მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ფარმაცევტულმა კომპანიებმა ეპილეფსიის წამალზე ხელოვნური დეფიციტი შექმნეს – სააგენტო

20.07.2023 • 1145
ფარმაცევტულმა კომპანიებმა ეპილეფსიის წამალზე ხელოვნური დეფიციტი შექმნეს – სააგენტო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ რამდენიმე, დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა. კერძოდ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა.

სააგენტოს ცნობით, საუბარია მედიკამენტ „დეპაკინი ხრონოზე“, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება.

რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად დაადგინა, რომ „დეპაკინი ხრონო“ (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია.

„მარაგების შესახებ ფარმაცევტული კომპანიების მიერ სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დაემთხვა საწყობებში არსებულ ნაშთებს, რის გამოც, კანონმდებლობის შესაბამისად, შედგა სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. აღნიშნული დარღვევა გაფრთხილებასა და 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი აზარალებს მოქალაქეებს“ – წერს რეგულირების სააგენტო.

„ინსპექტირების შედეგად, რომელიც რეგულირების სააგენტომ განახორციელა, აღმოჩნდა საკმაოდ სოლიდური მარაგი კონკრეტული ფარმაცევტული ქსელების საწყობებში, თუმცა ამავდროულად ეს მედიკამენტი არ იყო ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის, ანუ არ იყიდებოდა საცალო ქსელებში“ – ამბობს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ირაკლი მხეიძე.

რეგულირების სააგენტოს ცნობით, მათი რეაგირების შემდეგ აღნიშნული მედიკამენტის რეალიზაცია ცალკეულ სააფთიაქო ქსელებში დაიწყო.

უწყება წერს, რომ კომუნიკაციაშია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყოს.

ამავე თემაზე:

წამალი უფასოდ მეკუთვნის, მაგრამ აფთიაქიდან აფთიაქში დავდივარ და ვერ ვიღებ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: