მთავარი,სიახლეები

ბრალდებული ჰყვება, როგორ მიითვისეს 520 ათასი ლარი ხელვაჩაურში – ამბის გაგრძელება

03.07.2023 • 7332
ბრალდებული ჰყვება, როგორ მიითვისეს 520 ათასი ლარი ხელვაჩაურში – ამბის გაგრძელება

„იდეა ჩემი იყო და ბატონ ჯუმბერს [ჯუმბერ ვარდმანიძე, ხელვაჩაურის ყოფილი მერი] შევუთანხმე. მან მითხრა, ყველა დოკუმენტი იდეალურად უნდა იყოსო.

მერე მკითხა, როგორ არის ის საქმეო“, – თქვა ბრალდებულმა ვლადიმერ მიქელაძემ, რომელიც „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი დირექტორია და პროკურატურა 520 ათასი ლარის ჯგუფურად მითვისებას ედავება.

„ჯგუფურად“ ჩადენილ დანაშაულზე ბრალდებული ამ დრომდე მხოლოდ ვლადიმერ მიქელაძეა. მან დღეს, 3 ივლისს, მოსამართლე ლევან ყოლბაიას ჩვენება მისცა და თქვა, რომ ფიქციური დასაქმებებით, თუ სხვა მანიპულაციებით მიღებული შემოსავლიდან, ჯამში 288 ათასი ლარი ჯუმბერ ვარდმანიძეს მისცა – ხელვაჩაურის მაშინდელ მერს [ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის მერი იყო 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით].

აქ წაიკითხეთ: „თვეში 9 ათას ლარს ვაძლევდი ვარდმანიძეს“ – ბრალდებულის ჩვენება 520 ათასის მითვისებაზე

„თქვენ აღიარებთ ბრალს იმ განსხვავებით, რომ ამ თანხის ნაწილი სხვა პირებმა მიიღეს?“ – ჰკითხა პროკურორმა ბრალდებულს.

„დიახ, დაახლოებით 288 ათასი ჯუმბერ ვარდმანიძეს მივეცი, სადღაც 22 ათასი მოადგილეს – კახაბერ ფუტკარაძეს“, – თქვა ბრალდებულმა და იქვე ისიც მოუყვა მოსამართლეს, როგორ დასაქმდა „ხელვაჩაურის წყალში“ კახაბერ ფუტკარაძის შვილიც.

„ჩემი ინიციატივით ლაბორატორიის უფროსი დავასაქმე მხოლოდ,“ – ირონია დაეტყო ბრალდებულს და პაუზის შემდეგ განაგრძო, – „ერთ დღეს ჯუმბერმა მითხრა: მოვილაპარაკეთ და მისი ბაღანა გავაფორმოთო… ერთხელ დავინახე მისი შვილი, როცა ხელშეკრულებას აწერდა. მეორედ ბატონ კახაბერთან შევხვდი სახლში, დღეობაზე… ვერ ვიცანი, თქვენ ის ხართ, ჩვენთან რომ მუშაობთ-მეთქი?“

ბრალდებულ ვლადიმერ მიქელაძის თქმით, მას ნახევარი მილიონიდან წილის სახით მხოლოდ 140 ათასი ლარი ერგო.

„მაგის ნაწილი სხვადასხვა ნივთის შესაძენად დავხარჯე და არ დასტურდება. ვიცოდი, რომ „ჩეკები“ არსებობდა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ არის,“ – დასძინა ბრალდებულმა.

ვლადიმერ მიქელაძემ დეტალურად აღწერა, როგორ ფორმდებოდა ხელშეკრულებები ფიქციურად და ნაწილდებოდა ფული. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ბიუჯეტიდან ფულის მითვისების პროცესში რამდენიმე თანამდებობის პირი იყო ჩართული. ბრალდებულის თქმით, იგი ხელვაჩაურის მაშინდელ მერს – ჯუმბერ ვარდმანიძეს ხელზე აძლევდა ფულს.

„თქვენ ჯუმბერ ვარდმანიძეს შეხვდით თევზის რესტორანშიც. იქაც ამ საქმის ფული გადაეცით მას?“ – იკითხა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა ისე, რომ ბრალდებულს მანამდე ეს რესტორანი არ უხსენებია.

„დიახ, 9 ათასი ლარი მივეცი მაშინაც,“ – თავი დაუკრა პროკურორს ბრალდებულმა.

დადგება თუ არა ამ საქმეზე სხვა პირების, მათ შორის, ჯუმბერ ვარდმანიძის პასუხისმგებლობის საკითხი? – პროკურორი ამბობს, რომ „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ ჯერ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა „გამოძიება გრძელდება“.

კიდევ ერთი მტკიცებულება, რაც შესაძლოა ყოფილ მერს პროკურატურამ დაუდოს, ეს აზარტული თამაშებისთვის ვლადიმერ მიქელაძის მიერ ჯუმბერ ვარდმანიძისთვის გადარიცხული თანხაა – სასამართლოს წინა სხდომაზე ჯუმბერ ვარდმანიძემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ ის აზარტული თამაშებით იყო დაკავებული. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე კი, ვლადიმერ მიქელაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ მას კონკრეტულ ნომერზე სთხოვდნენ გადასარიცხი აპარატიდან თანხის ჩარიცხვას.

„…მაწვდიდნენ პასპორტის რაღაც ნომერს და იქ ვრიცხავდი ხან 300 ლარს, ხან 350 ლარს, 400 ლარს, 500 ლარს… მირეკავდნენ თბილისიდან, ამ ნომერზე უნდა ჩარიცხო თანხა. მერი არ რეკავდა, მისი თანმხლები პირი მირეკავდა“, – უთხრა მოსამართლეს ბრალდებულმა ვლადიმერ მიქელაძემ.

„რამდენ ხანში ერთხელ მიდიოდით ჯუმბერ ვარდმანიძესთან თანხის გადასაცემად?“ – ჩაეკითხა ბრალდებულს პროკურორი.

„აკუმულირდებოდა თანხა და მერე გადავცემდი: 50 და 100 ლარიანებს გადავცემდი ბატონ ჯუმბერს…“ – თქვა ბრალდებულმა და ისიც გაიხსენა, კაბინეტში ჯუმბერ ვარდმანიძემ სმს ჩუმად რომ წააკითხა:

„არ მითხრა, ვისგან ჰქონდა მიღებული ეს სმს, მაგრამ იქ ეწერა, არაფერი ემუქრება დათოსო, მე დათოთი მიცნობენ აჭარაში… ვიცოდი უკვე, რომ პროკურატურაში იყო საქმე. ბატონმა ჯუმბერმა კი მითხრა, მოგვარებულია უკვე პრობლემაო. მაქსიმუმ შეიძლება ჯარიმა იყოსო. თავიდან დავუჯერე და ამასობაში, დამაპატიმრეს,“ – თქვა ბრალდებულმა.

ამ სქემაზე თავდაპირველად „ხელვაჩაურის წყლის“ მთავარმა ბუღალტერმა – ნორა დიასამიძემ ისაუბრა. ბუღალტერმა აღწერა, რომ პერიოდულად ხელშეკრულებებით ფიქციურად საქმდებოდნენ ადამიანები, ვისგანაც შემდეგ ფულს ბუღალტერი აგროვებდა და ხელზე აძლევდა დირექტორს კაბინეტში. „ხელვაჩაურის წყალში“ იყო დასაქმებული ბუღალტრის ოჯახის წევრებიც.

ბრალდებულ ვლადიმერ მიქელაძეს პროკურორმა გაახსენა მანამდე ნათქვამი სიტყვები: ამ ყველაფრის არქიტექტორი ვინ იყო, სად არის პრობლემის წყარო და სათავეო, როცა ჰყვებოდა ბრალდებული.

„ვინ დაგეგმა ეს?“ – მიმართა ისევ ბრალდებულს პროკურორმა.

„სათავე ნაგებობებზე რევიზორსაც უჭირდა ასვლა…“ – გულახდილობა არჩია ბრალდებულმა.

ამ თემაზე:

„დირექტორთან კაბინეტში შემქონდა ფული“ – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასი ლარის მითვისებაზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: