განათლება,მთავარი,სიახლეები

ტირილი საკუთარ ქორწილში – რას გლოვობს მეხოშის „პატარძალი“

13.07.2023 • 50959
ტირილი საკუთარ ქორწილში – რას გლოვობს მეხოშის „პატარძალი“

მეხოშის „პატარძალს“ თვალები ცრემლით აქვს სავსე, ყელზე კი რკინის მსხვილი ჯაჭვი უკეთია. პატარძლის ძირს დახრილ თვალებში სევდა და ტკივილია – სწორედ ასეთი სახე აქვს გოგონების ნაადრევ და იძულებით ქორწინებას.

ეს სახე არაერთხელ უნახავს 16 წლის მეხოშ გუსეინოვას თავის სოფელში. იცის, რას განიცდიან გოგონები, როცა მშობლები სკოლაში წასვლას უკრძალავენ და წიგნების ნაცვლად ოჯახის ტვირთს ჰკიდებენ. მძიმე და მათთვის უცხო ტვირთს.

„ჩემ გარშემო ბევრი გოგოა, ვისაც სწავლაზე ხელი არ მიუწვდება. ბევრი გოგო ჩამოშორდა სკოლას, რადგან დააქორწინეს.

ახლა მე-11 კლასში ვარ და სულ სამი გოგონა შემოვრჩით, ადრე 8-9 ვიყავით. ამ ორი-სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გოგო წავიდა სკოლიდან.

ვიცი ისეთი გოგოები, რომლებიც მე-6, მე-7 კლასიდანაც კი გაიყვანეს და გაათხოვეს.

ჩემი ერთი კლასელი კი ისეთ კაცზე გაათხოვეს, რომელსაც ორი შვილი უკვე ჰყავდა და ამ პატარებზე 16 წლის გოგოს უნდა ეზრუნა. ჩემი მასწავლებლებიც კი შეწუხებულნი იყვნენ ამ ამბით“, – გვეუბნება მეხოში, რომელმაც წელს დაასრულა XI კლასი.

მეხოშ გუსეინოვა, სკოლის მოსწავლე

ის გვიყვება კიდევ ერთ გოგოზე, რომელიც ტიროდა საკუთარ ქორწილში, რადგან მშობელმა იძულებით გაათხოვა.

„ჩემზე ორი წლით პატარა იყო, როგორც ვიცი. მისი ქორწილის ვიდეოები როცა ვნახე „ტიკ-ტოკზე“, ტიროდა, რადგან არ უნდოდა ოჯახის შექმნა. კადრებშიც კი ჩანდა, რომ არ სურდა ქმრის გვერდით ფოტოს გადაღება და ტორტის გაჭრა.

მაშინ ვთქვი, „ნეტა, რაზე ფიქრობს მისი მშობელი, როცა ასე ატირებულ შვილს ხედავს მისსავე ქორწილში? არაფერს გრძნობს ამის გამო? ნუთუ არავინ არაფერი გააკეთა ამ ბავშვისთვის, რომ ეს ქორწილი არ შემდგარიყო.

ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ თუ გოგოს მდიდარ კაცზე გაათხოვებენ, ის ბედნიერი იქნება, ბევრი ოქრო ექნება და კარგად იცხოვრებს. მაგრამ ასე არ არის, ბედნიერებას ვერ გაცვლი ოქროზე.

მით უმეტეს მაშინ, როცა ქორწილში ნაჩუქარი ოქროც კი ამ გოგოების საკუთრება არ არის რეალურად და არ შეუძლიათ მათი ისე გამოყენება, როგორც მათ სურთ.

არ აქვთ გაყიდვის უფლება, რომ, ვთქვათ, ეს ფული სწავლას მოახმარონ. ამ ოქროს ისევ ქმარი განკარგავს. რად უნდა გიღირდეს ეს ოქრო, როცა ხედავ, როგორ ტირის შენი შვილი ამდენი ხალხის წინაშე. ეს ძალიან ცუდია“, – ამბობს მეხოშ გუსეინოვა.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა გოგონები სწავლის შეწყვეტის ან ოჯახში განცდილი დისკომფორტის გამო ცდილობენ ქორწინებას.

„მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიყავით, როცა აზერბაიჯანულ სექტორზე ერთი გოგო გადმოვიდა და მე-11 კლასამდე ჩემთან ერთად სწავლობდა. მშობლები არ ჰყავდა ამ გოგოს და ბიძამ აღარ მისცა სწავლის გაგრძელების უფლება. სახლში იყავი და ოჯახს მოუარეო, – ეუბნებოდნენ. სულ ტიროდა და ძალიან განიცდიდა.

იმდენად ცუდად გრძნობდა ამ სახლში თავს, ვიღაც სრულწლოვან კაცს გაჰყვა. ის კაციც წამალდამოკიდებული აღმოჩნდა მერე“, – გვეუბნება მეხოში.

მეხოშის ნახატმა შსს-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ნაადრევი ქორწინების თემაზე პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა

როგორ ფიქრობ, რატომ არ ესმით მშობლებს საკუთარი შვილების? – ვკითხეთ მას.

მეხოში ფიქრობს, რომ გარკვეულწილად ეს დაბალი ცნობიერების ბრალიცაა, რადგან მშობლები ხშირად ვერ იაზრებენ ნაადრევი ქორწინების ტვირთს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ არა მარტო გოგონებთან, მშობლებთანაც იმუშაოს ცნობიერების ამაღლებაზე. სკოლაში როცა მოდიან და ნაადრევი ქორწინების ნეგატიურ მხარეზე მე-6-7-კლასელ ბავშვებს ესაუბრებიან, ვფიქრობ, პატარა ბავშვები ამას ვერ გაიაზრებენ ბოლომდე, თუ მშობლებსაც არ ექნებათ ნაადრევ ქორწინებაზე იგივე შეხედულება.

სკოლის მასწავლებლებსაც აქვთ ხოლმე სურვილი ისაუბრონ ამ თემაზე მშობლებთან, მაგრამ სამწუხაროდ, მშობლების უმრავლესობამ არ იცის ქართული ენა და ვერ ახერხებენ ამ ინფორმაციის მიწოდებას. ამიტომ კარგი იქნება, რომ სახელმწიფო ენის შესწავლაშიც დაეხმარონ ადამიანებს“, – ამბობს მეხოში.

მეხოშის დედა საბავშვო ბაღში მუშაობს, მამა კი – თვითდასაქმებულია. მისი თქმით, ოჯახში ყველა აცნობიერებს განათლების, მათ შორის გოგონების განათლების მნიშვნელობას.

„მამას არ აქვს სკოლა ბოლომდე დასრულებული და ამას ძალიან განიცდიდა. თუმცა მამა, ბაბუაც და ბაბუის მამაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სწავლას.

მე და ჩემი და, ასევე ბიძაშვილებიც, ვსწავლობთ და ვაპირებთ, რომ უნივერსიტეტშიც გავაგრძელოთ სწავლა.

სკოლის გარდა კერძო გაკვეთილებზე დავდივარ და ვსწავლობ კოლეჯშიც. კარგად ვხატავ, ამიტომ მინდა სწავლა ამ მიმართულებით გავაგრძელო და მხატვარ-დიზაინერი გამოვიდე. ამაში ყველა ძალიან მიწყობს ხელს“, – გვეუბნება მეხოში.

მისი აზრით, განათლების გარეშე ვერ იქნება გოგონა ბედნიერი, მით უმეტეს, თუ მას იძულებით და ნაადრევად დააქორწინებენ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბევრმა გოგომ მიიღოს განათლება და აჩვენოს თანასოფლელებსაც, რამდენად საჭიროა ეს ქალებისთვის.

„იქნებ შევცვალოთ ბოლოს და ბოლოს ადამიანების აზრები და დამოკიდებულება, როცა ერთი ოჯახი იამაყებს თავისი გოგოს განათლებით და წარმატებით, სხვა ოჯახიც მიბაძავს და შეიცვლება დამოკიდებულება“, – ამბობს მეხოშ გუსეინოვა.

მეხოშის ნახატმა, რომელიც იძულებით ქორწინებას ასახავს, შსს-ს მიერ გამოცხადებულ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში გამართულ კონკურსზე პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა.

„500-ლარიანი ვაუჩერი მაჩუქეს და მთლიანად სახატავი მასალები შევიძინე“, – ამბობს მეხოში.

მეხოში ფონიჭალაში, 218-ე საჯარო სკოლაში სწავლობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: