ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთის მერიის მოთხოვნა „ზღუდავს კონკურენტულ გარემოს“ – დავა 6-მილიონიანი ტენდერისთვის

02.07.2023 • 1533
ქობულეთის მერიის მოთხოვნა „ზღუდავს კონკურენტულ გარემოს“ – დავა 6-მილიონიანი ტენდერისთვის

ქობულეთის მერიის სატენდერო კომისიამ, რომლის წევრები მერი და მისი მოადგილეებიც არიან, ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში ჯერ გამარჯვებული გამოავლინა, შემდეგ კი ტენდერი შეწყვიტა.

ტენდერის შეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილებაზე, ზღუდავდა კონკურენტულ გარემოს. შემდეგ ისიც აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული კომპანია კომისიამ ისე გამოავლინა, თავისივე დადგენილი მოთხოვნაც არ გაითვალისწინა.

ტენდერი 6 298 000 ლარით იყო გამოცხადებული, სადაც კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული შპს „მონოლითი-2005“ მერიას ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას 5 244 444 ლარად სთავაზობდა.

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა შპს „ჯორჯიან სტოუნმა“ , რომლის დირექტორი, ბადრი რომანაძე, 2011-2014 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო და ეს კომპანია ქობულეთში არაერთ ტენდერს იგებდა.

„კომისიამ გამარჯვებულად გამოავლინა შპს „მონოლითი-2005“, რომლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია პირდაპირ ეწინააღმდეგება სატენდერო პირობებს… კერძოდ, სატენდერო ტექნიკური დოკუმენტაციის მთავარი მოთხოვნა იყო (რომელსაც ხაზი თავად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაუსვა და თავადვე დააზუსტა) პრეტენდენტს უნდა აეტვირთა ერთი ხელშეკრულების (ერთი პროექტის) ფარგლებში არანაკლებ 2 000 000 ლარის სამუშაოები, ხოლო პრეტენდენტმა ატვირთა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა პროექტით შესრულებული სამუშაოები…

ერთი პროექტი გულისხმობს ერთ სამუშაო ტერიტორიას ერთმანეთთან დაკავშირებულს და არა ერთ ხელშეკრულებას, რომელზედაც მიკრულია სხვადასხვა პროექტით შესრულებული სამუშაოები, რომლებიც არ უკავშირდება ერთმანეთს.

კომისიამ მისივე დადგენილი და განსაზღვრული დაზუსტებული მოთხოვნა უგულებელყო და პრეტენდენტი, მიუხედავად აღნიშნული დარღვევისა, მაინც გამოავლინა გამარჯვებულად. ამიტომ მიმაჩნია, რომ სატენდერო კომისიის მოცემული მოქმედება წარმოადგენს სატენდერო პირობების უხეშ დარღვევას“ – აღნიშნული იყო „ჯორჯიან სტოუნის“ საჩივარში.

„ჯორჯიან სტოუნი“ „მონოლითი 2005“-ის დისკვალიფიკაციას ითხოვდა.

საჩივარი დავების საბჭომ განიხილა და ხაზი გაუსვა, რომ ქობულეთის მერიის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებში „არ არის მოცემული სატენდერო კომისიის მსჯელობა იმ საკითხზე, თუ რამდენად წარმოადგენს აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე შესრულებული ვალდებულებები ერთი პროექტის ფარგლებში გაწეულ სამუშაოებს.“

„ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიამ დეტალურად უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება პრეტენდენტის მიერ გამოცდილების სახით წარდგენილი სამუშაოები მოთხოვნას –  ერთი ხელშეკრულების (პროექტის) ფარგლებში არანაკლებ 2 000 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების გამოცდილების შესახებ და რის საფუძველზე“ – აღნიშნა დავების საბჭომ.

საბჭომ „ჯორჯიან სტოუნის“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაავალა სატენდერო კომისიას, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა. ასევე, „სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“.

ქობულეთის სატენდერო კომისიამ დავების საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ იმსჯელა და ტენდერი საერთოდ შეწყვიტა.

შეწყვეტის ოქმში ვკითხულობთ:

  • „კონკრეტული საკვალიფიკაციო მოთხოვნა, რომელსაც განსაზღვრავს სატენდერო კომისია, ემსახურება მიზანს, დაადგინოს, შეძლებს თუ არა პოტენციური მიმწოდებელი შესყიდვის ობიექტის შესრულებაზე თავის გართმევას. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა განსაზღვრული მოთხოვნა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 2 მილიონი ლარის სამუშაოების შესრულების თაობაზე.

თუმცა, ფაქტია, სადავო გახდა დამატებითი ჩანაწერი ერთი პროექტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არსებულმა მოცემულობამ ცხადყო, დამატებითი მოთხოვნა – „ერთი ხელშეკრულების“ გარდა ასევე „ერთი პროექტის“ ფარგლებში იყოს შესრულებული სამუშაოები, ზღუდავს კონკურენტულ გარემოს.

მიმწოდებელი, რომელიც ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ასრულებს გარკვეული მოცულობის სამუშაოებს სხვადასხვა ლოკაციაზე, კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში, მისი კვალიფიკაცია და შესაძლებლობა ბუნებრივია იძლევა იმის დარწმუნების საშუალებას, რომ ის ერთი პროექტის ფარგლებში, ანუ ერთ საპროექტო ტერიტორიაზეც შეასრულებს სამუშაოებს.

უფრო მეტიც, გარკვეული მოცულობის სამუშაოების შესრულება სხვადასხვა ლოკაციაზე ერთ საანგარიშო პერიოდში უფრო რთული შესასრულებელი შეიძლება იყოს, ვიდრე კონცენტრირებულად ერთ საპროექტო ტერიტორიაზე.

შესაბამისად, სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ ჩანაწერი – „ერთი პროექტი“ ამცირებს როგორც კონკურენციას, ასევე მოცემულობიდან გამომდინარე წარმოშობს რისკს, სახელმწიფო სახსრები დაიხარჯოს არარაციონალურად და ამავდროულად „ერთი ხელშეკრულების ფარგლებში“-სთან ერთად დამატებით ამ ჩანაწერის არსებობა არ მეტყველებს პოტენციური მიმწოდებლის კვალიფიკაციის ხარისხზე.

აქედან გამომდინარე, სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ უნდა შეწყდეს ელექტრონული ტენდერი“ – აღნიშნულია ოქმში, რომელსაც ხელს ქობულეთის მერი ლევან ზოიძე [კომისიის თავმჯდომარე], მერის მოადგილე დავით ვერულიძე [კომისიის თავმჯდომარის მოადგილე], მერის მოადგილე მინდია რომანაძე [კომისიის წევრი] და კომისიის სხვა წევრები აწერენ.

ხელახალი ტენდერი, იმავე თანხით, ქობულეთის მერიამ 27 ივნისს გამოაცხადა.  წინადადებების მიღება კი, 2023 წლის 14 ივლისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.

ახალი ტენდერის პირობაში სადავო ჩანაწერი – „ერთი პროექტის“ – აღარ გვხდება:

  • „პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის, კერძოდ არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ღირებულების პარკის ან/და სკვერის ან/და ბულვარის ან/და მოსასვენებელი სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები. მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის სამუშაოები.“

შეწყვეტილ ტენდერში ეს მოთხოვნა ასე იყო ჩამოყალიბებული:

  • „… მათ შორის ერთი ხელშეკრულების (ერთი პროექტის) ფარგლებში არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის სამუშაოები.“

28 ივნისს დავების საბჭოში „ჯორჯიან სტოუნის“ ახალი საჩივარი შევიდა, რომელშიც კომპანია აცხადებს, რომ მერიამ ტენდერი კანონის დარღვევით შეწყვიტა, ამიტომ სატენდერო კომისიის ოქმი – ტენდერის შეწყვეტაზე – უნდა გაუქმდეს.

„სატენდერო კომისიამ, ნაცვლად იმისა, ემსჯელა და ეხელმძღვანელა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების კუთხით და პრეტენდენტისთვის კანონით დადგენილი წესით მიეცა დისკვალიფიკაცია, გვერდი აუარა კანონით დადგენილ წესს და პროცედურებს და შეწყვიტა ტენდერი აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და მოულოდნელადა ისე, რომ არ დაასრულა მსჯელობა და ადმინისტრაციული წარმოება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

აღნიშნული ქმედება გვიქმნის ვარაუდს, რომ სატენდერო კომისია ცდილობს, მიზანმიმართულად უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენოს პრეტენდენტი კომპანია და გამოაცხადოს პირობები, რომლებიც მასაც მოერგება. რაც აშკარა დისკრიმინაციაა და ყოველგვარ სამართლებრივ და ლოგიკურ საფუძველს მოკლებული.

[ტენდერის შეწყვეტა] ეჭვქვეშ აყენებს სატენდერო კომისიისა და მუნიციპალიტეტის მიმართ ნდობის საკითხს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობის კუთხით. ეჭვს აჩენს კორუფციული გარიგების ნიშნებზე. რადგან კომისია მზად არის, არ მისცეს დისკვალიფიკაცია არასათანადო პრეტენდენტს და საერთოდ შეწყვიტოს ტენდერი, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების უგულებელყოფით, რომელიც გამოიხატება მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი პროექტის გაჭიანურებით და გადადებით.“ – აღნიშნულია „ჯორჯიან სტოუნის“ ახალ საჩივარში, რომლის განხილვის თარიღად დავების საბჭოში 4 ივლისია ჩანიშნული.

შეწყვეტილი ტენდერისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ნახეთ ამ ბმულზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/474932/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: