მთავარი,სიახლეები

„თვეში 9 ათას ლარს ვაძლევდი ვარდმანიძეს“ – ბრალდებულის ჩვენება 520 ათასის მითვისებაზე

03.07.2023 • 16494
„თვეში 9 ათას ლარს ვაძლევდი ვარდმანიძეს“ – ბრალდებულის ჩვენება 520 ათასის მითვისებაზე

„ამ თანხის დაახლოებით 50 – 55 პროცენტს ვაძლევდი ჯუმბერ ვარდმანიძეს. 2019 წელს თვეში ვაძლევდი 7 ათას ლარს, 2020 წელს – 8 ათას ლარს თვეში, 2021 წელს – 9 ათას ლარს თვეში“, – პირდაპირ აღწერა კორუფციის სქემა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ვლადიმერ მიქელაძემ, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ხელვაჩაურის წყლის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

დღეს, 3 ივლისს, მოსამართლე ლევან ყოლბაიას ჩვენება ბრალდებულმა ვლადიმერ (დავით) მიქელაძემ მისცა – „ხელვაჩაურში ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე“.

ვლადიმერ მიქელაძის თქმით, მან ჯამში 288 ათასი ლარი გადასცა ხელზე ჯუმბერ ვარდმანიძეს.

„…კაბინეტში ვაძლევდი, იქ, კაბინეტის უკან პატარა ოთახია – მოსაცდელი კაბინეტი და იქ ვაძლევდი.

ფულის გადაცემის დროს მანიშნებდა და საპირფარეშოს კართან ვაძლევდი.

იყო შემთხვევები, როცა მასთან, სახლში მიმიტანია ეს ფული. მეტყოდა, როდის იქნებოდა სახლში და მივიდოდი.

ასევე, მაწვდიდნენ პასპორტის რაღაც ნომერს და იქ ვრიცხავდი ხან 300 ლარს, ხან 350 ლარს, 400 ლარს, 500 ლარს… მირეკავდნენ თბილისიდან, ამ ნომერზე უნდა ჩარიცხო თანხა. მერი არ რეკავდა, მისი თანმხლები პირი მირეკავდა“, – უთხრა მოსამართლეს ბრალდებულმა ვლადიმერ მიქელაძემ.

 

აქ წაიკითხეთ: მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე

 

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული, რომელიც 3 წელი დირექტორობდა „ხელვაჩაურის წყალს“, ფიქციურად ასაქმებდა ადამიანებს. მას პროკურატურა სხვადასხვა სამოხელეო დანაშაულთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის – 520 ათასი ლარის ჯგუფურად მითვისებას ედავება.

ვლადიმერ მიქელაძის თქმით, ხელვაჩაურის მაშინდელი მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების ფიქციურ დასაქმებაში და ყოველთვიურად იღებდა წილს.

ბრალდებულმა ასევე დაადასტურა, რომ დასაქმებული ჰყავდა თორნიკე ფუტკარაძეც – ხელვაჩაურის მერის უკვე ყოფილი მოადგილის – კახაბერ ფუტკარაძის შვილი.

ვლადიმერ მიქელაძის თქმით, პატიმრობის პერიოდში მან მოლაპარაკება სცადა ჯუმბერ ვარდმანიძესთან.

„თქვა, რომ მხოლოდ 100 ათას ლარს გადაიხდიდა“, – დასძინა ბრალდებულმა.

მოლაპარაკება ვერ შედგა.

ვლადიმერ მიქელაძე წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ ადასტურებს, თუმცა მიიჩნევს, რომ პროკურატურამ არასწორად დაითვალა „მითვისებული თანხა“.

ამას გარდა, ნახევარ მილიონს უნდა გამოაკლდეს ის თანხა, რასაც მიქელაძე ხელვაჩაურის მაშინდელ მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს უხდიდა – ვლადიმერ მიქელაძეს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, ბრალდებული კი, მხოლოდ ერთი კაცია.

„ჩემი ინიციატივით მე იქ არავინ დამინიშნავს, ლაბორატორიის უფროსი დავნიშნე მხოლოდ“, – აღნიშნა ბრალდებულმა.

ვლადიმერ მიქელაძის მტკიცებით, საქმეს რეალურად სჭირდებოდა დამატებით ადამიანური რესურსი და ამიტომაც აიყვანა ადამიანები ხელშეკრულებებით, თუმცა იყო ფიქციური დასაქმებაც…

„ძალიან მძიმე სიტუაცია დამხვდა“, – 2018 წლიდან დაიწყო ამბის მოყოლა ბრალდებულმა ვლადიმერ მიქელაძემ, როცა ის „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორად დანიშნეს.

„აქ თქვეს მოწმეებმა, თვეში ერთხელ იწმინდებოდა სათავე ნაგებობაო. სინამდვილეში 2-3 დღეში ერთხელ არის საჭირო წმენდა… ხანდაზმული ადამიანები მუშაობდნენ, წმენდა კი სისტემატურად იყო საჭირო.

სულ 42 წყალსადენია, არსად ქლორირება არ ხდებოდა, მე დავიწყე ეს პროცესი“, – დეტალურად მოუყვა ბრალდებული მოსამართლეს, რა შეცვალა „ხელვაჩაურის წყალში“.

ვლადიმერ მიქელაძის თქმით, „გადაცდომა“ დაუშვა მაშინ, როცა ნაღდი ანგარიშსწორებით ყიდულობდა მილებს და დანადგარებს.

ბრალდებულმა ისაუბრა „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილ მთავარ ბუღალტერზეც, რომლის ჩვენებაც წინა სხდომაზე სკანდალური აღმოჩნდა.

„ძალიან უჭირდა ნორას, 4 ბანკში ჰქონდა ვალი“, – თქვა ბრალდებულმა და თვითონაც აღწერა, როგორ ახერხებდა ნორა ფულის ხელზე შეგროვებას.

————–

ვლადიმერ მიქელაძეს პროკურატურა ჯგუფურად დიდი ოდენობის თანხის – 520 ათასი ლარის მითვისებას ედავება.

გამოძიება ამ დრომდე გრძელდება “ჯგუფურად” ჩადენილ დანაშაულზე, თუმცა ბრალდებული მხოლოდ ერთი პირია – ვლადიმერ მიქელაძე.

“ბათუმელებში” რეპორტაჟის გამოქვეყნების შემდეგ თანამდებობა დატოვა ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. ის აჭარის განათლების მინისტრის მრჩეველი იყო.

თანამდებობა დატოვა კახაბერ ფუტკარაძემაც – ის ხელვაჩაურის მერის მოადგილე იყო. მოწმეების თქმით, მისი შვილიც ფიქციურად იყო დასაქმებული „ხელვაჩაურის წყალში“, როგორც ათეულობით სხვა ადამიანი.

___

ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე

ამ თემაზე:

„დირექტორთან კაბინეტში შემქონდა ფული“ – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასი ლარის მითვისებაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: