ბათუმი,სიახლეები

ეკომიგრანტებს სახლების შესარჩევად ვადა 6 თვე ექნებათ – ახალი ცვლილება

18.07.2023 • 1118
ეკომიგრანტებს სახლების შესარჩევად ვადა 6 თვე ექნებათ – ახალი ცვლილება

ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთა განაცხადს შესაბამისი კომისია დააკმაყოფილებს, საცხოვრებელი სახლის შერჩევისთვის 3 თვის ნაცვლად ამიერიდან 6 თვე ექნებათ.

ცვლილება, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების [ეკომიგრანტების] განსახლების პროცედურაში“ შევიდა, რომელიც 2023 წლის 17 ივლისიდან ამოქმედდა.

ახალი ცვლილებით, „ეკომიგრანტ ოჯახს, რომლის განაცხადი დაკმაყოფილდა, საცხოვრებელი სახლის შერჩევისა და კომისიაზე წარდგენისათვის მიეცემა 6 თვის ვადა. თუ ეკომიგრანტი ოჯახი განსაზღვრულ ვადაში ვერ შეარჩევს სასურველ საცხოვრებელ სახლს, ამ შემთხვევაში კომისია, კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, რიგით შემდეგ ეკომიგრანტ ოჯახს შესთავაზებს საცხოვრებელი სახლის შერჩევას.“

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ეკომიგრანტთა მიგრაციის მართვისთვის 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამაში შედის როგორც ეკომიგრანტთათვის საცხოვრებელი სახლების შეძენა, ასევე ეკომიგრანტთა დროებითი განსახლება.

იმ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის, რომლებიც 2010 წლიდან უწყვეტად არიან რეგისტრირებულნი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ცალკე პროგრამაა შემუშავებული, რომელიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ის ეკომიგრანტი ოჯახები კი, რომლებიც ფაქტობრივად არიან აჭარაში, მაგრამ აქ არ არიან რეგისტრირებულნი, ან რეგისტრირებულნი იყვნენ 2010 წლამდე, სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ.

„აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამის ბენეფიციარებსაც სახლების შესარჩევად 3-თვიანი ვადა ჰქონდათ, თუმცა, შესაბამისი კომისია მათ ამ კუთხით არ ზღუდავდა და საჭიროების შემთხვევაში მეტი დრო ეძლეოდათ. მათი ჩახსნა პროგრამიდან არ ხდებოდა“ – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

აჭარაში, პროგრამის ფარგლებში ბინების შეძენაზე ამ დროისთვის თანხმობა 73 ოჯახს აქვს მიღებული.

ერთ ეკომიგრანტ ოჯახზე სახლის შესაძენად მაქსიმუმ 40 ათასი ლარი გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართობის გასაყიდი ღირებულება აღემატება 40 ათას ლარს, სურვილისა და შეთანხმების შემთხვევაში, ეკომიგრანტი ოჯახი სხვაობას თავად დაფარავს.

აჭარის 2023 წლის ბიუჯეტში ეკომიგრანტებისთვის სახლების შესაძენად ჯამში 4 მილიონ 80 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც მინიმუმ 100 ოჯახის განსახლებისთვისაა საკმარისი.

„სახელმწიფოს მიერ ასობით ეკომიგრანტ ოჯახთა დაკმაყოფილების მიუხედავად, დაზარალებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მაინც არ მცირდება, ვინაიდან სტიქიური პროცესები უკონტროლოა და ყოველი უხვი ნალექის მოსვლის დროს აქტიურდება.

ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ ბაზაში მუდმივად ხდება ახალი განაცხადების შევსება. მიმდინარე ეტაპზე 450-მდე განაცხადია განსახილველი, რომელთა დაზარალება დადასტურებულია შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ, ხოლო შესწავლასა და დაზარალების კატეგორიის მინიჭებას ითხოვს დამატებით 50-მდე ბენეფიციარი“ – აღნიშნულია აჭარის ბიუჯეტში, რომელიც 2022 წლის დეკემბერში დაამტკიცეს.

ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთა განაცხადსაც განსახლების კომისია დააკმაყოფილებდა, საცხოვრებელი სახლის შესარჩევად 3-თვიანი ვადა – 2022 წლის ივლისიდან მიეცათ. მანამდე მათ 1 თვის ვადა ეძლეოდათ.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/424800/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: