მთავარი,სიახლეები

ვინ შევა ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ნაცვლად, რომელიც აშშ-ში წავიდა

20.07.2023 • 2196
ვინ შევა ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ნაცვლად, რომელიც აშშ-ში წავიდა

ბათუმის საკრებულომ ოპოზიციის ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის საკრებულოდან გასვლის პროცედურა დაიწყო. ენმ-ს ფრაქციის წევრი, ლაშა კილაბერია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით წავიდა.

მოგვიანებით მან „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან სუს-ი მის მეგობრებზე ზეწოლას ახდენდა და ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარის პოლიტიკურად „განეიტრალებას“ სთხოვდა.

ბათუმის საკრებულოს წევრი მექსიკის გავლით აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა

21 ივლისს, საკრებულოს მორიგ სხდომაზე, ლაშა კილაბერიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვას გეგმავენ.

თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ ის ექვსი თვის განმავლობაში ვერ ახერხებს საკრებულოს მუშაობაში უშუალოდ ჩართვას. ეს ვადა უკვე გავიდა.

პროპორციული სიის მიხედვით, კილაბერიას შემდეგ საკრებულოში შესვლა ენმ-ის წევრს, ლევან გორგილაძეს უწევდა. ის სიაში რიგით მე-13 იყო, თუმცა საკრებულოში რიგით მე-16 ამირან დუმბაძე შედის.

პარტიის წევრების თქმით, პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, ცესკოს მიმართა და ბათუმის საკრებულოს ენმ-ის პარტიული სიიდან ამოაღებინა ის 4 ადამიანი, რომლებიც ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს შიდაპარტიულ არჩევნებში, მათ შორის იყო ლევან გორგილაძეც.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საკრებულოში შესვლას არც მე-16 ნომერი ამირან დუმბაძე გეგმავს და შესაძლოა კილაბერია სიის მე-17 ნომერმა, ირაკლი ძიძიგურმა ჩაანაცვლოს.

პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლევან ანთაძის განმარტებით, ვინ შევა საკრებულოში კილაბერიას ნაცვლად, ჯერ გადაწყვეტილი არ არის: „მე როგორც ვიცი, დუმბაძე უნდა შევიდეს. ეს საკითხი ჯერ დაზუსტებული არ არის.“

ლევან გორგილაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია, როცა ისინი ცესკოს სიიდან ამოაღებინა.

„ოთხი ადამიანი ამოგვიღო სიიდან, მათგან მხოლოდ მე მიცნობდა პირადად და იცოდა, რომ ღია მხარდაჭერას ვუცხადებდი ნიკა მელიას, მაგრამ იმ სამზე არ იცოდა, ის პირადად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას. მაგიტომ ვამბობ, რომ ის არის ჩრდილოვანი მმართველი“.

ლევან გორგილაძის თქმით, საშუალება რომ მიეცათ, ის საკრებულოში პარტიის მუშაობას გააძლიერებდა:

„ვფიქრობ, პროდუქტიული ვიქნებოდი საკრებულოში, წავადგებოდი როგორც პარტიას, ასევე ქალაქს. ვფიქრობ, რომ გავაძლიერებდი პოლიტიკურ ნაწილს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისთვის. თუმცა ეს იყო, რა თქმა უნდა, სადამსჯელო ოპერაცია, იმის გამო, რომ ლევან ხაბეიშვილს ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ. ნიკა მელიას რომ გაემარჯვა, ჩვენ არავისზე გადამტერებას არ ვაპირებდით. არ ვფიქრობ, რომ ვინც შევა, თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს არ გამოავლენს, იმის თქმა კი გამიჭირდება, ჩემზე მეტად პროდუქტიული იქნება თუ არა“.

ლევან გორგილაძე ენმ-ს ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. ეს პოზიცია მან საკუთარი სურვილით მას შემდეგ დატოვა, რაც ენმ-ს თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.

ლევან გორგილაძის მსგავსად ენმ-ს ბათუმის საკრებულოს სიიდან როინ დვალი, ელიზა ეფაძე და შორენა აბაშიძე ამოიღეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: