მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა უნდა ვიცოდეთ B ჰეპატიტისა და მისი მკურნალობის შესახებ

20.07.2023 • 1677
რა უნდა ვიცოდეთ B ჰეპატიტისა და მისი მკურნალობის შესახებ

B  ჰეპატიტი ვირუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს ღვიძლს და ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის ქრონიკული ინფექცია, რომლისგანაც შემდგომში შეიძლება განვითარდეს  ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის კიბო.  B ჰეპატიტი C-ზე არანაკლებ სახიფათო ვირუსია, თუმცა დღეის მდგომარეობით, საქართველოში, B ჰეპატიტზე სკრინინგი არ ხდება.

ჯანმო-ს შეფასებით, ყოველწლიურად მსოფლიოში B ჰეპატიტით 1,5 მილიონი ადამიანი ინფიცირდება. 2019 წელს, მსოფლიოს მასშტაბით, B ჰეპატიტმა დაახლოებით 820 000 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია ძირითადად ციროზითა და ჰეპატოცელულარული კარცინომით (ღვიძლის პირველადი კიბო).

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წელს ქვეყანაში B ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება დააანონსა.

„ბათუმელები“ B ჰეპატიტის მიმდინარეობისა და მისი მკურნალობის შესახებ სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ინფექციური დეპარტამენტის უფროსს, ჯემალ დუმბაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ჯემალ, რა არის B ჰეპატიტი?

B ჰეპატიტი არის ღვიძლის ვირუსული ინფექცია,  რომელიც გადაეცემა სისხლით და სხვადასხვა ბიოლოგიური სითხეებით.  ის არის როგორც მწვავე, ისე ქრონიკული მიმდინარეობის, 90%-ში მთავრდება თვითგანკურნებით, მაგრამ შემთხვევათა 10%-ში გადაიზრდება ქრონიკულში.

NCDC: B ჰეპატიტის ვირუსს ადამიანის ორგანიზმის გარეთ შეუძლია გადარჩეს მინიმუმ  შვიდი დღე. ამ დროის განმავლობაში ვირუსს ჯერ კიდევ შეუძლია გამოიწვიოს ინფექცია, თუ მოხვდა ადამიანის ორგანიზმში, რომელიც წინასწარ არ იყო დაცული ვაქცინით; B ჰეპატიტის ვირუსი არ ვრცელდება დაბინძურებული საკვებით და წყლით და  არ ახასიათებს სამუშაო ადგილებში შემთხვევითი გავრცელება; B ჰეპატიტის ვირუსის ინკუბაციური პერიოდი არის საშუალოდ 75 დღე, მაგრამ შეიძლება ვარირებდეს 30 – 180 დღის ფარგლებში.

როდესაც პაციენტი ინფიცირდება B ჰეპატიტის ვირუსით, გამომუშავდება ზედაპირული ანტიგენი, ე.წ. HBsAg ანტიგენი, რომელიც სისხლში ცირკულირებს ერთი წლის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ ეს HBsAg ანტიგენი თავისით მიდის და პაციენტი გამოჯანმრთელდება, ანუ მწვავე ჰეპატიტი მთავრდება და პაციენტი განიკურნება. თუ HBsAg ანტიგენი რჩება სისხლში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ამას უკვე ჰქვია ქრონიკული ჰეპატიტი, ანუ მიმდინარეობს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

  • რას აზიანებს B ჰეპატიტი?

მწვავე ფულმინანტური [ელვისებური] ჰეპატიტები, ზოგჯერ ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, მათ შორის ღვიძლის უკმარისობით; შემთხვევათა უმრავლესობაში, როგორც წესი, გამოჯანმრთელებით მთავრდება.

ქრონიკულ B ჰეპატიტს რაც შეეხება, იგი წლების განმავლობაში უფრო აგრესიულია ვიდრე C ჰეპატიტი, იწვევს ღვიძლის ციროზს, ღვიძლის კიბოს და სხვა სერიოზულ გართულებებს, რაც შეიძლება გახდეს სიკვდილის მიზეზი.

NCDC: ღვიძლის კიბო უმრავლეს შემთხვევაში არის ფატალური და ხშირად ვითარდება ყველაზე პროდუქტიული ასაკის ადამიანებში. განვითარებად ქვეყნებში ღვიძლის კიბოთი დაავადებულთა უმრავლესობა კვდება დიაგნოზის დასმიდან რამდენიმე თვეში. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ქირურგიამ და ქიმიოთერაპიამ შეიძლება გაახანგრძლივოს ცხოვრება რამდენიმე წლით. ციროზით დაავადებულებს ზოგჯერ უტარდებათ ღვიძლის გადანერგვა წარმატების სხვადასხვა ალბათობით.

  • B ჰეპატიტის სიმპტომებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

მწვავე ინფექციის ფაზაში ინფიცირებულთა უმრავლესობა არ განიცდის რაიმე სიმპტომებს, თუმცა ზოგთან შეიძლება იყოს გამოხატული საერთო სისუსტე, ცხელება, შემცივნება, სიყვითლე [კანის და თვალების]; არის უსიყვითლო ფორმები, როდესაც პაციენტი საერთოდ ვერ ხვდება, რომ მას გადაედო B ჰეპატიტი და შემდეგ გამოკვლევების დროს იგებს, რომ თურმე გადაუტანია უსიყვითლო ფორმა.

NCDC: სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს მუქი შარდი, ძლიერი დაღლილობა,  გულისრევა, პირღებინება და მუცლის ტკივილი.

ქრონიკული  ჰეპატიტის დროს, როდესაც უკვე ვითარდება ციროზი და მუცლის ღრუში გროვდება სითხე, ეს წარმოადგენს უფრო მძიმე გართულებებს, ვიდრე სიმპტომებს. ზოგჯერ, ექოსკოპიური გამოკვლევების, ასევე სხვა და სხვა კომპიუტერული და რადიოლოგიური (მრტ და კტ) გამოკვლევების დროს აღმოჩნდება, რომ ღვიძლი დაზიანებულია; არის შემთხვევები, როცა ქირურგს შეუნიშნავს ღვიძლის პრობლემები და უთქვამს პაციენტისთვის, რომ გამოიკვლიოს.

  • ამ ეტაპზე პროგრამულად B ჰეპატიტზე სკრინინგი და მკურნალობა ხდება?

სკრინინგი მხოლოდ სტაციონარში მოხვედრილ პაციენტებს უტარდებათ. ასევე, ახლა მზადდება შესაბამისი პროგრამა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას მიემატა B ჰეპატიტის [კომპონენტი]; ეს სავარაუდოდ შემოდგომისთვის დაიწყება და მოხდება [პროგრამის ბენეფიციარების] მკურნალობა მედიკამენტი “ტენოფოვირით”. გამოკვლევა შეეხება ყველა პაციენტს ვისაც აქვს B ჰეპატიტი, მაგრამ მკურნალობა შეეხება იმ პაციენტს, ვისაც აქვს მძიმე მდგომარეობა, ციროზი…  და ვისაც ვირუსული დატვირთვა ექნება მაღალი.

  • როგორ ხდება B ჰეპატიტის მკუნალობა?

მკურნალობა არის სიმპტომური, მაგრამ არის ასევე ასეთი წამალი  – „ტენოფოვირი“. ეს ანტირეტროვირუსული პრეპარატია, რომელიც შიდსის მკურნალობის დროს გამოიყენება. ეს მედიკამენტი მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა სვას პაციენტმა, შედეგად B ჰეპატიტის ვირუსი ითრგუნება და მისი (ვირუსული) დატვირთვა ხდება 0.

NCDC: B ჰეპატიტის მწვავე ფორმის რაიმე სპეციფიკური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. მკურნალობის მიზანია ადეკვატური ნუტრიციული ბალანსის შენარჩუნება, რომელშიც შედის იმ სითხის რაოდენობის შეცვლა და შევსება, რომელიც დაკარგული იქნა პირღებინების და დიარეის შედეგად. ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე ზოგიერთი ადამიანი შეიძლება განიკურნოს  მედიკამენტების საშუალებით. მკურნალობამ შეიძლება შეანელოს ციროზის განვითარების პროგრესი და შეამციროს ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი, თუმცა მკურნალობა  არ არის ადვილად მისაღწევი  შეზღუდული რესურსის პირობებში.

  • რა რეკომენდაციები არსებობს B ჰეპატიტის ქრონიკული მიმდინარეობის დროს პაციენტებისთვის?

ეს წამალი აფთიაქებში იყიდება და დღეს ბევრი მკურნალობს თავისი სახსრებით. მკურნალობის პროცესში „ტენოფობირთან“ ერთად, ღვიძლის სხვადასხვა პროტექტორებსაც [დამცავებსაც] იყენებენ და ამ მკურნალობის პარალელურად აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი, მათ შორის –  არ შეიძლება არავითარი ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალება, პაციენტებმა უნდა დაიცვან დიეტა – არ შეიძლება შემწვარი, მოხრაკული, მსუყე საჭმელები, ასევე ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი.

___________________________________________________

2002 წლიდან საქართველოში მოქმედებს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უნივერსალური კალენდარი – წლამდე ასაკის ბავშვთა  ოთხჯერადი ვაქცინაცია, ორსულთა სკრინინგი  HBsAg-ზე და  დადებითი შედეგის შემთხვევაში, ახალშობილთა აცრები HepB მონო ვაქცინით და იმუნოგლობულინით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: