მთავარი,სიახლეები

რა უნდა გააკეთოთ, რომ არ დაგაჯარიმონ – როცა პარკირებისთვის გადაიხადეთ და ბაზაში არ ჩანს

13.07.2023 • 7396
რა უნდა გააკეთოთ, რომ არ დაგაჯარიმონ – როცა პარკირებისთვის გადაიხადეთ და ბაზაში არ ჩანს

ბათუმში პარკირების საფასურის გადახდა, რაც 2023 წლის 7 თებერვლიდან შეწყვეტილი იყო, პირველი ივლისიდან გახდა შესაძლებელი, თუმცა არასრული სერვისით. ანუ გადახდა მხოლოდ საბანკო ბარათით და მხოლოდ მუნიციპალური შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ახალი პორტალითაა შესაძლებელი.

თუმცა, ზოგიერთი მოქალაქის თქმით, პარკირების საფასურს ახალ პორტალზე ვერ იხდიან და ვერც ადრე შეძენილი პარკირების საშვის ვადის გადამოწმებას ახერხებენ.

ამის პარალელურად, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, როგორც აქ განაცხადეს, პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის დაჯარიმება დაიწყო [თებერვლიდან ივლისამდე არც გადაუხდელობისთვის აჯარიმებდნენ].

„მუნიციპალურ ინსპექციას აქვს წვდომა პარკირების საფასურის გადახდის ბაზასთან, სადაც ჩანს ავტოტრანსპორტის მფლობელს გადახდილი აქვს თუ არა საფასური; თუ არ აქვს, ამ შემთხვევაში ჯარიმდება სამართალდამრღვევი“, – მოგვწერეს ინსპექციიდან.

პორტალზე ხარვეზები უარყვეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“:

„ამ ეტაპზე არავითარი ხარვეზი არ ფიქსირდება, თუ კონკრეტულ შემთხვევებში მოქალაქეები ვერ ახერხებენ გადახდას, ან საშვის ვადის გადამოწმებას, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ მითითებული ცხელი ხაზის ნომერზე: 577 57 17 74“.

აღნიშნულ ნომერზე კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ბანკის ბარათის მართვა ყველამ შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ, რომ მიყვები სტრუქტურულად, გადახდა ძალიან იოლი პროცესია. თავიდან იყო ინტერნეტბანკინგით და ბარათით გადახდის ფანჯარა, მაგრამ უკვე ეს ხაზი გასწორებულია – ვინაიდან ინტერნეტბანკინგით ვერ ხერხდება ამ ეტაპზე გადახდა, ჩვენ მოვაშორეთ ის და დავტოვეთ მხოლოდ ბარათით გადახდა. ეს ყველაზე იოლი ფორმატი შევარჩიეთ გადახდის, ვინაიდან დაჯარიმება დაიწყო და დისკომფორტი რომ არ შექმნოდა მოქალაქეებს.“

„ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე ისიც გვითხრეს, რომ „რა თქმა უნდა, სრული კომფორტი ეს ვერ არის მოქალაქეებისთვის [როგორც ადრე – როცა  ჩართული იყო მთელი სტრუქტურა: ინტერნეტბანკინგი, მოლარე ოპერატორი, მობაილ ბანკი, გადახდის აპარატები], მაგრამ ახლა რადგან ახალი პორტალია, ახალი პროგრამაა, ეს ყველა სერვისი მას უნდა მოვარგოთ. ჩვენ მივაწოდეთ მონაცემები შესაბამის კომპანიებს, მაგრამ ასე უცებ ვერ ხდება, თავიანთი შინაგანაწესი და პროცედურები აქვთ.“

„ნებისმიერი საბანკო ბარათით, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, შესაძლებელია საფასურის გადახდა ჩვენი პორტალიდან. თუ რაიმე ხარვეზი დაფიქსირდება, შესაძლოა ბანკის ან ინტერნეტის დროებითი პრობლემა იყოს [ქსელმა გაჭედოს მაგალითად]. სხვა სერვისების ჩართვაზეც მიდის მუშაობა, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეროვნული ბანკის ჩართულობაც კი არის საჭირო“, – გვითხრეს „ავტოტრანსპორტში“. – „თუ არ ვცდები ჩოლოქში ბილბორდებზეც არის ეს ცხელი ხაზის ნომერი მითითებული, ბევრი რეკავს და ყველა, ვისაც ვუხსნით სტრუქტურულად როგორ არის, ძალიან იოლად იხდის“.

პარკირების საფასურის გადახდისთვის გადადით ამ ბმულზე

სერვერი ხუთი თვის წინ დაზიანდა, რატომ ვერ მოხერხდა ისე, რომ ამ პერიოდში ყველა სერვისი გამართულიყო და ახალი პორტალიც შემდეგ ამოქმედებულიყო? – ამ კითხვის პასუხად ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ „შესაბამისი ტექნიკა/სერვერი წაღებული იყო სამხარაულის საექსპერტო ბიუროში, დაკარგული ფაილების აღსადგენად – ბიუროს უნდა გამოერკვია, ის ფაილები მოიძებნებოდა, არ მოიძებნებოდა – ამას დიდი დრო დასჭირდა“.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც პარკირების ერთწლიანი საშვი შეიძინეს 2022 წლის ივლისის შემდეგ და ბაზაში შესაბამის მონაცემებს ვერ პოულობენ – „ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე დაგვიდასტურეს, რომ დაზიანებული სერვერიდან ძველი ფაილების აღდგენა ვერ მოხერხდა:

„დაკარგული ფაილები, რაც ვერ აღდგა, ჩვენ და დეველოპერებიც, ვცდილობთ ბანკებიდან წამოვიღოთ ეს მასალა, თუ რაიმე არის. ამასაც თავისი პროცედურები აქვს და უცებ ვერ ხერხდება – ჩვენ გავაკეთეთ მოთხოვნა, რომ 2022 წლის ივლისის შემდეგ ვინც გადაიხადა 1 წლის საფასური, იქნებ მოგვაწოდონ სიები.

მუშა პროცესია – ზოგი მოგვაწოდეს, ზოგი ჩვენ გვქონდა შენახული, ზოგი… თვითონ მოქალაქეებს ვთხოვთ, იქნებ რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ და მოგვიტანონ, ბანკებთან ვამოწმებთ და თუ დაადასტურებს, შეგვყავს ბაზაში, თუნდაც 1 თვე ჰქონდეს საშვს ვადა დარჩენილი. რაც მოხდა, არავის უნდოდა, მაგრამ ტექნიკაა… ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ დაზარალებულ მოქალაქეებს – ზოგს მოაქვს გადახდის ქვითარი, ზოგს ეტყობა არ უღირს ცოტა დრო აქვს დარჩენილი“, – ამბობენ „ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე.

„ბათუმელებმა“ შემთხვევითობის პრინციპით დღეს, 13 ივლისს, 40-მდე ავტომანქანის ნომერი [მათ შორის რუსული] გადაამოწმა პარკირების საშვზე, თუმცა მათგან მხოლოდ 2 ქართული ნომერი აღმოჩნდა, რომლებსაც გასულ წელს ჰქონდათ პარკირების საფასური გადახდილი [მთელი წლის], სხვა შემთხვევაში პორტალზე ძებნის შედეგის გრაფაში დაიწერა: „სამწუხაროდ, აქტიური საშვი ვერ მოიძებნა…“

როგორ უნდა გაარკვიოს მუნიციპალურმა ინსპექციამ ჩვენ მიერ გადამოწმებული იმ 38 ნომრის შემთხვევაში, ავტომანქანის მესაკუთრეს გადახდილი აქვს თუ არა საშვის საფასური, როცა სისტემა ვერ ეძებს? – ინსპექცია ამბობს, რომ მას წვდომა აქვს ბაზაზე, „ავტოტრანსპორტში“ კი გვითხრეს, რომ ამ ბაზის გადამოწმება მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ პორტალზეა შესაძლებელი.

„ინსპექციას არ ვიცი რა ბაზაზე აქვს წვდომა, მაგრამ პარკირების ბაზა, როგორც ასეთი, ვერ ექნება – ეს „ავტოტრანსპორტის“ პორტალზეა, რომელიც ჩვენთვისაც, თქვენთვისაც და ინსპექციისთვისაც ერთია. ჩვენი პორტალის საინფორმაციო გვერდზე ამოწმებს და თუ არ არის მონაცემები შეტანილი – ეს უკვე რთული პროცესია…

როგორც კი მოვიდა ინფორმაცია სერვერის დაზიანების შესახებ, იმ დროიდან ჩაერთო „ავტოტრანსპორტი“ შეექმნა ახალი პორტალი, ამიტომ დაიწყო ეს პროცესები. ამასთან, გვქონდა პოზიცია, რომ ვიდრე სრული კომფორტი არ ექნებოდა მოქალაქეს გადახდის კუთხით, არ დაჯარიმებულიყო პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის. ინსპექცია ცალკე ორგანიზაციაა, მაგრამ რაღაცას მოახერხებენ ალბათ ისეთი მოქალაქისთვის, ვისაც ჰქონდა გადახდილი პარკირების საფასური დაჯარიმების მომენტისთვის და არ ჩანდა ბაზაში და შემდეგ აისახა… რაღაც კანონმდებლობა ექნებათ, ან გაუუქმებენ იმ ჯარიმას“, – გვითხრეს „ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე.

რამდენი იზარალა ქალაქის ბიუჯეტმა ბოლო ხუთ თვეში პარკირების საფასურის გადაუხდელობით? – ეს, როგორც საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე აღინიშნა, ბათუმის მერიას დათვლილი არ აქვს. მერიამ პარკირების საფასურის გადახდის პრობლემასთან დაკავშირებით არც „ბათუმელების“ ოფიციალურ წერილს უპასუხა.

ამავე თემაზე:

რუსულნომრიან მანქანებს ვერც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: