მთავარი,სიახლეები

„ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ სემეკმა 75-75 ათასი ლარით დააჯარიმა

06.07.2023 • 1108
„ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ სემეკმა 75-75 ათასი ლარით დააჯარიმა

სემეკმა სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების გაუარესებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრულყოფილი ინფორმაციის დაფიქსირების გამო, 75 000-75 000 ლარით დააჯარიმა.

სემეკის ინფორმაციით, კომპანიებს დაევალათ დაკისრებული ჯარიმების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში.

„სემეკში შექმნილმა მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა განახორციელა „თელასისა“ და  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის (უწყვეტობა) მაჩვენებლების კონტროლი.

კერძოდ, შეისწავლა კომპანიების მიერ 2022 წლის განმავლობაში ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის შესახებ ინფორმაცია – ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიის მომარაგების საშუალო ხანგრძლივობა (SAIDI წუთი/მომხმარებელი) და ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირე (SAIFI გამორთვა/მომხმარებელი).

შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები 2022 წელს 2021 წელთან შედარებით იყო გაუარესებული. ამასთანავე, აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არ იყო სრულად ასახული ინფორმაცია.“ – აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თელასსა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაევალათ ელექტროენერგიის საიმედოობის 2022 წლის მაჩვენებლებზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორების ანალიზისა და მათი გამოსწორების გეგმა-გრაფიკის სემეკში წარდგენა 2023 წლის პირველ სექტემბრამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: