მთავარი,სიახლეები

ზღაპრის წიგნის გამო სულაკაურის გამომცემლობას მიუვარდნენ

29.06.2023 • 10800
ზღაპრის წიგნის გამო სულაკაურის გამომცემლობას მიუვარდნენ

სულაკაურის გამომცემლობას რამდენიმე ქალი „დედების სახელით“ მიუვარდა და თანამშრომლები ლგბტქ პროპაგანდაში დაადანაშაულა. შემთხვევა 27 ივნისს მოხდა თბილისში. გამომცემლობამ პოლიციას მიმართა.

რადიკალურად განწყობილი ქალები გამომცემლობის თანამშრომლებს ათი წლის წინ ნათარგმნი ზღაპრის და ერთ-ერთი ფემინისტური წიგნის გამო ლანძღავდნენ.

გამომცემლობის დირექტორის, თინა მამულაშვილის აზრით, ეს ყველაფერი იმ ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელებაა, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა და ღიად ახალისებს ძალადობას განსხვავებული ადამიანების მისამართით.

„საუბარია, „წითელქუდას“ ავტორის, შარლ პეროს ერთ-ერთ ზღაპარზე, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ ვთარგმნეთ და გამოვეცით.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს მე-17 საუკუნის ზღაპარზე მომიწევდა კომენტარის გაკეთება. გაყიდვაშიც კი აღარ არის ეს წიგნები, ამოყიდულია საერთოდ და თუ მაშინ არ გამოუწვევია ამ წიგნებს მსგავსი კითხვები, ახლა რაშია ხომ საქმე, ალბათ ვიკითხავთ.

რა ლგბტქ პროპაგანდა შეიძლება იყოს მე-17 საუკუნის ზღაპარში? ხომ ვიცით, რომ ესეც რუსული პროპაგანდის მოგონილია, რადგან შეუძლებელია პროპაგანდით ადამიანმა სქესი ან ორიენტაცია შეიცვალოს“, – ამბობს თინა მამულაშვილი.

მისი თქმით, ვისაც ელემენტარული განათლება მაინც აქვს, შეუძლებელია დაიჯეროს ასეთი სისულელე, თუმცა პროპაგანდა საზოგადოების რაღაც ნაწილზე მაინც ახდენს გავლენას.

„ამ ლოგიკით, მაშინ ქართული ხალხური ზღაპრებიც არ უნდა წავიკითხოთ, სადაც წერია, რომ მუცელი უნდა გაუფატრო, დევს თავი მოაჭრა და ასე შემდეგ.

მაშინ „ვეფხისტყაოსანიც“ ავკრძალოთ და ამოვიღოთ სასწავლო პროგრამიდან. იქ რაც ხდება, ის მისაღებია მათთვის? თუ ამ ლოგიკას მივყვებით. ან „შუშანიკის წამება“ არ არის ძალადობა ქალების მიმართ?

ვინც კითხულობს საერთოდ მსოფლიო თუ ქართულ ლიტერატურას, ყველამ იცის, რომ ზღაპარია, ფიქციაა თუ დოკუმენტური ამბავი, ეს ყველაფერი სხვა საშუალებითაც შეიძლება წაიკითხოს ადამიანმა, თუნდაც ინტერნეტში.

უამრავ წიგნს ვთარგმნით, რომელიც აქტუალური და პოპულარულია მსოფლიოში და შესაძლოა ნაწარმოებში რომელიმე პერსონაჟი იყოს ან გეი, ან სხვა ორიენტაციის, რადგან ეს ადამიანები რეალურად არსებობენ. რა ვქნათ, პერსონაჟებს ცენზურა დავადოთ წიგნში?“ – ამბობს თინა მამულაშვილი.

მეორე წიგნი – „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგოებისთვის“, რომელსაც ერთ-ერთი ქალი პროპაგანდისტულს უწოდებდა, დოკუმენტურია. სულაკაურის გამომცემლობამ წიგნი ექვსი წლის წინ გამოსცა და დღეს არც ეს წიგნია გაყიდვაში.

„წიგნში შესულია რეალური ისტორიები ცნობილ მეცნიერ, კოსმონავტ, ლიდერ ქალებზე, რომლებმაც შეცვალეს ისტორია. ქალებზე, რომლებიც წავიდნენ დინების წინააღმდეგ და შეცვალეს დამოკიდებულება ქალების მიმართ. სუფრაჟისტები, თუნდაც.

ფემინისტური წიგნია ძალიან, რადგან ქალების როლსა და ქალების სიმამაცეზეა და ამაზე რატომ არ ლაპარაკობენ? რატომ არ საუბრობენ, მაგალითად, მარია კიურიზე, რომელიც ამავე წიგნშია?

ერთი ეპიზოდია მხოლოდ ადამიანზე, ბავშვზე, რომელიც თავის თავზე ამბობს, რომ შინაგანად თავს გრძნობს გოგოდ. არსად წერია, რომ მან სქესი შეიცვალა ან რაიმე მსგავსი. საუბარია იმაზე, რომ თავისი უფლებებისთვის იბრძოდა“, – ამბობს თინა მამულაშვილი.

უცნობი პირი სულაკაურის გამომცემლობაში

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ დასავლეთში ლგბტქ პროპაგანდა საბავშვო ბაღებშიც კი მიმდინარეობს და ამავე რიტორიკას აგრძელებენ პროსამთავრობო არხებიც.

თინა მამულაშვილიც მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი სწორედ ამ ძალადობრივი რიტორიკის გაგრძელებაა.

„ვხედავთ, რას ქადაგებენ, როგორ უწყობენ შუღლის გაღვივებას ხელს, როგორი აგრესია მოდის მათგან, ზუსტად ამ ნარატივში ჯდება ამ ქალების აქ მოვარდნაც. ცდილობენ, რაღაც გაუგებრობაში შეიყვანონ ადამიანები.

ან დასავლეთში რომელ ბაღში ნახა (ღარიბაშვილმა) ლგბტ პროპაგანდა, მისულა საერთოდ ბაღში დასავლეთში?

ან ის, რომ პარლამენტარები პირდაპირ მოუწოდებენ ხალხს ძალადობისკენ, „თავ-პირს დავულეწავთ“, ვინც „რუსს“ დაგვიძახებსო, ეს ნორმალურია? ცხადია, რიგითი „ალტ-ინფოელი“ ამას მიიღებს ბრძანებად, რომ ასე მოიქცეს.

ამიტომ არის შემდეგ ლევან ბერძენიშვილზე თუ სხვა ადამიანებზე თავდასხმები ქუჩებში, რა დამოკიდებულებაა ეს?

ან რა შუაში არიან ჩემი თანამშრომლები ამ ყველაფერთან, მუშაობს ახალგაზრდა ბიჭი, მიდიან და რაღაც ქსენოფობიურ კითხვებს უსვამენ, რაღაცებს აბრალებენ ადამიანებს, ცილს სწამებენ. ეს დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არის ზუსტად იმის გაგრძელება, რისკენაც მოუწოდებს ხელისუფლება ამ ხალხს.

შემდეგ ეს აგრესია ვლინდება ქუჩაში, ვლინდება ცენზურის მოთხოვნაში და იმაში, რომ მოგივარდნენ აქ, გამომცემლობაში“, – გვეუბნება თინა მამულაშვილი.

მისი თქმით, ეს ყველაფერი მიდის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, იქითკენ, რომ აიკრძალოს თავისუფალი აზრი, ადამიანებმა ვერ გამოხატონ ის, რისი გამოხატვაც უნდათ.

„ასე წვეთწვეთობით აპირებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მაგრამ არ გამოუვათ, რადგან აღარ ვართ მე-19-მე-20 საუკუნეში, ინტერნეტის ეპოქაში ვერც სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავ და ვერც აზრისას. თუ ჩრდილოეთ კორეაში უნდათ ცხოვრება, მიბრძანდნენ. მე, პირადად, არ ვაპირებ ტოტალიტარულ ქვეყანაში ცხოვრებას.

თუ მართლმადიდებელი დედები არიან, რის საფუძველზე აყენებენ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას, აძლევს მათი რწმენა ამის უფლებას?

რეალურად, ეს არის ბრძოლა ლიბერალიზმის წინააღმდეგ. მე კი მგონია, რომ დემოკრატიულ სამყაროში ცხოვრება გაცილებით საინტერესოა, რადგან ყველანაირი ადამიანისთვის მოიძებნება განვითარებისა და თვითგამოხატვის საშუალება. ირანისა და რუსეთის მაგალითზე ყველამ დავინახეთ, სადამდე მიდიან მათი მსგავსი სახელმწიფოები.

მე, პირადად, ასეთ ქვეყანაში ცხოვრება ვერც წარმომიდგენია, საბჭოთა კავშირი გავიარე და ეს უკვე აღარ მინდა. თუ ვინმეს აინტერესებს რა არის ტოტალიტარიზმი, ან ირანში გადავიდეს საცხოვრებლად, ან კორეაში, ან რუსეთში.

ახლახან ვნახეთ ირანში როგორ აუპატიურებდნენ ადამიანებს და ციხეებში აგდებენ პროტესტის გამო. იქ გვინდა ჩვენ ცხოვრება, სადაც რელიგიური ლიდერები გვკარნახობენ, რა არის მისაღები და რა არა?! თუ სეკულარულ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება თვითგამოხატვა. საბოლო ჯამში ხომ ამას მოაქვს პროგრესი, რადგან როცა ადამიანი ვითარდება, სახელმწიფოც ვითარდება“, – ამბობს თინა მამულაშვილი.

მისი აზრით, ეს პროპაგანდა ალბათ ვერ იმუშავებს, თუმცა განათლების დონე რაც უფრო დაბალია ქვეყანაში, პროპაგანდისტული იარაღებით ადამიანების მანიპულირება გაცილებით ადვილია:

„ამიტომ, რაც შეიძლება მეტი უნდა წაიკითხონ ადამიანებმა, მეტი იმოგზაურონ, მეტად განათლებული უნდა იყოს საზოგადოება, შეეძლოთ ადამიანებს კრიტიკული აზროვნება, კითხვების დასმა, რომ ბრმად არ გადაყლაპონ ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც აქტიურად აწვდის პროპაგანდისტული მედია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: