მთავარი,სიახლეები

მუდმივი მალვა, ძალადობა და სიღარიბე – სექსმუშაკი ქალები საქართველოში

10.07.2023 • 27258
მუდმივი მალვა, ძალადობა და სიღარიბე – სექსმუშაკი ქალები საქართველოში

„19 წლის გავთხოვდი, ქმარი სვამდა და მცემდა… მუდამ შარზე იყო, რამდენჯერ გავუგდივარ ღამით თოვლსა და წვიმაში გარეთ, მერე ჩუმად ვიპარებოდი ბავშვებთან; მშობლებთან დაბრუნებულს მითხრეს, უნდა მოითმინოო. ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა, საკუთარ თავში ჩავიკეტე… გამიჭირდა გაჩერება, წასასვლელი კი არსად მქონდა… ნაცნობმა გოგომ, თურქეთში, ეს სამუშაო შემომთავაზა“, – ჰყვება ირინა ბათუმიდან, ის ახლა 46 წლისაა და 15 წელია სექსსამუშაოშია ჩართული.

სექსმუშაკი ქალები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე უფლებრივი მდგომარეობის მხრივ. ადრეულ ასაკში „გათხოვება“, ოჯახში ძალადობა და სიღარიბე – ეს სამი ფაქტორი აერთიანებს ყველა იმ ისტორიას, რომლებიც „ბათუმელებს“ სექსსამუშაოში ჩართულმა ქალებმა უამბეს.

  • ოჯახში ძალადობა და სიღარიბე

თეა 16 წლის იყო, როცა სრულწლოვანი ბიჭისგან დაორსულდა, რომელზეც დააქორწინეს. იქამდე სამხრეთ საქართველოში, დედასთან და მოძალადე მამასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ცოლსა და შვილზე ფიზიკურად ძალადობდა – „ერთხელ დედა მაშით სცემა, კბილები სულ ჩამტვრეული ჰქონდა“. – იხსენებს თეა. – „რამდენჯერ, მთვრალს, მეც სასტიკად ვუცემივარ“. 

თეა დღეს 23 წლისაა, 13 წლის ასაკში, ოჯახის ახლობლის მხრიდან, რამდენჯერმე გახდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, თუმცა ეს ამბავი დღემდე არ გაუმხელია ოჯახის წევრებისთვის. 

სექსსამუშაოში, ქმართან სამწლიანი თანაცხოვრების დასრულების შემდეგ, თბილისში ჩაერთო: „მაშინ კონსულტანტად ვმუშაობდი ერთ-ერთ მაღაზიაში, შეყვარებულთან ერთად ვცხოვრობდი, რომელსაც შინ არაფერი მოჰქონდა, ყველაფერს ჩემგან ელოდა, საჭმელსაც, სიგარეტსაც. ეს საქმე ერთ-ერთმა სექსმუშაკმა გოგომ შემომთავაზა, რომელიც შემთხვევით გავიცანი, მაშინ უარი ვუთხარი… მაგრამ მერე ვიფიქრე – რატომაც არა, ასე ქუჩაში ყოფნას, ჩემი ფული მექნება, ჩემი ტელეფონი მექნება… და გადავწყვიტე“.

თეა

 ბავშვობაში სექსუალური ძალადობის შემთხვევას იხსენებს 26 წლის ტრანსგენდერი ქალი თბილისიდან ნათია, რომელიც 11 წელია სექსსამუშაოშია ჩართული. „8 წლის ვიყავი. სპეციალურად ისეთ ადგილას წამიყვანა, სადაც ვერც ჩემს ხმას გაიგონებდა ვინმე, ვერც დამინახავდა. პირველად ისე ცუდად გავხდი, გონება დავკარგე. 13-14 წლამდე ძალადობდა. ახლაც იქ ცხოვრობს, მაგრამ აბა, რას დავუმტკიცებ…“

ნათია ჰყვება, რომ სექსსამუშაოში თბილისში ჩაერთო, სადაც მე-9 კლასის დამთავრებისთანავე გადავიდა საცხოვრებლად და სტილისტის კურსებზე ჩააბარა:

„ერთ საღამოს სალონიდან ფეხით წამოვედი, დავინახე, ცირკთან გოგოები იდგნენ. მეთქი, რა მაგარი „ნაშებია“, ახლოს მივედი, კაცის ხმით ლაპარაკობდნენ. ერთ-ერთმა სახლში დამპატიჟა. კაბა მოვირგე, მე იქამდეც მაინტერესებდა ასეთი ტანსაცმელი, თმა… მალევე გამოვერკვიე ვინ ვიყავი და მეც გადავწყვიტე ამ საქმეში ჩართვა“. 

ნათია ამბობს, რომ თავიდან ეს საქმე საკმაოდ მომხიბვლელად ეჩვენებოდა, მაგრამ ახლა ეზიზღება, „გავიგე, რომ სექსსამუშაოში კარგი ფული იშოვება. ახალი რომ ვიყავი, დაინტერესებაც მეტი იყო. ძალიან დავიღალე… ევროპაში წასვლაზე ვფიქრობ, იქ ყველანაირ სამსახურში მოვახერხებ მუშაობას, მხვეტავად, მიმტანად… ოღონდ იქაც „ბოზი“ არ ვიყო“.   

  • თვითდესტრუქციული ქცევა და ადიქციები

 სექსსამუშაოში ჩართვა საქართველოში დიდწილად ასოცირდება საკუთარი უსაფრთხოებისა და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მაღალ რისკებთან. ჩვენი რესპონდენტები, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების ჭარბად მოხმარებასა და სექს-სამუშაოს შორის მჭიდრო კავშირს ხედავენ; ზოგიერთი მათგანი თვითდესტრუქციული ქცევის ისეთ ფორმაზე საუბრობს, როგორიც სხეულის დაზიანებაა.

ანას ფეხზე უამრავ წვრილ ნაწიბურს ვხედავ. „ეს ახალია“ – მეუბნება ის. სხეულის თვითდაზიანება ანამ 18 წლის წინ, ჯერ კიდევ ქორწინების პერიოდში დაიწყო. ის ბოლო ხუთი წელია, თითქმის ყოველდღე მოიხმარს ალკოჰოლს.

„ძალიან ხშირად ვსვამ. პივა და არაყი – იმიტომ, რომ ფხიზლად ვერ იარსებებ ამ გზაზე. დასალევით თითქოს ივიწყებ ამ ყველაფერს, მაგრამ რომ გაიღვიძებ, პრობლემა პრობლემად რჩება, აქეთ კიდევ ორგანიზმს აზიანებ. ცოტა ღვიძლი და ნაღველი მაწუხებს. ვსვამ მეხუთე წელია. სხვა გზა არ არის, უნდა დალიო“, – ჰყვება ის. 

„ამ საქმიდან გამომდინარე ყველა ვეძებთ რამე განტვირთვას და მოსვენებას – აგერ სიგარეტს მოვწევ, რომ დავმშვიდდე; სხვა პლანს მოწევს, რომ ცოტა განიმუხტოს; დღეს წამალს გავიკეთებ; ხვალ ტაბლეტს ვიყიდი – 20 ლარი ღირს აფთიაქში და დავლევ, რომ დღეს ცოტათი დავასვენო ტვინი და ხვალ უკეთესი დღე იქნება… მაგრამ ხვალ ყოველთვის უარესია. გუშინ რომ ერთი ტაბლეტი გინდოდა, ხვალ 10 ტაბლეტი გინდა… ეს სიტუაციაა ზოგადად [თემში].

მე უფრო დასალევთან მაქვს პრობლემა, ზოგი – პლანზეა, ზოგი – წამალზე, ზოგი – რაზე, ზოგი – რაზე. იღლები ძალიან, იმაზე ფიქრობ, როდის ვინ მოვა, რომ საჭმელი ჭამო. და კიდევ, როგორი ადამიანი შეგვხდება, არ იცი. მუდმივად სტრესია“, – ჰყვება 37 წლის მაია, რომელიც ბათუმში, სექსსამუშაოში 10 წლის წინ ჩაერთო.

მაია

ნათია, ტრანსგენდერი სექსმუშაკი ქალი თბილისიდან ამბობს, რომ მისი შეფასებით, სექსსამუშაო პირდაპირ კავშირშია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან. მას, მუშაობის 11-წლიან პერიოდში, რამდენჯერმე ჰქონია ადიქციასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა, რის დაძლევასაც კლიენტების მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ართულებს.

„ჩემი შეფასებით, ახლა საქართველოში მეტამფეტამინის [გულისხმობს ალფა პვპ-ს] პანდემიაა, ძალიან ბევრ კლიენტს აქვს, ბევრი მოიხმარს, დიდიც და პატარაც. მე მაგას არ ვყიდულობ, მაგრამ ვიცი იაფია, ადვილად ხელმისაწვდომია და სწრაფად იწვევს შეჩვევას“, – ამბობს ის.

„ალფა პვპ“ ძლიერი სტიმულატორია, რომელიც ეფექტებით ჰგავს მეტამფეტამინს.ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც აბაზანის მარილებს. Alternative Georgia წერს, რომ ამ ნარკოტიკულ საშუალებაზე ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული.

ნათია

  • შეიარაღებული თავდასხმები, ქურდობები და ფულის წართმევის მცდელობები

სექსმუშაკი ქალები ძალიან ხშირად ხდებიან როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები. ასევე ხშირია ფულის არ გადახდის, გადახდილი ფულის უკან წართმევისა და ფულის მოპარვის შემთხვევები.

კლიენტების მიერ ტრანსგენდერი სექსმუშაკი ქალების მიმართ ტრანსფობიური სიძულვილის გამოვლინებაზე საუბრობს ნათია: „კონფლიქტის ძირითადი მიზეზი არის ფული და აგრესია. თანხის გადახდა არ უნდოდათ, მოუპარავთ კიდეც ფული; აგრესიაა ძირითადად აქტის შემდეგ, ეს როგორ გავაკეთე, იგინებიან, რამდენს უცდია მოტყუება, თითქოს ეს გამოცდილება პირველია მათთვის“.

ნათია რამდენიმე წელია არც ერთ ქალაქში „პლეშკაზე“ აღარ გადის. ამბობს, რომ მისთვის ეს საფრთხის შემცველი სივრცეა. იგი ბათუმის “პლეშკაზე” არაერთხელ გამხდარა ცივი იარაღით თავდასხმის ობიექტი. ყველა ჯერზე პოლიციამ ან სხვა სექსმუშაკმა ქალებმა გადაარჩინეს.

„სახლში მოსულ კლიენტს იარაღი დაუდია კისერზე, შიშით ყველაფერი გავაკეთე, რასაც მეუბნებოდა… ამას წინათაც კლიენტს მოყვა მეგობარი, აი, ამხელა ღორის საკლავი დანა ამოიღო ზურგს უკნიდან და მაგიდაზე დადო. რაღაცნაირად იყურებოდა, კბილებს აკრაჭუნებდა, ძალიან შემეშინდა, ვთხოვე ამ ბიჭს, რომ რაც შეიძლება მალე წაეყვანა“, – იხსენებს ნათია.

მაია: „რა საფრთხეები გვემუქრება პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს? პირველ რიგში, კუბოთი გატანა სასტუმროდან, მეორე – გადამდები ავადმყოფობისგან დაცული არ ხარ, მესამე – თუ ვერ მოემსახურე ისე, როგორც „საჭიროა“, შეიძლება ჩხუბში გადაიზარდოს ყველაფერი – ბათუმში მოხდა, კაცმა ქალი მოკლა სასტუმროში იმის გამო, რომ ისე არ მოემსახურა, როგორც უნდოდა; მეოთხე – შეიძლება უბრალოდ აგერ ვისხდეთ ორივე, ლაპარაკის დროს გაგიქანოს, გხეთქოს ხელუკუღმა, იმიტომ, რომ უბრალოდ ისეთი არ ხარ, მას რომ უნდიხარ.

ფულის გადახდაზეც ხდება პრობლემები… მე ფიზიკურად არ ვარ სუსტი, მიწყობს ხელს აღნაგობა, თუ წამოსულა იერიში, უარესი გამიკეთებია, მოწინააღმდეგე რომ ხედავს ამას, ნასვამია თუ ფხიზელი – უკვე უკან იხევს. სხვებისთვის გამკლავების გზები შეიძლება იყოს პოლიციით დაშინება, ცოლთან დარეკვით დამუქრება და ფიზიკური შეწინააღმდეგებაც“.

ირინა

ირინა: „თავიდანვე დამეწყო შიშები, შუქს არ ვაქრობდი, კარს არ ვკეტავდი, რომ მარტო არ დავრჩენილიყავით. არ იცი როგორი შეგხვდება, ზოგი ნორმალურად გექცევა, ზოგი ძალიან უხეშად; ზოგჯერ ფულს გაძლევენ, „ვერ შვებიან“, ამაზე აგრესიულები ხდებიან და უკან გთხოვენ ფულს, რომ არ მიმიცია, უჩხუბიათ – ხელიც დაურტყამთ. ფული როგორ დავაბრუნო, ჩემი რა ბრალია, მე ხომ ის დრო ვიმუშავე. ბევრჯერ ჩალურჯებულიც ვიყავი, ისე, რომ 10 დღე არ გავსულვარ გარეთ“.

„არის კატეგორია, გარეთ არ ეტყობათ, ძალიან ნორმალურ ადამიანს თამაშობენ, აი, აქ მოვლენ, კარები ჩაიკეტება და მორჩა, „მოდი, აგერ!“ და ცხოველურად, აგრესიულად და უხეშად გექცევიან, შენ კიდევ ხმას არ იღებ, რომ აქ [საცხოვრებელში] პრობლემა არ შეგექმნას, მეორე – უნდა გაუძლო ის 20 წუთია თუ რაც არის, რომ… წვალობ, ბევრჯერ ცრემლები წამომსვლია, ისე ცხოველურად მომქცევიან, არ ვიცი, საიდან მოდიან ეს ადამიანები. რადგან მომუშავე ვარ, ველურად უნდა მომექცე?“ – ირინა. 

  • ნდობა და უნდობლობა – პოლიციასთან ურთიერთობა

სექსმუშაკი ქალები, პოლიციასთან ურთიერთობის სხვადასხვანაირ გამოცდილებაზე საუბრობენ. ზოგიერთისთვის პოლიცია დიდი იმედია, სხვები კი მაქსიმალურად ერიდებიან პოლიციასთან კომუნიკაციას.

ანას, მაგალითად, 15 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ ჰყავს პოლიცია გამოძახებული. „საერთოდ აზრზე არ ვიყავი, რატომ მომხვდა წიხლი. ისეთი სტრესი იყო. ზურგიდან დამარტყეს ფეხი, საერთოდ არ ველოდი. ეს გარეთ მოხდა, ნაცნობი ბიჭი იყო, ამ საქმიდან ვიცნობდი, ვიღაცამ რაღაც ენა მიუტანა დამახინჯებულად, ის კი ჩემზე გადმოვიდა“.

ირინა ამბობს, რომ კლიენტებთან კონფლიქტურ სიტუაციაში ურჩევნია პრობლემა თვითონ მოაგვაროს –  სჯერა, რომ პოლიცია მყისიერ საფრთხეს აარიდებს, მაგრამ მიაჩნია, რომ მომავალში ამ მოძალადისგან ვეღარ დაიცავს: 

„იცი, რა არის? მარტო რომ ხარ და არავინ რომ არ გყავს… კარგი, გამოიძახე, ვთქვათ, დააკავეს, ბოლოს ხომ გამოვა ის კაცი, მე კი აქ ვარ, რომ მოვიდეს და დანა გამიყაროს, არ მინდა, არაფრით ვარ დაცული. პოლიცია იმ მომენტში ამარიდებს საფრთხეს, მაგრამ მერე? მე მარტო ვარ ამ ქალაქში, დაკავებულმა შეიძლება სხვაც მომიგზავნოს. ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ გოგო მოუკლავთ, ისეც შიშები მაქვს“.

ქართული კანონმდებლობით, პროსტიტუცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და სამართალდამრღვევად მიიჩნევა სექსმუშაკი. მას იმ თანხის ოდენობით აჯარიმებენ, რაც კლიენტისგან აიღო. აქტის მონაწილე მეორე მხარეს – კლიენტს არავითარი სანქცია არ ემუქრება. 

გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი კი ამბობს, რომ პროსტიტუციის ამკრძალავი კანონმდებლობა არ უნდა სჯიდეს სექსმუშაკს და მიმართული უნდა იყოს იმ პირების მიმართ, რომლებიც ქალთა სექსუალური ექსპლუატაციისგან იღებენ სარგებელს. 

ასეთი რეგულაციები მოქმედებს შვედეთში, ნორვეგიაში, ისლანდიაში, კანადაში, ჩრდილოეთ ირლანდიასა და საფრანგეთში. 

2018 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოში პროსტიტუციის დეპენალიზაცია მოითხოვა. საქმის არსებითი განხილვა აქედან 2 წელიწადში დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე არ მიუღია.

„მე, პირადად, კლიენტთან რაიმე საფრთხე თუ არის, პოლიცია გამოვიძახო – არარსებულია, დაო! იმას გაამართლებენ, შენ გაგამტყუნებენ, იმიტომ, რომ შენ ხარ „ბოზი“ [სექსმუშაკი]. ამიტომ სისულელეა. პირიქით არ გტკუცონ 2000-ლარიანი ადმინისტრაციული, ჭკვიანად უნდა იყო. მაგას ჯობია, გენერალურში გადარეკო ან სამმართველოში, ამათთან არანაირი აზრი არ აქვს. პოლიციას მტერი ენდო, ყველა ერიდება მათთან ურთიერთობას“, – ამბობს მაია. 

ნათია ამბობს, რომ პოლიცა მას ბევრჯერ დახმარებია, თბილისშიც და ბათუმშიც. „შეიძლება დიდად არც იმათ ეხატებოდე გულზე, მაგრამ გეხმარებიან“, – ამბობს ის.

  • ჯანმრთელობა

სექსსამუშაოსთან ერთად, სიღარიბისა და ადიქციების გამო პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს სხვადასხვა სახის ჯანდაცვის სერვისზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნა აქვთ; ამავე დროს, იგივე ფაქტორები ამ სერვისებზე წვდომის მთავარ ბარიერს წარმოადგენს.

ქალები ამბობენ, რომ ყველაზე ხშირად სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე იტესტებიან, რადგან ამას სათემო ორგანიზაციები უფასოდ სთავაზობენ, თუმცა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზე ექიმთან ვიზიტს ძალიან იშვიათად ახერხებენ.

„გინეკოლოგთანაც ვიყავი ერთი-ორჯერ [არასამთავრობო] ორგანიზაციის პროექტის დახმარებით და მართლა ძალიან დამეხმარა ექიმი. ორ თვეში ერთხელ მაინც ვემოწმებით ინფექციებზე. ღმერთს მადლობა, ამის შესაძლებლობა არის სათემო ორგანიზაციაში. მაგრამ არ არის იმხელა საშუალება, რომ შენით მიხვიდე, ძალიან ბევრი დაავადება და პრობლემა არსებობს, კბილების მკურნალობა თუნდაც…“ – ამბობს მაია. 

„ბოლო 4 თვის წინ ვიყავი ექიმთან, გინეკოლოგიურ საკითხებზე. ისე ხშირად ვერ დავდივარ, უფრო სათემო ორგანიზაციის გოგოები რომ მოდიან, მათთან ვახერხებთ ტესტირებას, თავდაცვის საშუალებებს ვიღებთ, რჩევებსაც… გვეხმარებიან ფსიქოლოგიურადაც. წუხილით კი ბევრი რამ მაწუხებს, ყველაზე მეტად ნევროზი“, – ამბობს ირინა. – „ძილი საერთოდ არ მაქვს, მაქსიმუმ 1-2 საათი ვიძინო ღამით, ყოველთვის მღვიძავს გათენებისას. შიშები მაქვს, აი რაღაცნაირად ხომ დავიძინებ – ვინმე ხომ არ აკაკუნებს? ხომ არ მეძახის? ვიღვიძებ, არავინ არ არის. ეს ყველაფერი დასალევის ბრალია. ხელები მიკანკალებს“.

ირინას თქმით, „ეს ნევროზი რომ არა, რამე სამსახურს კიდევ ვიპოვიდი, მაგრამ იქაც ვიღაც უნდა გყავდეს, ნევროზის გამო ვერც საზღვარგარეთ წავალ მოხუცის მოსავლელად, ძალიან ნერვიული ვარ, ვერ ვენდობი თავს… მარტივი რაღაცების გაკეთებას შევძლებ – დარეცხვა, დალაგება…“

სექსსამუშაოსთან დაკავშირებული სტიგმის გამო სექსმუშაკი ქალები ოჯახის წევრების, ნათესავებისა და ძველი მეგობრებისგან საიდუმლოდ ინახავენ ინფორმაციას მათი საქმიანობის შესახებ. მოხუცი მშობლებისთვის ან შვილებისთვის ფულის გაგზავნის დროს სხვა სამსახურს იგონებენ:

„სოფელში ჩასული მარტო რომ დამიხელთა, ჩემი მოკვლა უნდოდა. დანით მოქნეული ხელი ზუსტად სახესთან გაუჩერეს, ჩემს სახლში არ მოკლაო უთხრეს…“ – იხსენებს ნათია.

ირინა: „მე ამდენი წელია ისე ვმუშაობ, ვიმალები და დღემდე არ მომხსნია ეს სტრესი, სულ მაგაზე ვნერვიულობ, ვინმე არ შემხვდეს სოფლის მეზობელი სადმე ან ნათესავები…“


ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: