მთავარი,სიახლეები

ბათუმში, ტაბიძეზე სოცსააგენტოს შენობას გაარემონტებენ – სად გადავა სერვისცენტრი

19.07.2023 • 2788
ბათუმში, ტაბიძეზე სოცსააგენტოს შენობას გაარემონტებენ – სად გადავა სერვისცენტრი

სოციალური მომსახურების სააგენტო აჭარის რეგიონული სერვისცენტრის შენობის რეაბილიტაციას და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს.

მომსახურების შესყიდვაზე სააგენტოს ტენდერი 2 237 960 ლარით აქვს გამოცხადებული.

სოცსააგენტოს აჭარის რეგიონული სერვისცენტრის ადმინისტრაციული შენობა ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, N2ა-ში მდებარეობს. მიწის ნაკვეთი 1865 კვადრატული მეტრია, ხოლო შენობა – 1 752 კვადრატული მეტრი.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 210 დღეში უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კი, სერვისცენტრი დროებით თამარის დასახლებაში, შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ ადმინისტრაციულ შენობაში გადავა.

„ამ დროისთვის ეს ინფორმაცია გვაქვს, თუ რამე არ შეიცვალა. კონკრეტულად როდის გადავალთ და რა პერიოდით, ამას სააგენტო გადაწყვეტს“, – გვითხრეს სოცმომსახურების აჭარის სერვისცენტრში.

სოცმომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული სერვისცენტრის შენობა ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება / ფოტო ტენდერიდან

პროექტის მიხედვით:

  • „სარეაბილიტაციო შენობა წარმოადგენს სამსართულიან ნაგებობას, აქედან მესამე სართული არის მანსარდული ტიპის. პირველ სართულზე განთავსდება ბენეფიციარების მისაღები, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული შშმ პირებზე და სხვა ბენეფიციარების სრულყოფილი მოსახურების გასაწევად.
  • პირველი სართულის თანამშრომლების სამუშაო ოთახებში შესვლა შესაძლებელი იქნება საერთო კორიდორით, რომელსაც უკავშირდება ორი კიბის უჯრედი და ორი დამატებითი შესასვლელი. საკვანძეები მოეწყობა ცალკე მისაღებისთვის; გათვალისწინებული იქნება შშმ პირებისა და სხვა ბენეფიციარების საპირფარეშოები, ასევე თანამშრომლებისთვის სამივე სართულზე.
  • შენობის მეორე და მესამე სართულებზე განაწილდება სამუშაო ოთახები თანამშრომლებისთვის. საერთო სასადილო და შეხვედრების ოთახები მოეწყობა მესამე სართულზე. მესამე სართული წარმოადგენს მანსარდულ სართულს და კედლები გარედან იფუთება პროფილირებული თუნუქის ფურცლებით, ხოლო შიდა სივრცე თბოეფექტურობის შესანარჩუნებლად დაითბუნება შესაბამისი მასალით.
  • შენობის არსებული ხის კარკასი შენარჩუნდება, დამუშავდება ცეცხლმედეგი ხსნარებით და გადაიხურება ღია რუხი ფერის პროფილირებული თუნუქის ფურცლებით. შენობის ყველა შიდა ტიხარი მოეწყობა ორმაგი ნესტგამძლე თაბაშირმუყაოს ფილებით, გარდა მესამე სართულის ოთახების, ელ. გამანაწილებელი ოთახების და ქვაბების ოთახებისა, რომლებიც მოეწყობა ორმაგი ცეცხლმედეგი თაბაშირმუყაოს ფილებით.
  • შენობის არსებული ხის ფანჯრები შეიცვლება ყავისფერი მეტალოპლასტმასის ფანჯრებით, ხოლო მისაღების ვიტრაჟი ყავისფერი ალუმინის პროფილით. ბენეფიციარების მისაღების და ყველა საევაკუაციო მიმართულებაზე შემხვედრი კარი გაიხსნება გარეთ.
  • კორიდორებში და სანკვანძეებში იატაკებზე მოეწყობა კერამოგრანიტი, დანარჩენი იატაკები იქნება ლამინატის. ყველა ოთახის ჭერი მესამე სართულზე მოეწყობა თაბაშირმუყაოთი.
  • შენობის გარშემო პერიმეტრზე მოეწყობა ბორდიურები და პანდუსები, ეზოში გათვალისწინებული იქნება მანქანების სადგომები თანამშრომლებისთვის და შშმ პირებისთვის. სამანქანე გზა შენობას გარშემო შემოუვლის. ეზოში არსებული საჩრდილობელი განახლდება, მოეწყობა გარე განათება შესასვლელებთან. სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა შეიცვლება.“

სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული სერვის ცენტრი ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე / ფოტოები ტენდერიდან

სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული სერვისცენტრი / ინტერიერის ნაწილი რეაბილიტაციის შემდეგ / ფოტო პროექტიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 9 აგვისტოს დაიწყება და 14 აგვისტოს დასრულდება.

პირობის მიხედვით, ტენდერში მონაწილე „პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. კერძოდ, 2020-2021-2022 წლებში პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების ღირებულება ჯამურად არ უნდა იყოს 2 237 960 ლარზე ნაკლები.

ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: შენობების სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოები.“

ამასთან, „პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი თვეების მიხედვით“.

„ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ ადმინისტრაციული შენობა ბათუმში, თამარის დასახლებაში, ძმები ნობელების ქუჩა, N 27-ში მდებარეობს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სოცმომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული სერვისცენტრი დროებით ამ შენობაში განთავსდება:

შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ შენობა ძმები ნობელების ქუჩაზე, სადაც სავარაუდოდ, დროებით სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული სერვისცენტრი განთავსდება / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან / 2017 წ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: