მთავარი,სიახლეები

რას ჰყვება ბათუმელი სექსმუშაკი თავის ცხოვრებაზე

02.08.2023 • 42830
რას ჰყვება ბათუმელი სექსმუშაკი თავის ცხოვრებაზე

მაია 10 წელია სექსსამუშაოშია ჩართული, ის კაცებთან  მუშაობს. პროსტიტუციაში ჩართვის მთავარ მიზეზად სიღარიბეს, ძალადობას და მხარდაჭერის არარსებობას ასახელებს: „წარმოიდგინე, რომ ორგანიზმი არ გაქვს, გამოფიტული ხარ, რობოტად მუშაობ – გეუბნებიან და უნდა გააკეთო ის, რაც არ გინდა, ფულის გამო… არც არავინ გეზიზღება, არც არავინ გიყვარს, საკუთარი შვილიც კი  მაგ დროს დავიწყებული გყავს“. 

მაია 19 წლის იყო, როცა მასზე 20 წლით უფროს კაცზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში გაათხოვეს. ქმრის სახლიდან მცირეწლოვან შვილთან ერთად დაბრუნებულს, მშობლების, განსაკუთრებით მამის მხრიდან, მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის დათმენა უწევდა. ახლა 37 წლის არის, ბათუმში ქირით ცხოვრობს, შემოსავლის უმეტეს ნაწილს შვილს უგზავნის. „ის პირველი ფული მე ჩემი ხელით დავწვი. იმიტომ, რომ ის „ნამუშევარი“ ფული იყო. ის ფული უნდა გამეგზავნა ჩემი შვილისთვის? რომ შევხედე, ტვინში დამკრა – „ზაჟიგალკით“ მოვუკიდე და დავწვი“. 

  • ცხოვრება სექსსამუშაომდე 

ვიცი, ეს არ არის მოსაწონი საქმე, მაგრამ ყველაფრიდან რომ ხელს გკრავენ… ასე გამოვიდა.

19 წლის გავთხოვდი [გამათხოვეს], ჩემი ქმარი მაშინ 39-ის, ანუ ჩემზე 20 წლით უფროსი იყო. მისგან ძალადობა არ ყოფილა, ცოდვას ვერ ვიტყვი, მაგრამ არ გვქონდა კარგი ცოლქმრობა. არ მიყვარდა, ვერ შევიყვარე. მაკლდა სითბო და ყურადღებაც, მისთვის არ იყო ეს ურთიერთობა საინტერესო, მხოლოდ ყანა, თოხი და კომბოსტო როგორ მოეტანა სახლში.

 წლინახევრისაც არ იყო ჩემი შვილი, რომ გავცილდი ქმარს. მაშინ [2008] იქ არანაირი რესურსი ბავშვის აღზრდისთვის არ იყო, ელემენტარული ექიმიც კი არ იყო ხელმისაწვდომი… ბავშვი მშობლებთან ჩამოვიყვანე. სწორად გამიგე, ამ ადამიანთან ისედაც დიდი აცდენა მქონდა, აღარ შემეძლო მასთან ურთიერთობის ვალდებულება.

კარგად იცით, საქართველოში ქმართან გაცილების შემდეგ როგორ იცვლება დამოკიდებულება ქალის მიმართ – მიუხედავად ყველაფრისა (ოჯახისთვის, ნათესავებისთვის, გარე ხალხისთვის), უკვე ბოზი ხარ, აზრი არ აქვს მიზეზს. არავის აინტერესებს, სინამდვილეში ვინ ხარ და რას განიცდი.

სახლში დაბრუნების შემდეგ იყო ფიზიკური ძალადობა მამაჩემის მხრიდან… დედაჩემის მხრიდანაც. მამაჩემი იყო ძალიან კონსერვატორი კაცი, რომელიც მიიჩნევდა, რომ თუ ქალი ქმარს გაცილდა, ის არის ბოზი. მეკრძალებოდა გარეთ გასვლა, ქორწილში წასვლა… დედა შეიძლება ბოლომდე არ იზიარებდა ამ ყველაფერს, შეიძლება იზიარებდა კიდეც.

თურქეთში გადავედი, მაგრამ პატიოსანი შრომით რომ მეშოვნა ფული, ფაბრიკაში ვმუშაობდი, ოჯახშიც… იქ არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი, არც მიფიქრია. წელიწადზე მეტი გავქაჩე, ხან 200 დოლარს ვაგზავნიდი, ხან – 300, მაგრამ მაინც არასდროს იყო საკმარისი.

ახლა მახსენდება, ბოლოს რომ ჩამოვედი სახლში, იმისთვის გავილახე – შენი წამლის ფული რატომ არ გაქვსო. ეს იყო ბოლო წვეთი. სწორად გამიგე, არ ვამბობ, რომ ეს არის გასამართლებელი მიზეზი ამ საქმის დაწყებისთვის, საკუთარი თავი გეზიზღება, ბალიშზე რომ დადებ… მაგრამ გადიხარ იმ ყველა უბედურებას იმისთვის, რომ შენი შვილი უკეთესად იყოს, იქ უკვე საკუთარი მე დაკარგული გაქვს.

ამდენ ცემას ვერ გავუძელი, აღარ შემეძლო, ხან შვილთან ერთად ცემა… ავდექი და გავიქეცი. მშობლების სახლიდან შვილს ვერ წამოვიყვანდი, ვერ ვაწანწალებდი.

ცხოვრობ კაცთან, რომელიც არ გიყვარს, ჩადიხარ მშობლებთან, სადაც მხოლოდ ცემა და საყვედურები, რა მოიტანე, შენს შვილს შენ მიხედე. არასდროს არაფერი ჩემი არ მოსწონდათ, მე რომ ახლა ოქროს მთები გადავდგა და დავდგა ჩემს სოფელში, საკმარისი არ იქნება, იმიტომ, რომ მე ყოველთვის ვარ „დებილი“, ავადმყოფი, არავის არ ვჭირდები და ასე.

შვილს წელიწადში რამდენჯერმე ვნახულობ. ჩემი სამსახურის შესახებ, რა თქმა უნდა, არ იციან, სხვა რამეს ვეუბნები.

ის პირველი ღამე არასოდეს დამავიწყდება, პირველი კლიენტი. ძალიან განვიცადე.

სექსსამუშაოში საქართველოში ჩავერთე. ნაცნობობით, ისე ვინ მოგახვედრებს. თურქეთში ხელფასი მქონდა, არც მიფიქრია მაგაზე, რომ დავბრუნდი, საქმის ძიებაში ვიყავი.

ჩემი ახლობელი მუშაობდა, იმან შემომთავაზა, მითხრა, რომ არის სამუშაო, რომ ნორმალური შემოსავალიც იქნება. ის პირველი ფული მე ჩემი ხელით დავწვი. იმიტომ, რომ ის „ნამუშევარი“ ფული იყო. ის ფული უნდა გამეგზავნა ჩემი შვილისთვის? რომ შევხედე ტვინში დამკრა –ზაჟიგალკით“ მოვუკიდე და დავწვი.

გაბრაზებული ვიყავი საკუთარ თავზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც გავაგრძელე. რახან ეს გადაწყვეტილება მივიღე, მივყევი ბოლომდე.

დღესაც ვიღაცას ვიღაცა მოჰყავს, ისე ვერ მოხვდები, ისე რომ მოხვიდე და დადგე, გამორიცხულია. ასაკი სხვადასხვაგვარია – 19-20-იდან იწყება, არიან 60 და მეტი წლისაც. ყველას ანალოგიური პრობლემები აქვს – ძალადობა და გარიყვა ოჯახისგან, ქმრისგან. დალხინებული ადამიანი არ გამოვა და გარეთ არ დადგება. ნორმალური ადამიანი, ვისაც სიამოვნება უნდა, მოკიდებს მის საყვარელ ადამიანს ხელს და მორჩა. 

  • პროსტიტუციიდან თავის დაღწევის მცდელობები და სიღარიბე

სამსახური ვეძებე, ვეძებე და ვერაფერი ისეთი ვერ ვნახე ჩემი უნარებით, საიდანაც დღეში 15-20 ლარზე მეტს მივიღებდი. 600 ლარი რაში უნდა გეყოს, მითხარი და – კი. შვილს გავუგზავნო, ქირა გადავიხადო, საჭმელი ვჭამო, ჰიგიენა…  700 ლარამდე მარტო ბინის ქირა გვიჯდება, რომელსაც ზიარად ვქირაობთ.

ძალიან ბევრჯერ გამოვუგდივართ მეპატრონეს, თვე-ნახევარი სათემო ორგანიზაციაში ვცხოვრობდი, ქირის საშუალება არ არის ყოველთვის. ეგ კი არა, ზოგჯერ საჭმლის ფული არ არის, მაგრამ სახლში რომ წავიდე და დავჯდე, ვისი ვჭამო, ხვალ და ზეგ მაინც დამაყვედრიან.

ჩემი შემოსავალი სხვადასხვანაირადაა, 500 ლარამდეც აგვიღია დღეში, ზაფხულში, როცა 5-10 კლიენტი ყოფილა დღეში, რამდენიც გამოჩნდება. ზაფხულში დაძინება გვენატრება, 5-6 საათზე მივდივართ სახლში, შეიძლება ვერც მივიდეთ და სასტუმროში დაგვეძინოს. 

ყოველ დღე ვფიქრობ აქედან გასვლას… მაგრამ ჯერჯერობით შედეგი ნული. 

აქ ყველა ფინანსური სიდუხჭირის გამო დგას, პატიოსანი შრომით ვერაფერს მიაღწია და მიადგა ამ საქმეს, ყველას ქმარი არ ჰყავს, რომ ვიღაცამ შეუტანოს.

მე რომ ახლა ნორმალური ხელფასი მქონდეს, დედას გეფიცები, თუ აქ გამოვიდე, არ ვამბობ 5000 ლარს, აი, 800-1000 ლარი რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი სადმე, გინდა ფიზიკურ სამუშაოზე, გინდა ისე, არანაირი ფიზიკური შრომა მე არ მეთაკილება, მშენებლობაზეც მიმუშავია.

მე საშუალო განათლება მაქვს. ვისწავლიდი დიდი სიამოვნებით, სწავლა სიბერემდეა, რომ მოვინდომო, ვისწავლი, მაგრამ სახელმწიფო არ გვაძლევს იმის საშუალებას და უფლებას, რომ რაიმე დავამთავროთ, ყველგან ყველაფერში გჭირდება ფული. ესაა რეალობა. სხვათა შორის, ნასწავლი ხალხიცაა შიგნით [სექსსამუშაოში], ყველანაირი ხალხია ამ საქმეში ჩართული, იურისტი, პედაგოგი…

  • დანაშაულის გრძნობა, კრიზისი 

წარმოიდგინე, რომ ორგანიზმი არ გაქვს, გამოფიტული ხარ, რობოტად მუშაობ – გეუბნებიან და უნდა გააკეთო ის, რაც არ გინდა, ფულის გამო… არც არავინ გეზიზღება, არც არავინ გიყვარს, საკუთარი შვილიც კი,  მაგ დროს დავიწყებული გაქვს. მოდიხარ მერე სამარცხვინოდ და ეკლესიაში სანთელს ანთებ, ღმერთს დახმარებას სთხოვ… საზიზღრობაა, რას ეხვეწები ღმერთს, ჯანმრთელად მამყოფე თუ ფული მომეციო?

დანაშაულის გრძნობა მაქვს სულ, ბოლოს ისეთ კრიზისში ხარ… სახლში ეძებ რაღაცას, რომ საკუთარ თავს რამე დამართო და მერე მოდიხარ გონზე, რომ შვილი გყავს საფიქრალი… ეს არის საკუთარი თავის მოტყუება ყოველ დღე, რომ არაფერი არ ხდება, ყველაფერი ნორმალურადაა…

სიღარიბე არის მთავარი მიზეზი. ვინ დავადანაშაულო, როცა დედას, შვილს შია, გინდა არ გინდა, ყველაფერზე წახვალ. შენ მშიერი დაიძინებ და იმათ მიუტან, შენ კიდე წყალი რომ ითხოვო, იმას არავინ მოგაწოდებს, ალბათ იფიქრებს ხალხი, რომ არ ვიყავი ღირსი და მაგიტომ.

  • ურთიერთობები სექსსამუშაოს მიღმა

მეგობრებთან ურთიერთობა მაძლებინებს, პირველ რიგში, მაგათთან ვიმუხტები სასიცოცხლო ენერგიით. ახლა რომ გითხრა პარტნიორთან ძალიან დალაგებული მაქვს ყველაფერი, მოგატყუებ და თავსაც მოვიტყუებ. მე მყავს ჩემი სამეგობრო (არა მარტო ამ საქმიანობასთან დაკავშირებული), რომლითაც ბედნიერი ვარ, მაქვს მათი იმედი, მათ – ჩემი.

მე ამ ცხოვრებამდე რა სამეგობროც მყავდა, პატივს ვცემ, მიყვარს ჩემი ძველი მეგობრები, მაგრამ აქ, აი, ამ გამწარებულ დღეში გაცნობილი ხალხი უფრო გვერდში დაგიდგება, ვიდრე მთელი ცხოვრება ერთად ნაძინი მეგობარი. სწორად გამიგეთ, ყველას შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ ჩვენ, ვინც ამ სფეროში ვართ, ყველამ ვიცით გაჭირვების გემო.

პარტნიორი რამდენიმე მყოლია, ყველა ქალია, მაგრამ რაღაც ეტაპზე სულ ფუჭდება ურთიერთობა. მათთან ჩემი სიყვარული შერეულია – მიყვარს როგორც ადამიანი, როგორც მეგობარი, როგორც ქალი. სასიყვარულო პარტნიორების ხშირი ცვლა ჩემში არ ზის, ურთიერთობებს სჭირდება მოფრთხილება, მხოლოდ ერთად ჭამა და სმა არ არის სიყვარული.

  • ლესბოსელისთვის კაცებთან მუშაობა რამდენად რთულია

ისეც იძულებით ვაკეთებ ყველაფერს, თავს ვაიძულებ, რადგან სამსახურია, მოვალეობაა. ჩემთვის ბუნებრივია ქალის სიყვარული, მასთან ურთიერთობა, ალბათ შემიძლია კაცთან ურთიერთობაც, ოღონდ ამისთვის კაცი უნდა იყოს ჩემი მეგობარიც, პარტნიორიც, ახლობელიც და არა მხოლოდ სექსპარტნიორი – ასეთ კაცს სად ნახავ. 

მოვწონვარ კაცების გარკვეულ კატეგორიას, მაგრამ მათთვის ურთიერთობის მაქსიმუმი არის ცოლი, ცოლი კი მათთვის ნიშნავს მოვალეობებს, უნდა უხვეტო, საცვლები ურეცხო, თეთრ პერანგს ლურჯი საყელო არ მიაკერო… ქალი კი აღარ ხარ, ცოლი ხარ, საკუთრებად უნდიხარ, ეს არ არის სიყვარული.

  • რა საფრთხეები გვემუქრება პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს

პირველ რიგში, კუბოთი გატანა სასტუმროდან, მეორე – გადამდები ავადმყოფობისგან დაცული არ ხარ, მესამე – თუ ვერ მოემსახურე ისე, როგორც „საჭიროა“, შეიძლება ჩხუბში გადაიზარდოს ყველაფერი – ბათუმში მოხდა, კაცმა ქალი მოკლა სასტუმროში იმის გამო, რომ ისე არ მოემსახურა, როგორც უნდოდა; მეოთხე – შეიძლება უბრალოდ აგერ ვისხდეთ ორივე, ლაპარაკის დროს გაგიქანოს, გხეთქოს ხელუკუღმა, იმიტომ, რომ უბრალოდ ისეთი არ ხარ, მას რომ უნდიხარ.

ფულის გადახდაზეც ხდება პრობლემები, შელაპარაკებაც მომხდარა იმის გამო, რომ სათანადოდ ნაზი, სათანადოდ ქალური არ ვარ.

მე ფიზიკურად არ ვარ სუსტი, მიწყობს ხელს აღნაგობა, თუ წამოსულა იერიში, უარესი გამიკეთებია, მოწინააღმდეგე რომ ხედავს ამას, ნასვამია თუ ფხიზელი – უკვე უკან იხევს.

სხვებისთვის გამკლავების გზები შეიძლება იყოს პოლიციით დაშინება, ცოლთან დარეკვით დამუქრება და ფიზიკური შეწინააღმდეგებაც.

ყველა არანორმალური არ არის, მაგრამ შიში ყოველთვის არის, რადგან შენ ქალი ხარ და თან სექსმუშაკი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. ძალა გჭირდება, თუ ფიზიკურად სუსტი ხარ, უეჭველი რაღაც უბედურება დაგემართება, ან გაგლახავენ, რამდენი გოგო შემოაკვდათ ცემაში.

ყველანაირი პროფესიისა და სტატუსის ადამიანი მოდის ჩვენთან. არიან ადამიანები, რომლებთანაც დავმეგობრებულვართ. მაგალითად, გადაუხდია კაცს ჩემთვის ფული [300 ლარი], რამდენიმე დღე ჩემთან ერთად უჭამია, უსვამს და თითი არ დაუკარებია.

  • პოლიციასთან ურთიერთობა 

მე, პირადად, კლიენტთან რაიმე საფრთხე თუ არის, პოლიცია გამოვიძახო – არარსებულია, დაო! იმას გაამართლებენ, შენ გაგამტყუნებენ, იმიტომ, რომ შენ ხარ „ბოზი“ [სექსმუშაკი]. ამიტომ სისულელეა. პირიქით არ გტკუცონ 2000-ლარიანი ადმინისტრაციული, ჭკვიანად უნდა იყო. მაგას ჯობია, გენერალურში გადარეკო, ან სამმართველოში, ამათთან არანაირი აზრი არ აქვს.

პოლიციას მტერი ენდო, ყველა ერიდება მათთან ურთიერთობას. 

სხვათა შორის, პროკურორები, მოსამართლეები, მაღალი ჩინის ხალხი ადამიანურად გელაპარაკებიან, კაბინეტშიც მიგიღებენ და ყავასაც მიგაცეცხლებენ, იმიტომ, რომ იქ ადამიანი ხარ. განყოფილებაში გაწვებიან, მაგრამ ხელის დარტყმა გამორიცხულია, ქალი ხარ და ამას ვერ წაუვლიან წინ. ნახე, რა ხდება, ყველგან ბოზი ხარ, მაგათ თუ „მისცემ“, ბოზი არ ხარ. 

თუ მოითხოვე ცოტა მაღალი რანგის ხალხი, ზედა ინსტანციაში თუ მიდიხარ, „ქვევით“ მაგრად ეშინიათ, რომ იმას იტყვი, რაც სათქმელია. თუ არ გაქვს მათთან ურთიერთობის გამოცდილება, უეჭველი შეგტენიან რაღაცას იმის გამო, რომ „პაგონები“ დაიკიდონ საახალწლოდ. მაგრამ იქაც არიან ადამიანები, განსაკუთრებით ქალი პროკურორები.

  •  დამოკიდებულება ნივთიერებებზე და სექსსამუშაო

ამ საქმიდან გამომდინარე ყველა ვეძებთ რამე განტვირთვას და მოსვენებას – აგერ სიგარეტს მოვწევ, რომ დავმშვიდდე; სხვა პლანს მოწევს, რომ ცოტა განიმუხტოს; დღეს წამალს გავიკეთებ; ხვალ ტაბლეტს ვიყიდი – 20 ლარი ღირს აფთიაქში და დავლევ, რომ დღეს ცოტათი დავასვენო ტვინი და ხვალ უკეთესი დღე იქნება… მაგრამ ხვალ ყოველთვის უარესია. გუშინ რომ ერთი ტაბლეტი გინდოდა, ხვალ 10 ტაბლეტი გინდა… ეს სიტუაციაა ზოგადად [თემში].

მე უფრო დასალევთან მაქვს პრობლემა, ზოგი – პლანზეა, ზოგი – წამალზე, ზოგი – რაზე, ზოგი – რაზე. იღლები ძალიან, იმაზე ფიქრობ, როდის ვინ მოვა, რომ საჭმელი ჭამო. და კიდევ, როგორი ადამიანი შეგვხდება არ იცი. მუდმივად სტრესია.

  • ჯანმრთელობაზე როგორ ზრუნავ, ბოლოს როდის იყავი ექიმთან? რა გაწუხებს?

მეტ-ნაკლებად ვახერხებ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, სამ თვეში, ორ თვეში ერთხელ მაინც ვემოწმებით ინფექციებზე. ღმერთს მადლობა, ამის შესაძლებლობა არის სათემო ორგანიზაციაში. გინეკოლოგთანაც ვიყავი ერთი-ორჯერ ამათი დახმარებით და დამეხმარა ექიმი.

მაგრამ არ არის იმხელა საშუალება, რომ შენით მიხვიდე, ძალიან ბევრი დაავადება და პრობლემა არსებობს, კბილების მკურნალობა თუნდაც… პირველ რიგში, ნევროზი გაქვს ჩამოყალიბებული, ჯანმრთელობა ნელ-ნელა უფრო გერყევა. ადამიანი რასაც ჰქვია, ამ საქმეში იმის ნახევარი ხარ დარჩენილი. 

  • როგორ წარმომიდგენია ხანდაზმულობა

მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობ, ჩემი შვილი კარგად მოეწყოს [დაოჯახდეს] და მქონდეს ადამიანური ცხოვრება შვილთან ერთად. მინდა, მის გვერდში ვიყო, მისი მეგობარი ვიყო, რაც მე გამოვიარე, ის არ გამოიაროს და არაფერი ჰქონდეს დასამალი ჩემთან, დედასთან.

ახლა ფულს კი ვაგზავნი, მაგრამ ხვალ და ზეგ შვილთან ხომ უნდა გქონდეს გამოჩენის პირი, ვის რად უნდა შენი ფული, გაიზრდება მალე და იცი, რას გეტყვის? ფული არა, დედა, მე რომ გულში მტკიოდა, ამ ტკივილის გაზიარების დროს შენ რატომ არ იყავი გვერდითო; პასუხი რა არის, ფული გამოგიგზავნე? ფული ყველაფერს არ ჭრის, სიყვარულს, მეგობრობას, ოჯახს, ადამიანობას ვერ იყიდი.

მე რომ არ მქონდა დედაჩემთან ისეთი ურთიერთობა, რომ ჩემი გულის ტკივილი მეთქვა, ვუმალავდი, ვერ ველაპარაკებოდი, გულში ვიკლავდი ტკივილს, საბანს დავიფარებდი და ისე ვტიროდი. არ მინდა ჩემი შვილისთვისაც არავინ იყოს და უმშობლოდ გამოიაროს გულისტკივილები; არ მინდა იგრძნოს ის უგულებელყოფა და ის მწუხარება, რაც მე გამოვიარე ბავშვობაში.

რაც მინოდა, ის არასდროს მქონია. ოქროს არ ვითხოვდი და ფულს, მე ვითხოვდი სითბოს. ოჯახში, სადაც სითბო არ არის, იქ ვერ იცხოვრებ. დედაჩემი ჩემ გვერდში რომ მდგარიყო, მე ამ გზაზე არ დავდგებოდი, დღემდე მიყვარს, ვაფასებ, მაგრამ დღესაც ძალიან ცივი ურთიერთობა გვაქვს. ნათესავები კი მყავს, მაგრამ ჩემთვის არავინ არ არის. ვინმე რომ დამდგომოდა გვრდში, ასჯერ უკეთესი ცხოვრება მექნებოდა, ისინი გამიტანდნენ გასაჭირში და ამ ნაგავ ცხოვრებას არ გამოვივლიდი.

___

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: