განათლება,მთავარი,სიახლეები

ჩემი შვილი ავად იყო, მაგრამ განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლებას არ აძლევენ – მშობელი

19.07.2023 • 2215
ჩემი შვილი ავად იყო, მაგრამ განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლებას არ აძლევენ – მშობელი

მოქალაქე ინგა ბაშიროვი ამბობს, რომ მის შვილს, რომელსაც ეროვნული გამოცდის წინა დღეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ერთიანი გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უარი უთხრა განმეორებით გამოცდაზე.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ კანონის მიხედვით, განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლება მხოლოდ იმ აბიტურიენტს აქვს, ვინც არანაკლებ ერთი დღე-ღამე დაჰყო სამედიცინო დაწესებულებაში, ან ოჯახის რომელიმე წევრი გარდაეცვალა.

ინგა ბაშიროვი ვიდეოში, რომელიც გუშინ, 18 ივლისს, გაავრცელა ფეისბუქში, ამბობს, რომ მის შვილს გამოცდის წინა დღით კბილი ასტკივდა. გართულებული მდგომარეობის გამო საჭირო გახდა კბილის ამოღება და დასჭირდა ოპერაციული ჩარევა.

დედის თქმით, ოპერაცია ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

„ჩემს შვილს ჰქონდა პოსტოპერაციული სისუსტე, რადგან ჩემს შვილს ანტიბიოტიკები არასდროს მიუღია აქამდე. როგორც ჩანს, წამალმა გამოიწვია ალერგია და ჩემს შვილს ძალიან მაღალი სიცხე მისცა. ტემპერატურა ჰქონდა 40-41 გრადუსი და ვერაფრით დავწიეთ.

გამოვიძახე სასწრაფო დახმარება და, ბუნებრივია, ისინიც დაგვიდასტურებენ ამას.

მაღალმა სიცხემ ასევე გამოიწვია ძლიერი დიარეა და ბუნებრივია, ასეთ მდგომარეობაში ჩემი შვილი ვერ გავიდოდა გამოცდაზე“, – ამბობს ვიდეოში ინგა ბაშიროვი.

ბაშიროვის თქმით, მომხდართან დაკავშირებით მათ გამოცდების ეროვნულ ცენტრსაც მიმართეს განცხადებით და განათლების სამინისტროსაც, სადაც ახსნილი იყო არსებული გარემოებები.

„განცხადებას თან დართული აქვს ექიმის ცნობა და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტი, რომლებითაც დასტურდება, რომ ჩემს შვილს ნამდვილად ჰქონდა ისეთი გარემოება, რის გამოც ვერ შეძლებდა გამოცდაზე გასვლას. თუმცა გამოცდების ცენტრმა აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა“, – ამბობს ინგა ბაშიროვი.

მას ცენტრისა და განათლების სამინისტროსგან წერილობითი უარი ჯერ არ მიუღია, თუმცა როგორც ბაშილოვი ამბობს, სავარაუდოდ იმავეს ჩაუწერენ, რაც სიტყვიერად უთხრეს.

ბაშილოვის თქმით, სიტყვიერი უარი ეყრდნობოდა კანონს, სადაც საპატიო მიზეზებია გათვალისწინებული (სტაციონარში ყოფნა, ოჯახის წევრის გარდაცვალება).

კანონში არსებობს კიდევ ერთი ჩანაწერი საპატიო მიზეზის სახით, ეს არის – „დაუძლეველი ძალის გამო“.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ბათუმელები“ დაუკავშირდა ერთიანი გამოცდების ეროვნულ ცენტრს და ჰკითხა, დოკუმენტებში აღწერილი აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა თუ არა იმის შესაძლებლობას, რომ მან ისარგებლოს კანონში არსებული ჩანაწერით, დაუძლეველი გარემოების გამო? – რადგან მაღალი ტემპერატურა, სტომატოლოგიური ოპერაცია და პოსტოპერაციული სისუსტე აბიტურიენტს არ აძლევდა შესაძლებლობას დასწრებოდა გამოცდას.

კითხვაზე, გამოცდების ცენტრიდან ასე გვიპასუხეს: „დაუძლეველი ძალა“ განმარტებულია საქართველოს კანონმდებლობით/სასამართლო პრაქტიკით და შეგიძლიათ მოიძიოთ.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, განიხილება ინდივიდუალურად, დადგენილ ვადაში და შესაბამისი პასუხი გაეგზავნება განმცხადებელს“.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თაკო წულუკიძე განმარტავს, „დაუძლეველ ძალის“, იგივე „ფორსმაჟორის“ შემთხვევას სამოქალაქო კოდექსი არ განმარტავს.

„თუმცა არსებობს დაუძლეველი ძალის კლასიკური გაგება, რაშიც მოიაზრება ომი, გაფიცვები, ბუნებრივი კატასტროფები, პანდემია და ა.შ. ეს ისეთი სიტუაციაა, რომლის წინასწარ პროგნოზირება ადამიანის მხრიდან შეუძლებელია და მისი დადგომა ხელს უშლის პიროვნების მხრიდან კონკრეტული მოქმედების განხორციელებას“, – გვითხრა მან.

მისი თქმით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევას მოსამართლე აფასებს, „არის თუ არა მოვლენა დაუძლეველი ძალა. გააჩნია, როგორი სამართლებრივი დასაბუთება ექნება მოსარჩელეს, საქმის დეტალებს აქვს მნიშვნელობა.“

ინგა ბაშიროვმა „ბათუმელებს“ თხრა, რომ აპირებს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება:

„ჩემს შვილს არსებული კანონით სახელმწიფო უზღუდავს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებს – ეს არის ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების უფლება.

ვფიქრობ, არავის აქვს უფლება, რომ ეს ორი უფლება ეჭვის ქვეშ დააყენოს.“

ქალის თქმით, მისმა შვილმა ორი ეროვნული გამოცდა ჩააბარა, ჯანმრთელობის პრობლემა კი მესამე გამოცდის წინ შეექმნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: