მთავარი,სიახლეები

ლოცვისა და დღესასწაულის უფლება – რელიგიური უმცირესობები უქმე დღეების გარეშე

17.07.2023 • 1978
ლოცვისა და დღესასწაულის უფლება – რელიგიური უმცირესობები უქმე დღეების გარეშე

როლანდ შავაძე მასწავლებელი და 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. ის ხულოში, სოფელ მეკეიძეებში ბავშვებს ინგლისურს ასწავლის. გაკვეთილების ჩასატარებლად სოფელში ბათუმიდან უწევს ჩასვლა, შესაბამისად, ქალაქიდან გამთენიისას უნდა გაემგზავროს.

იმ დღეს, როცა მუსლიმები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს, ბაირამს აღნიშნავენ, ლოცვასა და მსახურებას გამთენიისას, დილის შვიდ საათზე იწყებენ.

ამ დღეს როლანდს ორი არჩევანი აქვს – ან სკოლა უნდა გააცდინოს და ამის ხარჯზე წავიდეს მეჩეთში მსახურებაზე, ან უნდა დაადგეს სოფლის გზას და გამოეთიშოს მისთვის მნიშვნელოვან დღესასწაულს.

„ცხადია, ეს გიქმნის ადამიანურ დისკომფორტს, რადგან გსურს ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარო, მიიღო რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა, მიულოცო ახლობელ ადამიანებს. ამ დროს კი სამსახური გაქვს და ეს ძალიან რთულია.

დილით ლოცვაზე დასწრებასაც ვერ ვახერხებ, რადგან ლოცვა 8 საათამდე გრძელდება და შემდეგ უცებ ხომ ვერ გამოიქცევი, არა?! თუ ლოცვის შემდეგ წავალ სკოლაში, დავაგვიანებ, რადგან გაკვეთილი ცხრა საათზე იწყება.

წელიწადში სულ რაღაც ორი დღე გვაქვს ასეთი და, ფაქტობრივად, წყდები ამ პროცესს იმის გამო, რომ ეს დღე არ არის უქმე“, – გვეუბნება როლანდ შავაძე.

როლანდ შავაძე, მასწავლებელი

მსგავსი დილემა აქვთ იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც ოჯახები სოფელში  ჰყავთ და მათთან ერთად სურთ მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღნიშვნა.

ყოფილა შემთხვევა, როცა ბაირამის დღესასწაულს დამთხვევია გამოცდა და მუსლიმი სტუდენტი მეჩეთის ნაცვლად გამოცდაზე წასულა.

რელიგიურ დღესასწაული სამუშაო დღე მხოლოდ მუსლიმებისთვის არ არის.

ძირითადად სამუშაო დღეს ემთხვევა ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული – შობა, რომელსაც მსოფლიო ქრისტიანების უმრავლესობა 25 დეკემბერს აღნიშნავს.

რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას 7 იანვარს აღნიშნავს, სახელმწიფოს უქმედ მხოლოდ 7 იანვარი აქვს გამოცხადებული, სხვა ქრისტიანებს კი შობის აღნიშვნა სამუშაო დღეს უწევთ.

ბათუმის კათოლიკური ეკლესია.
ფოტო: ლელა დუმბაძე

თამაზ აფრიამაშვილი ბათუმის კათოლიკე ეკლესიის დიაკვანია. მისი აზრით, რადგან მსოფლიოში ქრისტიანთა უდიდესი ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, კარგი იქნება, თუ საქართველოში ეს დღე უქმედ გამოცხადდება.

„სამწუხაროდ, საქართველოში ბევრ მორწმუნეს არ აქვს შესაძლებლობა, ისე აღნიშნოს ეს დღესასწაული, როგორც სურს, რადგან სამუშაო დღეა და ადამიანებს სამსახურში უწევთ წასვლა ეკლესიის ნაცვლად.

ჩვენი ეკლესიის წევრების ნაწილი მასწავლებელია, ზოგიც სტუდენტი, საჯარო ან კერძო სამსახურებში არიან ადამიანები დასაქმებულნი და სამუშაო დღეს ვერ ახერხებენ მსახურებაზე მოსვლას.

შობა საოჯახო დღესასწაულია, მთელი ოჯახია ამ პროცესში ჩართული და ეკლესიის გარდა ოჯახშიც უნდა აღინიშნოს ეს დღე, მაგრამ რადგან სამუშაო დღეა, ბავშვები, ახალგაზრდები ვერ მოდიან ხშირად მსახურებაზე.

სამცხე-ჯავახეთში როცა ვმსახურობდი, მაშინაც რთული იყო, რადგან შობაზე ადამიანები ვერ ახერხებდნენ ქალაქიდან სოფელში ამოსვლას, რადგან მუშაობდნენ“, – ამბობს თამაზ აფრიამაშვილი.

მისი თქმით, თუ 25 დეკემბერი უქმე დღედ გამოცხადდება, ესეც საკმარისი იქნება, რადგან აღდგომა ისედაც კვირას არის და დამატებითი უქმე დღის საჭიროება არ არის.

„25 დეკემბერს ბევრი ქრისტიანი აღნიშნავს შობას, ახლა უკრაინის ეკლესიამაც ამ დღეს გადაწყვიტა შობის აღნიშვნა და კარგი იქნება, თუ ჩვენც შევძლებთ ამ დღის უქმედ გამოცხადებას“, – გვითხრა მან.

შმაგი ჭანკვეტაძე, პასტორი

მის აზრს იზიარებს შმაგი ჭანკვეტაძეც, საქართველოს ევანგელური ალიანსის აღმასრულებელი მდივანი და საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი გორის ეკლესიაში.

„საჭირო კი არა, ვფიქრობ აუცილებელიც არის, რომ 25 დეკემბერი იყოს უქმე დღე, რადგან გარდა იმისა, რომ თითქმის მთელი მსოფლიო ამ დღეს აღნიშნავს შობას, ეს თანასწორი და ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებისთვისაც მნიშვნელოვანია.

მესმის, რომ კალენდართან არის დაკავშირებული და შეიძლება რთული იყოს გადაწყვეტა, მაგრამ ისეთი დღესასწაულები, როგორიცაა, ვთქვათ, ჩვენთვის შობა, მუსლიმებისთვის – ყურბან ბაირამი ან ისეთი დღესასწაული, როგორიცაა ნოვრუზ ბაირამი, უნდა გამოცხადდეს უქმე დღედ.

ბევრი ადამიანია დაკავებულია 25 დეკემბერს, მუშაობენ საჯარო ან კერძო სამსახურებში და ამავე დროს რთულია მსახურებასაც დაესწრო, ამიტომ, თუ მთელ ქვეყანაში არ გამოცხადდება ეს დღე უქმედ, ის მაინც რომ მოხერხდეს, რომ ვინც ამ დღეს აღნიშნავს, მათთვის იყოს უქმე და შეძლონ ისე გატარება, როგორც მათი მრწამსი მოითხოვს“, – ამბობს შმაგი ჭანკვეტაძე.

იეზიდები საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობაა. ისინი გაზაფხულზე ბუნების განახლების დღესასწაულს აღნიშნავენ. მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა ასევე მარზალი, რომელიც ივნისში აღინიშნება.

ამ თემის წარმომადგენელია აგიტ მირზოევი, იურისტი, იეზიდთა სასულიერო საბჭოს მრჩეველი.

აგიტ მირზოევი

აგიტის აზრით, საქართველოში, ზოგადად, ძალიან ბევრი უქმე დღეა, თუმცა თანასწორობის პრინციპებიდან თუ შევაფასებთ, მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებსაც ჰქონდეთ თუნდაც ერთი უქმე დღე, საკუთარი დღესასწაულების აღსანიშნად.

„მე როგორც მოქალაქე, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს, რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვუყურებ ამ საკითხს და მეტიც, ვფიქრობ, რომ ინტეგრაციის თვალსაზრისით დადებითად აისახება ეს მოსახლეობაზე.

გვექნება განცდა, რომ სახელმწიფო ჩვენც გვხედავს, გვიღებს და გვაღიარებს, პატივს სცემს ჩვენს მრწამს და აქვს მგრძნობელობა ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

მესმის, რომ ბევრი უქმე დღეა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ერთიან სამოქალაქო პოზიციაზე, სამოქალაქო ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, იმაზე, რომ რაღაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვენც აღვიქვათ ჩვენი თავი როგორც ამ ქვეყნის ნაწილმა, მაშინ ასეთი ინიციატივები იქნება მისასალმებელი“, – გვეუბნება აგიტ მირზოევი.

ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების უქმე დღეებად დაწესებას სამართლიანად მიიჩნევს როლანდ შავაძე. მისი თქმით, სეკულარულ სახელმწიფოში თუ ყველა თანასწორია, მაშინ მუსლიმებსა და უმცირესობების წარმომადგენელ ქრისტიანებსაც უნდა შეეძლოთ უქმე დღეებით სარგებლობა.

მეჩეთი მაღალმთიან აჭარაში/ ფოტო: ბათუმელები

„თუკი ამაზე ვერ შევთანხმდებით, ეს იქნება ერთგვარი დისკრიმინაცია უმცირესობების.

ვფიქრობ, სწორი იქნებოდა, იმაზე მაინც შევთანხმებულიყავით, რომ თუ ქვეყნის მასშტაბით არ გამოცხადდება, მაგალითად, ბაირამი უქმე დღედ, დამსაქმებლების დონეზე მაინც მოხდეს შეთანხმება, რომ ეს დღე მუსლიმებისთვის იყოს უქმე და მათ არ ჩაეთვალოთ სამსახურის გაცდენად. ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი.

როცა არ არის უქმე დღე და ვაცდენთ ჩვენი დღესასწაულის აღნიშვნის გამო, ჩვეულებრივ გვეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხომ?!

როცა სახელმწიფო სტრუქტურები წამოიწყებენ ამ პროცესს, კერძოებიც ჩაერთვებიან“, – ამბობს როლანდ შავაძე.

მისი აზრით, ეს უნდა გავრცელდეს ბავშვებსა და სტუდენტებზეც, რადგან დიდ რელიგიურ დღესასწაულებს, როგორც წესი, ადამიანები ოჯახთან ერთად აღნიშნავენ.

„მაგალითად, მოსწავლეს, სტუდენტს ან მასწავლებელს არ უნდა ეთვლებოდეს გაცდენად, თუ ის წავა მსახურებაზე, ასევე იმ მოხელეებსაც, ვინც არის, ვთქვათ, მუსლიმი და წავა რელიგიურ მსახურებაზე.

მაგალითად, სკოლის დირექტორს, რომელიც იმ დღეს ვერ მივიდა სკოლაში, არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა და ინფორმირებული უნდა იყოს რესურსცენტრი, თუ რატომ არ მიდის იმ დღეს დირექტორი სკოლაში. ხოლო იმ სოფელში ან რეგიონში, სადაც უმრავლესობას წარმოადგენს მუსლიმი თემი, შეიძლება მთლიანად გამოცხადდეს უქმე დღე.

თუ ჩვენ რეალურად დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, მაშინ დემოკრატიული ქვეყნის პრინციპები მოითხოვს, რომ ადამიანის უფლებები თანაბრად იყოს დაცული და ამ უფლებებში შედის ჩვენი რელიგიური უფლებებიც“, – ამბობს როლანდ შავაძე.

საქართველოში უქმე დღეებით სარგებლობის უფლება რელიგიურ დღესასწაულებზე მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანებს აქვთ, სხვა ეკლესიების წევრებს – არა. 
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

მისი აზრით, უქმე უნდა იყოს უქმე და იგივე სკოლის შემთხვევაში სახელმწიფომ არ უნდა მოითხოვოს გაცდენილი საათის ანაზღაურება, მაგალითად, შაბათის ხარჯზე.

როლანდი ამბობს, რომ თუ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის არ მიიჩნევს სახელმწიფო მიზანშეწონილად რამდენიმე დღის უქმედ გამოცხადებას, მაშინ სამართლიანი იქნებოდა საერთოდ შემცირებულიყო დასვენების დღეები რელიგიური დღესასწაულების ხარჯზე და დარჩენილიყო მხოლოდ ეროვნული დღესასწაულები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა 26 მაისი.

„ამ შემთხვევაში უქმე დღეებიც შემცირდებოდა და არც უმცირესობები იგრძნობდნენ თავს დაჩაგრულად“, – გვითხრა როლანდ შავაძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე, რომელიც მუსლიმი თემის წარმომადგენელია, აპირებს ინიციატივით მიმართოს პარლამენტს და წელიწადში დაახლოებით 6 დღის უქმედ გამოცხადება მოითხოვოს.

მისი თქმით, აქ საუბარია როგორც მუსლიმების, იეზიდების, ასევე ქრისტიანული რელიგიური უმცირესობების მნიშვნელოვანი დღესასწაულების დასვენების დღედ გამოცხადებაზე.

საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას ტარიელ ნაკაიძე საშემოდგომო სესიაზე აპირებს.

„იმედი მაქვს, ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს როგორც ქართული ოცნება, ასევე ოპოზიცია“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

როგორია ამ მხრივ საერთაშორისო პრაქტიკა?

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, რომელიც 2023 წელს გამოქვეყნდა, რელიგიური უქმე დღეების აღნიშვნასთან დაკავშირებით ევროპის სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული მიდგომა აქვს.

არის შემთხვევები, როცა რომელიმე კონკრეტული სახელმწიფო უფლებას აძლევს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, არ იმუშაონ მათთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღნიშვნის დღეს.

არის ისეთი პრაქტიკაც, მაგალითად, საფრანგეთში, როცა ორგანიზაციის შიგნით ხდება შეთანხმება და თავად დამსაქმებელი წყვეტს, შეუძლია თუ არა უქმე დღე დაუწესოს კონკრეტულ თანამშრომელს, მისი რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე.

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენების უფლება განიხილება რელიგიის თავისუფლების ნაწილად და ცალკეული სახელმწიფოები ითვალისწინებენ სხვადასხვა გონივრულ მექანიზმს.

საქართველოს შემთხვევაში კი მსგავსი საკითხები არც კანონმდებლობის და არც პრაქტიკის დონეზე დარეგულირებული არ არის.

საქართველოს „შრომის კოდექსის“ თანახმად, „დასაქმებულს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით“.

თუმცა ამ შემთხვევაში არსებული უქმე დღეების ნაცვლად სხვა დასვენების დღის მოთხოვნა შრომით ხელშეკრულებასა და დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რაც დასაქმებულისთვის შესაბამის გარანტიებს ვერ ქმნის.

_____________________________________________________________________

სტატია მომზადდა „ბათუმელების“ მიერ, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის – „რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ ფარგლებში.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: