ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„დღეში მხოლოდ 2 ლარს დაგიმატებთო“ – გაფიცვა ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე

06.07.2023 • 2035
„დღეში მხოლოდ 2 ლარს დაგიმატებთო“ – გაფიცვა ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე

„კომპანიამ თითქოს ორ-ორ ლარს დავამატებთ დღეშიო, მაგრამ ეს როგორი თემაა იცით, 2 ლარი რომ დაგვიმატონ, თვეში 60 ლარია და 60-80 ლარს მეორად ტანსაცმელში ვხარჯავთ, რომ ვიმუშაოთ,“ – გვითხრა როინ შავაძემ, რომელიც ერთ-ერთია იმ ორმოცამდე მუშიდან, რომლებიც პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ.

გაფიცულები კომპანია „სინოჰიდროში“ არიან დასაქმებულები, რომელიც ხულო-ზარზმის გზას აკეთებს. ამ ჩინურ კომპანიასთან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელშეკრულება ჯამში 95 689 302 ლარზე აქვს გაფორმებული.

ხელფასების გაზრდის მოთხოვნის გარდა რამდენიმე დასაქმებული იმ დანაკლისის ანაზღაურებასაც ითხოვს, რაც, მათივე თქმით, კომპანიამ ხელფასზე დააკლო.

„ბევრს დააკლეს, ბევრს არა და რატომ ქნეს ასე, არ ვიცი. კომპანიაში ამბობენ, ფორმების და რაღაც ინვენტარის გამო დავაკელითო, მაგრამ წელიწად-ნახევარზე მეტია არც ფორმა მოუციათ, არც კასკა და არც არაფერი, ისე დააკლეს ჩვენი ბრიგადის ბიჭებს 250 ლარი. ვითომ დაგირიცხავთო, მაგრამ საბოლოო და ზუსტი პასუხი არ გვაქვს“, – ამბობს როინ შავაძე.

მისივე თქმით, მხოლოდ მისი ბრიგადიდან 9 კაცი უკვე მე-14 დღეა სამუშაოზე არ გასულა: „ხელფასების მომატებასაც ვითხოვთ, ისეთი სამუშაო გვაქვს, ყოველ დღე მანქანის ქვეშ და მაზუთში გვიწევს მუშაობა, ავტომობილების შემკეთებლები ვართ. ანალოგიურად დააკლეს არმატურაზე ვინც მუშაობს, იმ ხალხსაც. ბევრია ასეთი. ისინიც ითხოვენ ხელფასების გაზრდას.“

გაფიცული მუშების თქმით, ხელფასები ან უნდა გათანაბრდეს, ან „ისე უნდა გააკეთონ, რომ მე თუ ვმუშაობ და ჩემი საქმე ღირს 40 ლარი, მომეცი ეს თანხა, ვინც შედარებით მძიმე საქმეს ასრულებს, იმას მიეცი – 45. რაღაც განსხვავება ხომ უნდა იყოს ხელფასებშიც სამუშაოს შესაბამისი… არაფერს მაგენი განსხვავებას არ ახდენენ… ან რაღაცით ხომ უნდა წაახალისო ადამიანი, რომ ელემენტარულად კარგად იმუშაოს“.

როინ შავაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას გაზაფხულზე დღეში 35 ლარი ჰქონდა და მას და კიდევ ორ დასაქმებულს შემდეგ 2-2 ლარი დაუმატეს, თუმცა არ დაუმატეს მათ, ვისაც შედარებით ახალდაწყებული ჰქონდა მუშაობა: „შევხედავთ ახალმოსულებს და 6 თვის მერე დავუმატებთო, მაგრამ ის კაციც ჩემსავით მუშაობს – მას 35, მე 37 ლარი მაქვს დღეში. ამიტომ, ვითხოვთ, რომ ყველას, ვინც ერთნაირ საქმეს ვაკეთებთ, ხელფასიც თანაბარი გვქონდეს.

ჩემზე მეტს სხვები მუშაობენ, მაგალითად, არმატურის ბიჭები და გარეთ ხიდებზე რომ მუშაობენ, ისინიც. ხელფასები კი დღეში 35, 38, 43 ლარი აქვთ. მაგრამ ვისაც შედარებით მსუბუქი საქმე აქვს, იმას აქვს 43 ლარი დღეში და ვისაც მძიმე საქმე აქვს – იმას 35 და 38.“

გაფიცული მუშების თქმით, „რომ იტყვიან, არანორმალური სამუშაოა“ და თუ ხელფასები არ გაიზარდა, დასაქმებულების 80 პროცენტი სამუშაოდ აღარ გავა – „სადმე შედარებით ნორმალურ სამუშაოს მოვძებნით“.

ერთ-ერთი დასაქმებულის თქმით კი, კომპანიას ხელი მუშაობაში იმ კუთხით ეშლება, რომ რამდენიმე ობიექტზე „ჩინელები თვითონ მუშაობენ, ჯერ ერთ ხიდზე, ვთქვათ, მერე – მეორეზე და ასე… რომ უნდოდეთ ერთდროულად სამ ობიექტზე მუშაობა – ვერ იმუშავებენ“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანია „სინოჰიდროს“, სადაც დაგვპირდნენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს „ხელმძღვანელობასთან შეათანხმებდნენ“. თუმცა 5 ივლისს, კომპანიიდან მოგვწერეს, რომ „ჯერჯერობით ვერაფერს გვეტყვიან“.

„სინოჰიდროსგან“ ხელფასის მომატების და „ადამიანური პირობების“ მოთხოვნით, მუშები ორი წლის წინაც გაიფიცნენ, „ბათუმელებთან“ კომენტარი კი, კომპანიამ არც მაშინ გააკეთა:

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში 2018 წელს გამარჯვებულად გზების დეპარტამენტმა კომპანია „ტოდინი“ გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ხელახალ ტენდერებში [პირველი და მეორე ლოტი] ჩინურმა კომპანია „სინოჰიდრომ“  გაიმარჯვა. სამუშაოები 2 ლოტად შემდეგნაირად ფინანსდება:

  • პირველი: ხულო-გოდერძის უღელტეხილი  ამ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულება დაგეგმილი იყო 2023 წელს, თუმცა დეპარტამენტის ბოლო ინფორმაციით, „მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024 წელს დასრულდება“. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 57 177 829 ლარი. დაფინანსებულია არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ.
  • მეორე: გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა – ამ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულება იგეგმება 2023 წელს. პროექტის ღირებულებაა 38 511 473 ლარი. აღნიშნული სამუშაოები კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯამში ამ 95 689 302 ლარიდან, 2023 წლის 2 ივლისის მდგომარეობით, „ხელშეკრულებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, ანაზღაურებულია მხოლოდ 45 056 866 ლარი.“

„ამასთან, რთული რელიეფისა და გეოლოგიური პირობების გამო, 17 უბანზე განვითარებულია მეწყერი. ინტენსიურად მიმდინარეობს ამ უბნების შესწავლისა და საპროექტო გადაწყვეტილებების დამუშავება. 8 მეწყრული უბნისთვის უკვე გამოცხადებულია მშენებლობის ტენდერი. პროექტის დასრულებამდე არსებულ გზაზე, ავტოტრანსპორტის განვლადობის უზრუნველსაყოფად, პერიოდულად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები“, – ეს ინფორმაციაც გზების დეპარტამენტმა 2023 წლის 2 ივლისს გაავრცელა.

გეოლოგიური დასკვნის მიხედვით კი, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე მეწყრის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გზის გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოებია. ამ დამეწყრილი უბნების გამაგრებისთვის, ბიუჯეტიდან, მილიონობით ლარი დამატებით დაიხარჯება.

___

ამ თემაზე ვრცლად:

ხულო-ზარზმის პროექტი გაძვირდა – მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოების შედეგია

მთავარი ფოტო: ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია / ფოტო: გზების დეპარტამენტი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: