მთავარი,სიახლეები

„აქ სახელმწიფო არ გტოვებს ბედის ანაბარა“ – ემიგრანტი ქალი ირლანდიიდან

29.06.2023 • 5483
„აქ სახელმწიფო არ გტოვებს ბედის ანაბარა“ – ემიგრანტი ქალი ირლანდიიდან

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შეფასებით საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, ემიგრაციის გამომწვევი ფაქტორები კომპლექსურია და დაკავშირებულია როგორც ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებთან, ისე ადამიანების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან.

ამავე კომისიის დაკვირვებით, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ ეტაპზე ემიგრაცია ძირითადად, ქვეყანაში არსებული არასტაბილური სიტუაციით და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებებით, სამოქალაქო ომით, შეიარაღებული კონფლიქტებით იყო გამოწვეული. მოგვიანებით კი, ემიგრაციული ნაკადების ზრდაში უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკურმა და სოციალურმა ფაქტორებმა ითამაშეს.

ბოლო 4, 5 წელია, რაც საქართველოდან ხშირად მიდიან საცხოვრებლად და სამუშაოდ ირლანდიაშიც. რენა ფერცელაძე დასავლეთ ევროპის ამ ქვეყანაში 2019 წელს წავიდა. მისი თქმით, ბოლო 2, 3 წლის განმავლობაში ბევრი ქართველი ჩავიდა ირლანდიაში ცხოვრების და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად.

რენა გვიყვება, რომ ირლანდიაში ქართველები ძირითადად მშენებლობაზე საქმდებიან. ერთსაათიანი შრომის ანაზღაურება 18 ევროდან იწყება. ყოველი ზეგანაკვეთური სამუშაო საათი კი ერთნახევარჯერ ანაზღაურდება.

რენა

„აქ ქართველები საქმდებიან ასევე ფაბრიკა-ქარხნებში, სათბურებში, ხილის და ბოსტნეულის შესაფუთ პუნქტებში, ბევრი ქართველია დასაქმებული ჩიპების მწარმოებელ უდიდეს კომპანია „ინტელში“, ოჯახებში მუშაობენ დამხმარეებად ქალები.

დაახლოებით საქართველოსხელა ქვეყანაა, 1987-2007 წლებში მიაღწია განსაკუთრებულ ეკონომიკურ წარმატებას. 1973 წელს, როცა ირლანდია ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა, ამ კავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო, დღეს კი ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავლით ევროკავშირის ქვეყნებს შორის მხოლოდ ლუქსემბურგს ჩამორჩება.

ირლანდიაში მთავარი ევროპული ოფისები აქვთ ფეისბუქს, გუგლს, ტვიტერს, ლინკდინს, ფეიფალს, ინტელს და უამრავ სხვა დიდი კომპანიას.

შრომის საათობრივი ანაზღაურებაც სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ მაღალია და ამიტომაც იქცა ემიგრანტებისთვის ირლანდია სასურველ ქვეყნად“, – ამბობს რენა და გვიზიარებს დაკვირვებას იმის შესახებაც, რომ ხშირად, ბოლო დროს საქართველოდან ემიგრაციაში მიდიან არამხოლოდ უმუშევრობისა და სოციალური პრობლემების გამო, არამედ, ზოგადად, ბუნდოვანი მომავლისა და უპერსპექტივობის შიშით.

„ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, მე არ ვიყავი მწვავე სოციალური პრობლემების წინაშე, მაგრამ ვიყავი რაღაცნაირად უმომავლოდ, ვერაფერს ვგეგმავდი, არ მქონდა სტაბილურობის განცდა, ადამიანის ფუნქცია ხომ მხოლოდ საკუთარი თავის უზრუნველყოფით არ შემოიფარგლება, სხვისთვისაც უნდა იყო სასარგებლო. მინდოდა რამე შემეცვალა ჩემ ცხოვრებაში და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც დონეზე ეს მოვახერხე, შეძლებისდაგვარად ვეხმარები ადამიანებს და მიუსაფარ ცხოველებს, რომლებიც ასე ძალიან მიყვარს. გამიჩნდა სამომავლო გეგმებიც და აღარ ვცხოვრობ ხვალინდელი დღის შიშით“, – გვიყვება ემიგრანტი.

რენა ირლანდიაში 2019 წლის 23 აგვისტოს წავიდა. ეს დღე ძალიან კარგად ახსოვს, უჭირდა ქვეყანასთან, ოჯახთან განშორება, მაგრამ ამბობს, რომ ემიგრაცია ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც ცხოვრებაში მიუღია.

პროფესიით იურისტია. თავიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, რამდენიმე წელი იყო იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი, უმუშავია არასამთავრობო ორგანიზაციაშიც, კერძო სექტორშიც, პარალელურად ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას:

„ცხოვრების ერთ ეტაპზე სამ ადგილასაც კი ვმუშაობდი ერთდროულად, მაგრამ საქართველოში ამ შემთხვევაშიც კი არ გაქვს ისეთი ანაზღაურება ღირსეულად ცხოვრება რომ შეძლო ადამიანმა“, – ამბობს რენა.

ფეისბუქზე დარეგისტრირებული თითქმის ყველა ჯგუფის წევრია, სადაც მიუსაფარ ცხოველებს ეხმარებიან. საკუთარი ჯგუფებიც აქვს: „ჩვენი გადარჩენილი ცხოველები“ და „ოთხთათა მეგობრები“. მეგობრების დახმარებით დისტანციურად პატრონობს რამდენიმე ძაღლს საქართველოში. ირლანდიიდან ეხმარება მიუსაფარ ძაღლებს მკურნალობასა და დაბინავებაში.

რამდენიმე მიუსაფარი ცხოველის გაჩუქება შეძლო გერმანიასა და ნიდერლანდებში. ამ ყველაფერს რენა მეგობრების დახმარებით ახერხებს, თუმცა ცხოველებზე ზრუნვა მისგან დიდ ფინანსურ რესურსსაც მოითხოვს.

რენა იხსენებს, რომ 2019 წელს, როცა თავად წავიდა ემიგრაციაში, ირლანდიაში ბევრი ქართველი არ იყო, თუმცა ამ ქვეყნის პოლიტიკამ თავშესაფრის მაძიებლების მიმართ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი ემიგრანტი მიიზიდა, მათ შორის საქართველოდან.

თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადის გაკეთების დღიდან ირლანდიის სახელმწიფო იწყებს პირზე ზრუნვას, რაც გამოიხატება საცხოვრებლისა და კვების უზრუნველყოფით.

ხიდი ირლანდიაში საქართველოს დროშის ფერებში

„თავშესაფრები ძირითადად სასტუმროებია სამჯერადი კვებით, ან თანხით კვებისთვის, რაც ყოველკვირეულად 62 ევროა დაახლოებით. თავშესაფრის მოლოდინში მყოფებს აქვთ ასევე ყოველკვირეული სოციალური დახმარება დაახლოებით 40 ევრო, ენიშნებათ სამედიცინო დაზღვევა და ენის კურსები.

თავშესაფრის მაძიებელი მუშაობის ნებართვას ირლანდიაში 5 თვის შემდეგ იღებს, რაც საშუალებას აძლევს ემიგრანტებს დასაქმდნენ სასურველ სფეროში, უფლება აქვთ აწარმოონ საკუთარი ბიზნესიც“, – ამბობს რენა.

თავშესაფრის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ემიგრანტები სარგებლობენ ყველა იმ სოციალური პაკეტით, რითაც ირლანდიის მოქალაქეები სარგებლობენ.

სახელმწიფო ეხმარება თავშესაფრის უფლების მქონე პირს ცხოვრების დამოუკიდებლად დაწყებაში. არსებობს სოციალური საცხოვრებელი სახლები ან ეხმარებიან ბინის ქირის გადახდაში, რაც ერთი ადამიანისთვის შეადგენს დაახლოებით 990 – 1215 ევროს ყოველთვიურად.

უმუშევრობის შემთხვევაში ყოველკვირეული კომპენსაცია საშუალოდ 208 ევროა თითო ადამიანისთვის.

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო არ გტოვებს ბედის ანაბარა, როცა ცხოვრებას ნულიდან იწყებ ახალ სამყაროში და არ გაქვს ხვალინდელი დღის შიში, გაქვს სტაბილურობის განცდა. ალბათ ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რის გამოც ირლანდია ახალ და სასურველ მიმართულებად იქცა ემიგრაციისთვის“, – ამბობს რენა და დასძენს, რომ ყველა ემიგრანტის შემთხვევა ინდივიდუალური და ერთმანეთისგან განსხვავებული, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ბოლო წელს დაახლოებით 400-მდე ქართველმა დატოვა ირლანდია და საქართველოში დაბრუნდა.

ზოგადად, ემიგრაციული ნაკადების შემცირება მომდევნო ათწლეულში ნაკლებად სავარაუდოა მიგრაციის სამთავრობო კომისიის ვარაუდით, თუმცა მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაბრუნების ხელშეწყობა და დაბრუნებულ მიგრანტთა პოტენციალის ქვეყნის განვითარებისკენ მიმართვა.

განვითარების პერსპექტივა კი ემიგრანტების დიდ ნაწილს ევროინტეგრაციის გარეშე ვერ წარმოუდგენია. ასეა რენასთვისაც. ემიგრანტი ქალი მიიჩნევს, რომ ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება მომავალი თაობების წინააღმდეგ ჩადენილი დიდი დანაშაული იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს ხალხს ინფორმაცია, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება ნიშნავს საქართველოს განვითარებისთვის ამოქმედებულ უამრავ პროექტს სხვადასხვა სფეროში, რასაც ფონდები მილიონობით ევროთი დააფინანსებენ.

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ  ამ სტატუსს აქვს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა და ის არაფერს ცვლის, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

ევროკავშირის წევრობამდე აუცილებლადაა მისაღები კანდიდატის სტატუსი და მე არ მესმის რა სასწაულებრივი ხერხებით აპირებს ხელისუფლება ამ აუცილებელი პროცედურის გავლის გარეშე ქვეყნის შეყვანას ევროკავშირში, ან აპირებს კი საერთოდ?“ – ამბობს ემიგრანტი ქალი.

ირნალდიაში აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: