მთავარი,სიახლეები

უკრაინამ კონტრშეტევა იმაზე გვიან დაიწყო, ვიდრე ზელენსკის სურდა

06.07.2023 • 1149
უკრაინამ კონტრშეტევა იმაზე გვიან დაიწყო, ვიდრე ზელენსკის სურდა

უკრაინის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა კონტრიერიშის დაგვიანებაზე და ასევე იმაზე, თუ რას ცვლის უკრაინისთვის იარაღის დაგვიანებით მიწოდება ფრონტის ხაზზე. ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუს დეტალებს უკრაინული UNIANI-ი აქვეყნებს.

უკრაინამ იწინასწარმეტყველა კონტრშეტევის სირთულეები და მოკავშირეებს სთხოვა, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ბევრი იარაღი მიეწოდებინათ, რათა რუსებს არ მისცემოდათ დრო თავდაცვის ხაზის გასაძლიერებლად. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ახლაც, ზოგიერთ რაიონში, უკრაინელი სამხედროები ვერც კი ფიქრობენ შეტევის დაწყებას, რადგან მათ „შესაბამისი იარაღი“ არ აქვთ.

„მე მადლიერი ვარ აშშ-ის, როგორც ჩვენი მხარდაჭერის ლიდერის, მაგრამ მათ, ისევე როგორც ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ გვსურდა კონტრშეტევის უფრო ადრე წამოწყება და ამისთვის გვჭირდება ყველა იარაღი და მასალა. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ თუ მოგვიანებით დავიწყებთ, ყველაფერი ნელა წავა“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ ბრძოლის ველზე ახლა წარმოქმნილი სირთულეები კონტრშეტევის საერთო „შენელებას“ იწვევს.

„მინდოდა, კონტრშეტევა გაცილებით ადრე დაგვეწყო, რადგან ყველა ხვდებოდა, რომ თუ კონტრშეტევა მოგვიანებით დაიწყებოდა, მაშინ ჩვენი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დანაღმული იქნებოდა. ჩვენ მტერს ვაძლევთ დროს და შესაძლებლობას, მეტი ნაღმები განათავსოს და მოამზადოს საკუთარი თავდაცვის ხაზი“, – თქვა ზელენსკიმ.

კონტრშეტევის ფარგლებში, უკრაინის არმიამ დაიწყო მასირებული სარაკეტო დარტყმების კამპანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის ზურგში არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] ცნობით, ამ გზით უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს არიდებენ ძალის ამოწურვას და ამავდროულად ადამიანურ რესურსებსა და აღჭურვილობაზე დარტყმის გზით ასუსტებენ აგრესორს.

ამერიკული ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, წინსვლის ნელი ტემპის მიუხედავად, კონტრშეტევას წარუმატებელს ვერ ვუწოდებთ. ის საერთოდ არ ჰგავს ხარკოვის ოპერაციას, მაგრამ არსებობს გარკვეული მსგავსება ხერსონის გათავისუფლებასთან.

ამერიკელი ექსპერტები ასევე წერენ, რომ უკრაინის სამხედრო ოპერაციების ამჟამინდელი ტემპი არ მიუთითებს ჩიხზე ან იმის მტკიცებულებაზე, რომ უკრაინა ვერ დაიბრუნებს დიდ ტერიტორიებს. გუშინდელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს ფრონტის სულ მცირე ოთხ სექტორზე და დაწინაურდნენ კიდეც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: