მთავარი,სიახლეები

როცა პრემიერი წინასწარ, გამოძიების დასრულებამდე დამნაშავედ გაცხადებს

14.07.2023 • 1725
როცა პრემიერი წინასწარ, გამოძიების დასრულებამდე დამნაშავედ გაცხადებს

„ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია – ამას არავის არ ვაპატიებთ… ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით.

21 წლის ლაზარე პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. როცა აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღებას და ათასობით სხვა მოქალაქესთან ერთად რუსთაველზე იდგა.

გამოძიება მას ედავება პოლიციელთა მიმართ ძალადობას და პოლიციის ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და სასამართლოს ლაზარე დამნაშავედ არ უცნია, ღარიბაშვილმა ის უკვე გამოაცხადა დამნაშავედ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით არა მარტო არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას ლაზარესთან მიმართებაში, არამედ პირდაპირი ზეწოლაა სასამართლოზე.

„ღარიბაშვილის განცხადება პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირისგან, შეიძლება ითქვას, პირდაპირი ზეწოლაა სასამართლოზე, საგამოძიებო ორგანოებზე, რადგან სწორედ მათ უნდა მიიღონ ამ საქმეზე გადაწყვეტილება.

ღარიბაშვილმა წინასწარ დაარქვა ყველაფერს სახელი, მაშინ, როცა გამოძიება არ არის დასრულებული.

მეორეს, მხრივ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მაღალი თანამდებობის პირი უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს და ეს ზეწოლა მიემართება კონკრეტულ პირებს, კონკრეტულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რათა ხელისუფლებამ პოლიტიკური სარგებელი ნახოს“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

როცა პრემიერი წინასწარ აცხადებს ლაზარეს დამნაშავედ და აანონსებს, რომ მას უმკაცრესად დასჯის, ასეთ პირობებში რა შანსი არსებობს, რომ სასამართლო არ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ობიექტურად იმსჯელებს საქმეზე? – ვკითხეთ უჩა ნანუაშვილს.

ნანუაშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც სისტემაში გვყავს სანქცირებული მოსამართლეები და სასამართლო, რომელიც პრაქტიკულად დამოკიდებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და სასამართლო დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული პრობლემა არსებობს ქვეყანაში, ასეთ დროს რისკები კიდევ უფრო იზრდება.

„მე, პირადად, წინასწარ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ეს იქნება აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისობაში იქნება სწორედ იმ განცხადებებთან, რომელიც პრემიერმა გააკეთა“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

მისი თქმით, ღარიბაშვილის და, ზოგადად „ქართულ ოცნების“ ლიდერების განცხადებების ამა თუ იმ რეზონანსულ საქმესთან მიმართებაში აჩვენებს, რომ ქვეყანაში სამართალი შერჩევითია.

მაგალითად, 5 ივლისის ძალადობის საქმეზე დაკავებული პირების მისამართით პრემიერ ღარიბაშვილს და თუნდაც ირაკლი კობახიძეს ვინმე კონკრეტულ პირთან დაკავშირებით არასდროს უთქვამთ, რომ ის დამნაშავეა.

ღარიბაშვილი და კობახიძეც ამ საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს მხოლოდ ორი სიტყვით პასუხობდნენ – „დაველოდოთ გამოძიებას“.

„ვხედავთ, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლება პრაქტიკულად ინარჩუნებს სიმშვიდეს და არანაირ განცხადებას არ აკეთებს. მაშინ, როდესაც, იგივე ლაზარე წინასწარ დებს ბრალს და აცხადებს დამნაშავედ.

აქაც ძალიან ნათლად ჩანს შერჩევითი სამართლის ნიშნები, რადგან 5 ივლისის საქმეზე, როცა სახეზეა ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები, ამის ფონზეც კი, ხელისუფლება ცდილობს არ გააკრიტიკოს ეს ძალადობრივი, ექსტრემისტული ჯგუფები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს ჯგუფები ხელისუფლების მიერ არიან კონტროლირებადი და ფაქტობრივად ერთ მიზანს ემსახურებიან“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

მისი აზრით, „ქართული ოცნების“ და ამ ექსტრემისტული ჯგუფების რიტორიკა ხშირად თანხვედრაშია.

„შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება იყენებს ამ ექსტრემისტულ ძალებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ამ შემთხვევაშიც ძალიან ნათლად ჩანს, როცა ხელისუფლება მაქსიმალურად ნეიტრალურია 5 ივლისის საქმის გამოძიებასთან მიმართებით და ცდილობს არ ჩაერიოს გამოძიებაში, მართლმსაჯულებაში და შეიკავოს თავი იგივე განცხადებებისგან, რაც ლაზარეს შემთხვევაში გააკეთა.

რა თქმა უნდა, ეს არის შერჩევითი მიდგომა. ეს ორი ძალა: „ქართული ოცნება“ და ეს ექსტრემისტული-ძალადობრივი ჯგუფები ავსებენ ერთმანეთს რაღაც საერთო მიზნის მიღწევაში“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი ჯერ ირაკლი კობახიძემ დააკავშირა „ბოლშევიკურ ტროიკას“ და „ორიენტაციაარეული“ უწოდა საჯაროდ.

შემდეგ ღარიბაშვილმა სატანისტები და ანარქისტები უწოდა იმ ახალგაზრდას, ვინც რუსულ კანონს აპროტესტებდა ქუჩაში.

რატომ ლაზარე, როცა რუსთაველზე ათასობით ახალგაზრდა იდგა? – ვკითხეთ უჩა ნანუაშვილს. მისი აზრით, ამ შემთხვევაში ლაზარე ერთგვარი სიმბოლოა ყველა იმ ახალგაზრდის, რომელიც შეეწინააღმდეგა მმართველი პარტიის პრორუსულ პოლიტიკას და მისი დასჯით ერთგვარ შურისძიებას ცდილობს ხელისუფლება.

„ამაზე მეტყველებს იგივე ლაზარეს მამის დაკავებაც, კარვის გაშლაზე ხელშეშლა, ეს აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ ის პრაქტიკულად ებრძვის მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანს. მაშინ, როცა გამოძიებას არც კი გაუანალიზებია, რა გახდა მარტის მოვლენების მიზეზი და ვინ იყო რეალურად ამ პროცესებში მთავარი დამნაშავე.

რა თქმა უნდა, დამნაშავე ამ პროცესებში იყო საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია, პარლამენტი, რომელმაც ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც ქვეყანა გაიყვანა კონსტიტუციური, კანონიერი ჩარჩოებიდან.

სწორედ ამას მოჰყვა ხალხის პროტესტი და სანამ ამას არ აღიარებს ხელისუფლება, ნებისმიერ მსგავს საქმესთან დაკავშირებით ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნები“, – ამბობს ნანუაშვილი.

ბოლო სასამართლო პროცესზე ლაზარეს სიტყვის უფლებაც კი არ მისცეს. ამის საპასუხოდ მან ფურცელზე დაწერა – „თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს“.

„თუ ლაზარეს საქმეზე სასამართლო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ეს საქმეც გასაჩივრდება.

ეს იქნება კიდევ ერთი ნიშანი იმის, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება არ არსებობს და მას ხელისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს იმ პირების, ჯგუფების წინააღმდეგ, ვინც მის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.

თუმცა, ეს გადაწყვეტილება იქნება კიდევ ერთი მანიშნებელი, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით ქვეყანამ რასაც აქამდე მიაღწია, შესაძლოა დაკარგოს და გარკვეულწილად კიდევ დაშორდეს ევროპულ ორბიტას“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: