მთავარი,სიახლეები

36 და 44-სართულიანი შენობები ქობულეთში – როგორ გაზარდა „ალიანსმა“ პროექტის მასშტაბი

03.07.2023 • 2712
36 და 44-სართულიანი შენობები ქობულეთში  – როგორ გაზარდა „ალიანსმა“ პროექტის მასშტაბი

ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების აღებიდან მეექვსე წელს შპს „ალიანსი ქობულეთმა“ სანაპიროზე მიმდინარე სამშენებლო პროექტის შეცვლა ისევ მოითხოვა.

კომპანიამ ქობულეთის მერიას სანაპიროს პირველ ზოლში მიმდინარე სამშენებლო პროექტის ცვლილების მოთხოვნით 2023 წლის 20 ივნისს მიმართა.

ცვლილების მიხედვით, იზრდება სამშენებლო პროექტის მასშტაბი, ემატება ერთი ცალკე მდგომი შენობაც, რომელიც, თავის მხრივ, ორი შენობის გაერთიანებას გულისხმობს.

პროექტის რენდერი

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანია ქობულეთში, აღმაშენებლის 191-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო პროექტის შეცვლას ითხოვს. შპს „ალიანსი ქობულეთი“ თავდაპირველად აქ 26 ორსართულიანი კოტეჯის მშენებლობას გეგმავდა.

2019 წელს კომპანიამ პროექტი შეცვალა.

ახალი პროექტი კოტეჯების ნაცვლად ითვალისწინებდა ორი დაბალი შენობით გაერთიანებული 28-სართულიანი შენობისა და ერთი ცალკე მდგომი 28-სართულიანი შენობის მშენებლობას [სულ სამი 28-სართულიანი შენობა].

ამჯერად, მოთხოვნილი ცვლილების მიხედვით, კომპანიას 3 ურთიერთდაკავშირებული – 18-36 და 44-სართულიანი შენობების და ერთი ცალკე მდგომი, 14-სართულიანი შენობის აშენება სურს. ამ 14-სართულიან შენობას დაუკავშირდება კიდევ ერთი 4-სართულიანი შენობა.

ესკიზი სიმაღლეების მითითებით

ქობულეთის მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ოთხსართულიან შენობაში კაზინოს მოწყობას გეგმავენ.

კაზინო – რენდერი

კომპანიის მოთხოვნა შეცვლილი განაშენიანების დეტალური გეგმით ქობულეთის მერიამ განსახილველად საკრებულოში გადააგზავნა.  საკრებულომ საკითხი 30 ივნისს სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა. ეს იმას ნიშნავს, რომ „ალიანსი“ სანაპიროზე მიმდინარე სამშენებლო პროექტის მასშტაბებს ისევ გაზრდის.

სამშენებლო მიწის ნაკვეთი ზღვის სანაპიროზე, პლაჟის გასწვრივ, 2 ჰექტარზე მეტი, 26 213 კვ.მეტრია.

მიწის ნაკვეთი, სადაც „ალიანსი ქობულეთი“ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, აჭარის მთავრობამ 2018 წელს პირობიანი ელექტრონული აუქციონით 1 მილიონ 4 68 500  ლარად გაყიდა. მყიდველი შპს „ალიანსია“.

კომპანიამ 25 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებისა და არანაკლებ 200 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება აიღო.

გაიწერა გეგმა-გრაფიკიც, რომლის მიხედვითაც კომპანიას ინვესტიცია 4 წლის ვადაში უნდა განეხორციელებინა.

2018 წლის მარტში გაფორმებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში კომპანიას შესაბამისი უწყებებისთვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების გეგმა, არქიტექტურული პროექტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები უნდა წარედგინა; 12 თვის ვადაში მიეღო შესაბამისი ნებართვები, 48 თვის ვადაში [4 წელი] შესყიდულ ნაკვეთზე არანაკლებ 200-ნომრიანი სასტუმრო, სპაცენტრი, ბავშვთა გასართობი სივრცე, ღია სპორტული მოედანი და კვების ობიექტები მოეწყო და შენობა ექსპლუატაციაში შეეყვანა, შენობის ექსპლუატაციაში მიღებიდან 6 თვეში კი აქ სასტუმრო უნდა აემოქმედებინა.

ეტაპობრივად იყო გაწერილი საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულებაც.

ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება პირგასამტეხლოს დაკისრებას ითვალისწინებდა შემდეგი პირობებით:

  • თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1 პროცენტი; საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა თითოეულ დარღვევაზე საპრივატიზებო საფასურის 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარღვევის დღიდან. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებით შესაძლებელი იყო დღის წესრიგში დამდგარიყო შეთანხმების გაუქმების საკითხიც.

2020 წლის თებერვალში კომპანიასა და სამინისტროს შორის შეუსრულებელი ვალდებულებების გადავადებასთან დაკავშირებით პირველი შეთანხმების აქტი გაფორმდა. ამ დროს კომპანიას გარკვეული ვალდებულებები უნდა ჰქონოდა შესრულებული. ახალი შეთანხმებით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადები 2024 წლის 31 დეკემბრამდე გააგრძელეს. იქვე ჩაწერეს, რომ კომპანია დარიცხული პირგასამტეხლოებისგან გათავისუფლდება, გარდა 10 000 ლარისა, იმ პირობით, თუ შეასრულებდა ყველა ვალდებულებას, რომელიც ამ შეთანხმების აქტით განისაზღვრა [10 000 ლარის შესახებ მეტი დაზუსტება შეთანხმების აქტში მოცემული არ არის].

2020 წლის აგვისტოში სამინისტრომ კომპანიასთან კიდევ ერთი შეთანხმების აქტი გააფორმა. ამ აქტით მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლის ვადა 2025 წლამდე გადაწიეს, კომპანია დარიცხული ჯარიმებისგან ისევ გაათავისუფლეს.

2020 წლის პირველ ოქტომბერს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გამოსცა ბრძანება შპს „ალიანსი ქობულეთის“ პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ. ამის შემდეგ ისევ გაფორმდა შეთანხმების ორი აქტი და ამ აქტებს ისევ მოჰყვა მინისტრის ბრძანება კომპანიის პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ. ამჯერად, მინისტრის ბრძანებით, კომპანიას ვალდებულების შესასრულებლად 12 თვე დაუმატეს.

საბოლოოდ კომპანიას შეთანხმების 5 აქტი გაუფორმეს. ხუთივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადების გადაწევასა და პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

ბოლო შეთანხმებით კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა 2027 წლამდე გაუგრძელეს.

შპს „ალიანსი ქობულეთის“  88 პროცენტს „ალიანსის“ დამფუძნებლის გიორგი ბიწაძის შვილი თემურ ბიწაძე ფლობს, 12 პროცენტი კომპანიის დირექტორს, აკაკი სონგულიას ეკუთვნის.

გიორგი ბიწაძე „ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია, „ოცნების“ შემწირველია აკაკი სონგულიაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: