ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რას დგამენ ბათუმის ცენტრალური პარკში, სადაც მინდორი დააბეტონეს

18.07.2023 • 3889
რას დგამენ ბათუმის ცენტრალური პარკში, სადაც მინდორი დააბეტონეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში, კოლონადების უკან, შუა მინდორში ბეტონი დააგეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით აქ ჰაერის მონიტორინგის ჯიხური უნდა განთავსდეს.  ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ქალაქის მერიას დავუკავშირდით.

ბათუმის მერიამ მთელი დღის განმავლობაში არ მოგვაწოდა პასუხი კითხვებზე – რა შენდება ამ ადგილზე, რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს ადგილი და სამუშაოები შეთანხმებულია თუ არა მერიის შესაბამის სამსახურებთან.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაგვიდასტურეს, რომ ცენტრალურ პარკში დაბეტონებული ადგილი მათი  „ლოკაციაა, სადაც განთავსდება მონიტორინგის სადგური“.

„რაც შეეხება იმას, შეთანხმებულია თუ არა ქალაქის მერიასთან და სხვა მსგავსი საკითხები, ეს ისეთი დეტალებია, რომ კითხვები უნდა მოიწეროთ და გიპასუხებთ“ – გვითხრეს გარემოს ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში.

სააგენტო სადგურს ბათუმის გარდა კიდევ 7 ადგილზე დაამონტაჟებს – თბილისში, რუსთავში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და მესტიაში. სააგენტო ასევე შეიძენს ერთ მობილურ სადგურსაც.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის რვა ავტომატური სადგურის, აგრეთვე, მობილური სადგურის და მისი განსათავსებელი ავტომანქანის სახელმწიფო შესყიდვაზე სააგენტოს ტენდერი 5 582 068 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ფოტომონტაჟის მიხედვით, რომელიც ტენდერს ახლდა, ბათუმის სადგურის განთავსების ადგილი და ის ადგილი, სადაც ბეტონი დააგეს, თითქმის იდენტურია. თუმცა არის ერთი განსხვავება – ტენდერის მიხედვით სადგური პარკის სასეირნო ბილიკის მიმდებარედ უნდა განთავსებულიყო, ბეტონი კი, შუა მინდორშია დაგებული – ბილიკისგან მოშორებით.

ბეტონი ცენტრალური პარკის გამწვანებულ ადგილზე, სადაც სავარაუდოდ ჰაერის მონიტორინგის სადგური უნდა განთავსდეს [ზემოთ] და ფოტომონტაჟი გარემოს ეროვნული სააგენტოს ტენდერიდან [ქვემოთ]

გარემოს ეროვნულ სააგენტოში დღეს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ის ადგილები, სადაც სადგურები უნდა განთავსდეს, უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით შეირჩა.

„ისე არ ხდება, რომ აი, აქ გვინდა და სადგურს ჩავდგამთ. ჩვენი ყველა ლოკაცია შერჩეულია შესაბამისი სტანდარტებისა და კვლევების გათვალისწინებით“ – გვითხრეს სააგენტოში.

5,5-მილიონიანი ტენდერის დეტალები

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „სოლემარტი“ მონაწილეობდა, რომლის შეთავაზება იგივე თანხა იყო, რითაც ტენდერი გამოცხადდა – 5 589 890 ლარი.

კომპანიასა და გარემოს სააგენტოს შორის ხელშეკრულება 2023 წლის 11 იანვარს გაფორმდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, კომპანიისთვის სახელშეკრულებო თანხა მთლიანად [100%] ავანსადაა გადარიცხული – 5 515 748 ლარი.

„მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, მიაწოდოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი 1 982 441.99 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ლარში… ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში, გადარიცხვის დღეს არსებული კურსის მიხედვით – ლარი ევროსთან მიმართებაში“ – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

ამავე ხელშეკრულების მიხედვით, საერთო თანხიდან:

  • ბათუმის სადგურის აშენებასა და აპარატურით აღჭურვაში 198 165 ევრო დაიხარჯება;
  • მობილური სადგურისთვის – 226 620 ევრო;
  • მაღალი გამავლობის სპეციალიზებული კლასის ავტომანქანისთვის – 83 526 ევრო;
  • დანარჩენი თანხა კი – სხვა სადგურებისთვის.

ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია, რომ „შესყიდვა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსების ფარგლებში. პროექტის ფულადი სახსრები განთავისუფლებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დღგ-ს გადასახადისაგან“.

ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სადგური ბათუმში / ფოტომონტაჟი ტენდერიდან

სატენდერო პირობის მიხედვით, სტაციონარული სადგურები – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 7 თვის ვადაში უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული, ანუ 11 ივლისისთვის, თუმცა ბათუმის შემთხვევაში დღეს, 18 ივლისს, მხოლოდ ბეტონია დასხმული.

მობილური სადგური (სრულად გამართული ავტომობილით) – კომპანიამ სააგენტოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 კალენდარული თვის ვადაში უნდა გადასცეს, ანუ ვადა ამ შემთხვევაში მომავალი წლის იანვრამდე აქვს კომპანიას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთ აღნიშნულ ხელშეკრულებაში, შესყიდვების პორტალის მიხედვით, ცვლილება სამჯერ შესულა, თუმცა არც ერთი ცვლილების ტექსტი პორტალზე ამ დროისთვის ატვირთული არ არის.

ტენდერი სააგენტომ 2022 წლის ოქტომბერში გამოაცხადა:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/427166/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: