განათლება,მთავარი,სიახლეები

„თუ ბავშვებს ვასწავლით მრავალფეროვნებას, მიმღებლობაც უნდა ვასწავლოთ“ – მასწავლებელი

27.06.2023 • 3651
„თუ ბავშვებს ვასწავლით მრავალფეროვნებას, მიმღებლობაც უნდა ვასწავლოთ“ – მასწავლებელი

„თუკი ჩვენ ვესაუბრებით მოსწავლეებს მრავალფეროვნებაზე, მაშინ მრავალფეროვნების მიმღებლობაც უნდა ვასწავლოთ, იქნება ეს განსხვავებული ჩაცმულობა, ვარცხნილობა, იდენტობა თუ სხვა რამ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ლელა წურწუმია, გორის №12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, მოქალაქეობის და ისტორიის მასწავლებელი, რომელიც წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრია.

  • ქალბატონო ლელა, რამდენი ხანია რაც სკოლაში ასწავლით და რატომ გადაწყვიტეთ, რომ მასწავლებელი გამხდარიყავით?

სტუდენტობის დროს სულ მაინტერესებდა სკოლა და 2008 წელს დავბრუნდი კიდეც სკოლაში. ახლა მენტორი მასწავლებელი ვარ და ვასწავლი სამოქალაქო განათლებას და ისტორიას.

სწორედ ეს საგანი იყო მიზეზი, რის გამოც მინდოდა მასწავლებლობა.

აშშ-შიც ვიმყოფებოდი პროექტის ფარგლებში, სადაც ვმსჯელობდით კოლეგები, თუ რა როლი აქვს მასწავლებელს დღეს, 21-ე საუკუნეში და ერთი რამ ცხადია, რომ მოსწავლეებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ კეთებით და ცხოვრებისეული მაგალითებით.

მნიშვნელოვანია განათლება, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ მაგალითებს და ღირებულებებზე დამყარებულ ცოდნას.

ასევე მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ბავშვებს მოქალაქეობრივი, სახელმწიფოებრივი აზროვნება.

დღეს ძალიან რთულია თანამედროვე მოსწავლეებთან ურთიერთობა, რადგან ძალიან ინფორმირებული და განვითარებული თაობა გვყავს და როგორც მასწავლებელს, გიწევს არ შეწყვიტო განვითარება, რომ უპასუხო მათ საჭიროებებს.

  • რა არის სამოქალაქო, სახელმწიფოებრივი აზროვნება, როგორ ასწავლით?

ალბათ ის, როგორი ადამიანი უნდა იყო, როგორი დამოკიდებულებები და ღირებულებები შეიძლება გქონდეს როგორც სახელმწიფოს, ასევე კონკრეტული პრობლემების მიმართ და როგორ რეაგირებ ამაზე.

სიმულაციებით სწავლება ძალიან გვეხმარება ამ ცოდნის გააზრებაში.

მაგალითად, სიმულაციებს ვაკეთებთ თვითმმართველობის არჩევნებზე, საკრებულოს სხდომებზე და ასე შემდეგ. ვსვამთ კითხვებს, მაგალითად გარე-განათება, სტადიონის განათება, საიდან მოდის ეს? განვიხილავთ, რომ ბიუჯეტი არის ხალხის და ეს ყველაფერი ჩვენივე კეთილდღეობისთვის უნდა დაიხარჯოს.

და არის ბევრი სხვა საკითხი, რისი მეშვეობითაც მოსწავლემ უნდა დაინახოს მისი, როგორც მოქალაქის მონაწილეობის მნიშვნელობა და შემდეგ, როცა გახდება სრულწლოვანი, სწორი დამოკიდებულება ექნება ამ პროცესების მიმართ. ეს არის პირველი ნაბიჯები, რომელსაც მოქალაქეობის კუთხით გადიან მოსწავლეები სკოლაში.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, ღირებულებითი განათლების მნიშვნელობა, რადგან ბევრი პრობლემები არსებობს საზოგადოებაში, იქნება ეს შემწყნარებლობის საკითხები, განსხვავებულის მიმღებლობა, საკუთარი უფლებების დაცვა და გარკვეული პასუხისმგებლობების ჩამოყალიბება, კონფლიქტის მართვა და სხვა.

ამ პროცესში მნიშვნელოვანია მასწავლებლის, როგორც მოდელის როლი, ჩვენ თვითონ როგორ ვატარებთ ამ ყველაფერს ცხოვრებაში. თუ ეს ყველაფერი პრაქტიკაში არ დაინახა ბავშვმა, შემდეგ უკვე რთულია, რომ დაგიჯეროს. მასწავლებელიც უნდა იყოს სოციალური ფიგურა.

  • თქვენი აზრით, რა არის ყველაზე წარმატებული მოდელი სწავლა-სწავლების პროცესში?

ვფიქრობთ, ეს არის პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება. ის, რასაც ვასწავლით საგაკვეთილო პროცესში, აუცილებელია დაკავშირებული იყოს ცხოვრებასთან, რადგან თუ თვითონ არ გააკეთა ბავშვმა, რაზეც არ უნდა ვესაუბროთ მას, ეკოლოგია იქნება ეს, გარემოს დაცვა თუ რაიმე სხვა და არ გაიაზრა თავისი როლი, ტყუილია სწავლა-სწავლება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა ისწავლონ პრობლემების აღმოჩენა და შემდეგ დაფიქრდნენ მათი გადაჭრის გზებზე. თუ ბავშვს პრობლემის იდენტიფიცირება არ შეუძლია, ეს უკვე პრობლემაა.

  • თქვენი მოსწავლეები რა პრობლემებზე აკეთებენ აქცენტს?

მედიაწიგნიერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია დღეს, რადგან ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს.

სკოლაში რამდენიმე მიმართულების კლუბი გვაქვს და ერთ-ერთი მიმართულია აქეთკენ. მოსწავლეებს ასევე ძალიან უყვართ თანასწორ-განმანათლებლობის კლუბი, რაც გულისხმობს მედიაწიგნიერების მიმართულებით ცნობიერების გაზრდას.

გავაკეთეთ ეკოჩანთები, ჩავალაგეთ წიგნები და ასე დაიწყო ამ წიგნებმა კლასიდან კლასში მოგზაურობა და ასე წაიკითხეს ბავშვებმა ეს წიგნები.

  • თქვენ ახსენეთ ყალბი ინფორმაციის საფრთხეები. ცხადია, დიდი გამოწვევაა დღეს დეზინფორმაცია და პროპაგანდა და არა მარტო ბავშვებისთვის. როგორ ახერხებენ მოსწავლეები გამოიცნონ რა არის სინამდვილე და რა – სიყალბე?

ვასწავლეთ ინსტრუმენტები, თუ როგორ უნდა ამოიცნონ ინტერნეტსივრცეში ყალბი ინფორმაცია.

კოვიდის დროს, იცით ალბათ, რამდენი ყალბი ინფორმაცია ვრცელდებოდა ვაქცინებზე და ამაზეც ბევრი ინფორმაცია გადაამოწმეს ბავშვებმა. იმუშავეს სხვა საკითხებზე.

  • ბოლო თვეებია, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, მაგალითად პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ევროპაში და აშშ-ში ბავშვებს აიძულებენ სქესის შეცვლას, რომ საბავშვო ბაღებშიც კი ღიად ეწევიან ლგბტქ პროპაგანდას და ასე შემდეგ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, თქვენი მოსწავლეები ხვდებიან, რომ ეს სიყალბეა?

რა თქმა უნდა, კი.

შეუძლებელია ბავშვებს არ ჰქონდეთ კითხვები იმაზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება. როგორც ვიცით, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება და ჩვენც ვასწავლით, რამდენად ღირებულია გქონდეს გამოხატვის თავისუფლება.

ჩემთვის ყველაზე ღირებული ადამიანია და მისი უფლებები. კანონის ფარგლებში ჩემთვის გამოხატვის ყველა ფორმა მისაღებია.

  • ალბათ ისიც გახსოვთ, ღარიბაშვილმა როგორ უწოდა მოზარდებს სატანისტები, კობახიძემ კი სტუდენტებს „ორიენტაცია არეული“. მოსწავლეები რას ამბობენ ამ ყველაფერზე?

თუკი ჩვენ ვასწავლით ბავშვებს მრავალფეროვნებაში ცხოვრებას, მაშინ მრავალფეროვნების მიმღებლობაც უნდა ვასწავლოთ. იქნება ეს განსხვავებული ჩაცმულობა, ვარცხნილობა, იდენტობა თუ სხვა რამ, რითაც შეიძლება განსხვავებული იყვნენ ადამიანები ერთმანეთისგან. იქნება ეს კანის ფერი, რელიგია თუ სხვა რამ, ყველას აქვს საკუთარი განსხვავებულობის გამოხატვის უფლება.

ეს იციან ბავშვებმა და მსჯელობენ კიდეც ამაზე.

  • თქვენ ისტორიასაც ასწავლით. ბავშვებისგან გვსმენია, რომ სკოლებში სათანადოდ არ ისწავლება საბჭოთა რეჟიმის ისტორია, რუსული ოკუპაცია. დღესაც კი ჩნდება კითხვა, არის თუ არა რუსეთი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მტერი. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

მე ვასწავლი სკოლაში, სადაც ძალიან ბევრი დევნილი ბავშვი სწავლობს და წარმოუდგენელია არ ვისაუბროთ ამაზე. იმაზე, თუ როგორ ენატრებათ ამ ბავშვების მშობლებს თავიანთ მიწა-წყალზე დაბრუნება.

ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ აფხაზეთის კვირეული, სადაც დავაფიქრეთ მოსწავლეები დაკარგული ტერიტორიების მნიშვნელოვნებაზე, რომ ეს ისტორიები კარგად გაიაზრონ ბავშვებმა.

გვქონდა ფილმის ჩვენება, დისკუსიები და ყოველთვის გვაქვს ამაზე რეაგირება.

  • როგორც ვიცი, სამოქალაქო განათლების კომპონენტია სკოლაში კონფლიქტების მართვაც. ბოლო პერიოდში არაერთი შემთხვევის შესახებ გვსმენია, როცა სკოლა აიძულებს მშობელს გადაიყვანოს ბავშვი სხვა სკოლაში, რადგან ბავშვი არ სწავლობს და თან ცელქია. თქვენი აზრით, რატომ არ უყვართ სკოლაში ცელქი ბავშვები?

ყველა ბავშვი განსხვავებულია და ყველას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. შესაბამისად, გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ ეს.

მნიშვნელოვანია, რომ ხშირად ვცვალოთ აქტივობები გაკვეთილზე. ჩემს მოსწავლეებს ძალიან უყვართ ფილმების, ანიმაციების ყურება და ვფიქრობ, რომ ცელქი მოსწავლეც კი, რომელიც გაკვეთილზე ვერ ჩერდება, გამორიცხულია რომელიმე აქტივობით არ დაინტერესდეს.

  • როგორ ფიქრობთ, როცა 7 მასწავლებლიდან არცერთი არ უწერს ნიშანს ბავშვს, დამრიგებელი კი მშობელს კლასში ჩატოვებით ემუქრება ან აიძულებს, გადაიყვანოს ბავშვი სხვა სკოლაში, რა გარემოა ეს ბავშვისთვის, რატომ მიდის ბავშვის და მასწავლებლის ურთიერთობა აქამდე?

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ წლის განმავლობაში რაიმე ტიპის აქტივობაში ვერ ჩართოს ბავშვი მასწავლებელმა. რაღაცაში ხომ შეიძლება მიეღო ქულა? მით უფრო მაშინ, როცა ვიცით რომ 5-იდან 10-მდეა შეფასების ქულა.

თუ მოსწავლე გახდა ინერტული, ამას რაღაც გარემო ქმნის, ხომ?! ეს შეიძლება იყოს სასკოლო გარემო, ოჯახი ან სოციუმი, სადაც ბავშვი ცხოვრობს.

თუ ბავშვი არ სწავლობს, ამას აქვს მიზეზი და ეს უნდა მოვიკვლიოთ და დავადგინოთ, რა დროს დაკარგა მოსწავლემ მოტივაცია, რა დროს გახდა სკოლა მტრულად განწყობილი მის მიმართ.

მოსწავლეებს, როგორც საკუთარ შვილებს ისე უნდა ვუყუროთ და ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ, რაც რთულია და ამავდროულად, საპასუხისმგებლო.

თუ მოსწავლეებს რასაც კლასში ვასწავლით, იმის პრაქტიკაში გატარებასაც ვასწავლით, აუცილებლად იპოვიან თავიანთ ადგილს ცხოვრებაში.

პანდემიის შემდეგ მოსწავლეების სოციალურ-ემოციური უნარები ისედაც დაქვეითებული აქვთ და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქტიურად ჩართოთ ყველა პროცესში. გავარკვიოთ რა გარემოებები აქვეითებს მათ მოტივაციას და დავეხმაროთ ამ მოტივაციის დაბრუნებაში.

__________________

ამავე თემაზე:

ლევან ბერძენიშვილზე ძალადობა განვიხილეთ და ვთქვით, რომ ეს ბოროტებაა – პედაგოგი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: