდილება, რასაც იღებ და გასცემ, არის მარადიული და რეალურად ავითარებს ჩვენ საზოგადოებას,“ – ამბობს ნინო ჩხაიძე.

ნინო ჩხაიძე

ნინოს თქმით, „თავისუფალი სივრცის“ საქმიანობის ყველაზე თვალნათელი მაგალითები არიან ის ბენეფიციარები – „ვინც ჩვენთან მოვიდა, ან ძალით მოვიყვანეთ“.

„ვიღაცებთან იყო დაძალების მომენტი. მათთან, ვინც მართლა კარჩაკეტილად ცხოვრობდა. ამბობდნენ – ბევრჯერ მოვსინჯე მე სადღაც საკუთარი თავი, მაგრამ….

ერთი ჩვენი ყოფილი მზარეული ასეთ რაღაცას მეუბნებოდა – ბევრი რაღაცა ვისწავლე, ყველაფერი გავაკეთეო იდეალურად, მაგრამ სადმე რომ მივიდოდი დასასაქმებლად, ყურზე აპარატს რომ დაინახავდნენ, ეგრევე თავს გამიქნევდნენ. კარგად იყავი ან დაგირეკავთ რაღაცა ასეთი დამოკიდებულება იყოო. თქვენთან თავს მართლა კომფორტულად ვგრძნობ ახლაო.

ჩვენი მთავარი ამოცანა ზუსტად ეგ იყო და არის, რომ ამ თემს, ადამიანებს, ვისაც შეიძლება სხვაგან უარი უთხრან, ამ აბსურდული მიზეზის გამო, ჩვენ კარი გავუღოთ,“ – ამბობს ნინო ჩხაიძე.

მათი ორგანიზაციის და კონკრეტულად თავისუფალი სივრცის გავლენაზე საუბრისას ნინო სამ ფაქტორს გამოყოფს.

„მთავარი გავლენა, რასაც თავისუფალი სივრცის საქმიანობა ახდენს ჩვენ საზოგადოებაზე არის ის, რომ ჟესტური ენა რას ნიშნავს, თუ ვინმეს ოდესმე ჩვენს კაფეში შემოუხედავს, ეგ კითხვა აღარ აქვს.

მეორე, შშმ პირებს თუ ვიღაცები უყურებდნენ ისე, რომ ესენი საწყლები არიან და მოწყალების ობიექტები, დღეს მის გაკეთებულ ყავას რომ სვამენ ან მის გამომცხვარ ხაჭაპურს, უკვე ეგ სტერეოტიპი ემსხვრევათ.

ასევე თავისუფალ სივრცეში ბევრი დამსაქმებელი რეკავს და მუშახელს ეძებს. რადგან უკვე თვალნათლივ დაინახეს, რომ ეს სეგმენტი, ჩვეულებრივი მუშახელია, რომელსაც ღირსეული ანაზღაურებით ნებისმიერი საწარმო დაასაქმებს,“ – ამბობს ნინო ჩხაიძე.

ნინოს თქმით, ცვლილებები, რომელიც მათ ორგანიზაციას მოაქვს საზოგადოებისთვის, ნელ-ნელა ხდება ხილული.

„შემიძლია ვთქვა, რომ ის კედელი, ბარიერი, რაც ჩვენ საზოგადოებაში ამ ადამიანების წინააღმდეგ არის აღმართული, ჩვენი საქმიანობით, ასე თუ ისე რღვევის პროცესშია.

მე მართლა მეამაყება თითოეული მათგანი ვინც ჩვენთან იმუშავა, ვინც ჩვენთან მუშაობს. თანამშრომლებს სულ ვეუბნები – თქვენი საქმიანობა არის ისტორიული ამბავი. ამ საწარმოთი რეალურად იქმნება არა მხოლოდ ხაჭაპური და ყავა, არამედ საზოგადოების განმავითარებელი ისეთი პროდუქტი, რომელსაც არც ვადა აქვს და არც მალფუჭებადია,“ – ამბობს ნინო ჩხაიძე.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებებზე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსი“.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი დეა ერემაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი სტაჟირების პროგრამით დაიწყო, სადაც სხვადასხვა ასაკის შშმ პირებს შეხვდა და სწორედ მაშინ დაინახა, რომ აუცილებელი იყო უშუალოდ შშმ ქალების საკითხებზე ემუშავა ვინმეს.

„დავინახე, რომ შშმ ქალების ინტერესები არ იყო ხშირად გათვალისწინებული და  მნიშვნელოვანი იყო გენდერულ ჭრილში გვემუშავა. ამიტომ მე და ჩემმა მეგობრებმა 2021 წელს „შშმ ქალთა ეროვნული ქსელის“ დახმარებით დავაფუძნეთ ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსი“.

დეა ერემაშვილის თქმით, მიუხედავად ორწლიანი არსებობისა, ორგანიზაციამ უკვე შვიდი პროექტის განხორციელება შეძლო სხვადასხვა საერთაშორისო ფონდის დახმარებით – პროექტები რეგიონებში მცხოვრებ შშმ ქალთა საჭიროებებზე იყო მიმართული.

დეა ერემაშვილი

რას ცვლის თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა, ვკითხეთ დეას.

„პირველ რიგში შშმ ქალებში ჩვენმა მუშაობამ შეიცვალა ის, რომ უკვე ახდენენ თავიანთი თავის გენდერული ნიშნით იდენტიფიცირებას. იმიტომ, რომ აქამდე, სანამ შშმ ქალთა მოძრაობა დაიწყებოდა, ისინი იყვნენ მხოლოდ შშმ პირები.

შეიცვალა ის, რომ ბევრ ადამიანს მივეცით მოტივაცია. ზოგმა სწავლა განაგრძო, ზოგი დასაქმდა. ჩვენი მეშვეობით შშმ ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩაერთნენ. უნდა ვთქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების გარეშე ვერაფერს შევძლებდით – ჩვენი გრანტების 90 % მათი დაფინანსებითაა.

ამ ტიპის პროექტების და ორგანიზაციების მხარდაჭერა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ თვითონ ვართ შშმ ქალები, შესაბამისად, უკეთ ვიცნობთ ჩვენი თემის საჭიროებებს – პროექტები დგება შშმ ქალთა ჩართულობით და კეთდება მათთვის.

ბენეფიციარები არ ერგებიან პროექტს. პირიქით, პროექტები ერგება იმ ადამიანებს, ვისთვისაც კეთდება ეს ყველაფერი,“ – ამბობს დეა ერემაშვილი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: