მთავარი,სიახლეები

იმამი ლგბტქ თემის ჩაგვრაზე: „უმრავლესობა მრუშობს – ვცემოთ?“ I VIDEO

03.07.2023 • 3076
იმამი ლგბტქ თემის ჩაგვრაზე: „უმრავლესობა მრუშობს – ვცემოთ?“  I VIDEO

„როგორიც არის ლგბტ თემის მოცემულობა, ისეთივე ცოდვაა ისლამის მიხედვით მრუშობა,“ – ამბობს ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი, თამაზ მგელაძე. ეს ის მეჩეთია, რომლის მშენებლობაც მუსლიმებმა 2017 წლიდან დაიწყეს, თუმცა ნებართვას არ აძლევენ.

იმამს ამ შემთხვევაში სხვა დაუცველ ჯგუფებზე ვესაუბრებთ საქართველოში, მაგალითად, ლგბტქ თემზე, ასევე ქალთა მიმართ ძალადობაზე: როგორ უყურებს მუსლიმი თემის ერთ-ერთი ლიდერი სხვა ჯგუფების ჩაგვრას?

თამაზ მგელაძე საუბრის დასაწყისშივე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „მუსლიმის ვალია, ნებისმიერი დაჩაგრული დაიცვას“. იმამი განმარტავს, რომ რელიგიური თვალსაზრისით, ლბგტქ თემის წევრების გენდერული იდენტობა ცოდვაა, თუმცა ეს ისეთივე ცოდვაა, როგორც, მაგალითად, მრუშობა ან ქორწილში ღვინის სმა.

„ვთქვათ, ეს ადამიანი ცოდვას ჩადის, მაგრამ არავის არ აქვს იმის უფლება, ქუჩაში ვცემოთ, რადგან ცოდვას სჩადის… შეგვიძლია ქუჩაში გავიდეთ და ვცემოთ უმრავლესობა, რადგან უმრავლესობა მრუშობს? ეს [ლგბტქ-ს გენდერული იდენტობა] ცოდვაა, მაგრამ იგივენაირად ცოდვაა, გახვიდე და ქუჩაში სცემო ადამიანს,“ – ძალადობის მიუღებლობაზე საუბრობს ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი.

თამაზ მგელაძეს ვეუბნებით იმასაც, რომ ხშირად ძალადობრივი ჯგუფები აგრესიის გამართლებას ცდილობენ არგუმენტით, რომ ლგბტქ თემის პროპაგანდა ხდება. იმამი კი შენიშნავს, რომ პროპაგანდას ვერ აუკრძალავ ვინმეს.

ამ შემთხვევაშიც მუსლიმი თემის სულიერი ლიდერი მაგალითით გვესაუბრება:

„ნებისმიერ ქორწილში ალკოჰოლს სვამენ. ისლამის მიხედვით კი, კატეგორიულად აკრძალულია ალკოჰოლის მიღება… შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ამას ჩვენი შვილები დაინახავენ, რომ აი, ცუდ საქმეს აკეთებენ, ან ის ხალხი, რომელიც მრუშობს და დაქებით ამბობს, რომ ამდენ ქალთან ვიყავი…,“ – გვიყვება თამაზ მგელაძე.

იმამს ვკითხეთ მუსლიმი თემის დამცველზე, ტარიელ ნაკაიძეზე, რომლის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ამ შეხედულების გააქტიურებაც სცადა: „ტარიელ ნაკაიძე ლგბტ თემის დამცველია“.

„უმრავლესობამ შესაძლოა ნებისმიერი რამ შემოატრიალოს სხვა მიმართულებით. ჩემი სიტყვაც შეიძლება შეატრიალონ და თქვან, რომ მე ვიცავ ლგბტ თემს. სინამდვილეში, მე ვიცავ ადამიანის უფლებებს. არავის აქვს უფლება, ქუჩაში გავიდეს და ვინმეს სცემოს. ტარიელ ნაკაიძეც იმავეს ამბობს, მაგრამ მის ნათქვამს სხვა პოლიტიკური მიმართულება მისცეს, მისი დაკნინება სცადეს,“ – მიიჩნევს ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი.

ლოცვა ბათუმის ახალ მეჩეთში – 2023 წლის 26 ივნისი

რაც შეეხება ქალთა მიმართ ძალადობას – თამაზ მგელაძე დაუშვებლად მიიჩნევს ძალადობას, მათ შორის, ზეწოლას, მაგალითად, თავსაფრის ტარების გამო.

„საქართველოში გავრცელებული ერთ-ერთი წესია, რომ კაცია სახლში მთავარი და კაცი რომ ხელს დაარტყამს, ყველა უნდა მიყვეს მას. ისლამში ასე არ არის, ისლამში არის აზრის გაცვლა ოჯახში. ქალის ჩაგვრა, ცემა, კვლა, ზეწოლა, ძალდატანება – ამას კატეგორიულად კრძალავს ისლამი და მუსლიმებიც.

ხშირად გვესმის, რომ მუსლიმი ქალები თავსაფრის ტარების გამო დაჩაგრულები არიან. მე ეს არ მიმაჩნია ჩაგვრად. არა მგონია, ვინმე ძალდატანებით მოქმედებდეს. თუ ჩემი მეუღლე თავდაფარებულია, ეს შეიძლება, ვიღაცისთვის იყოს ჩაგვრა, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ეს ადამიანი დაჩაგრულია იმიტომ, რომ ამ სიცხეში, მზეზე როგორ დადის, მაგრამ ეს არის რელიგიური დოგმატიკა,“ – ამბობს იმამი.

თამაზ მგელაძის აზრით, ქალი და კაცი ერთმანეთის თანასწორი არ არის, მისი შეხედულებები ამ ნაწილში უფრო გენდერულ სტერეოტიპებს ამძაფრებს.

მაგალითი დავუსახელეთ იმამს: მუსლიმ წყვილს რას ურჩევდით, ვინ უნდა მიხედოს ბავშვს, თუ ორივე მშობელი დაკავებულია?

„ისლამიდან გამომდინარე უფრო დედის ვალდებულებაა შვილის გაზრდა,“ – გვიპასუხა იმამმა და დასძინა: ქალი და კაცი ისლამში ერთმანეთის თანასწორია, ამას ვერ ვამბობთ, რადგან ისინი ბუნებითაც განსხვავდებიან, თუმცა ისლამი ორივეს უყურებს ისე, რომ ქალს აქვს ქალის უფლებები, კაცს – თავისი უფლებები,“ – გვითხრა თამაზ მგელაძემ.

თამაზ მგელაძე – ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი

„ჩვენ ვუყურებთ, როგორც მუსლიმების თავისუფლების მეჩეთს… ახალგაზრდულმა ფრთამ ასე შეარქვა, 2017 წლის 26 მაისს გავხსენით მეჩეთი და ეს ორმაგად სასიხარულოა,“ – ახალი მეჩეთის მლოცველებისგან დაცარიელებულ სივრცეს გაჰყურებს იმამი – თამაზ მგელაძე 2017 წლიდან ბათუმის ახალი მეჩეთის იმამია.

თამაზ მგელაძე პროფესიით თეოლოგია, ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი საქართველოს ისტორიაში.

„..მინდოდა ხან იურისტობა, ხან – სამსახიობო. 2005 წელს ეროვნულ გამოცდებს ვაბარებდი, მაგრამ ეკონომიკური პრობლემების გამო ვერ მოვახერხე სწავლა, საზღვარგარეთ მომიწია წასვლა – 2008 წელს თურქეთის უნივერსიტეტში ჩავაბარე თეოლოგიის ფაკულტეტზე.

2012 წელს დავასრულე თეოლოგიის ფაკულტეტი და ხულოში დავბრუნდი, 2 წელი ხულოში ვიმუშავე მოსწავლე-ახალგაზრდობის საგანმანათლებლო ასოციაცია „ხულოს“ დირექტორად, შემდეგ კი ბათუმში გადმოვედი ქართველ მუსლიმთა კავშირში. 2017 წლიდან იმამი ვარ,“ – ამბობს თამაზ მგელაძე.

2017 წლიდან მუსლიმები მოთმინებით ელიან ნებართვას ახალი მეჩეთის აგებაზე. მეჩეთისთვის მიწა თავად შეიძინეს. იმის მიუხედავად, რომ ქალაქის ამ ზონაში 7 მართლმადიდებელი ტაძარია უნებართვოდ აგებული სახელმწიფოსგან საპატრიარქოსთვის უფასოდ გამოყოფილ მიწებზე და ამაზე სახელმწიფო არ რეაგირებს, მუსლიმებს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლებით სარგებლობაზე ამ დრომდე სახელმწიფო უარს ეუბნება.

თამაზ მგელაძეს სასამართლო გადაწყვეტილებებზეც ვესაუბრეთ: რამდენად არის სასამართლო დავა მუსლიმი თემის ჩაგვრისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საშუალება? – სასამართლოში დავის დაწყებიდან 6 წლის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათუმის მერიას მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება არ ჰქონია.

მუსლიმები ღია ცის ქვეშ ლოცულობენ, მათ ბათუმის მერია ახალი მეჩეთის აგებაზე უარს ეუბნება

ბათუმის ახალი მეჩეთი

ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი კი, 6-წლიანი უშედეგო ლოდინის შემდეგაც დარწმუნებულია, რომ ბათუმის ახალი მეჩეთი აშენდება და სახელმწიფოს შესაბამისი ნებართვების გაცემაც მოუწევს.

„ჩვენ რომ აქ თავიდანვე დაგვეწყო მეჩეთის მშენებლობა, დღეს აქ ეს მდგომარეობა არ გვექნებოდა. გვექნებოდა მეჩეთი და არა მგონია, ვინმე წინააღმდეგი წასულიყო. ჩვენ, მუსლიმები, მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს საკითხი მოვაგვაროთ სასამართლოს წესით, რომ ხვალ არ გვითხრას ვინმემ, ეს უკანონოდ ააშენეთო.

ეს იქნება საქართველოს მასშტაბით პირველი მეჩეთი ქართველი მუსლიმების მიერ აგებული. მეჩეთი თავისი ფორმითაც იქნება ქართული კულტურის ნაწილი.

მმართველი პარტია ფიქრობს, რომ თუ აქ იქნება მეჩეთის ნებართვა, ამ შემთხვევაში დომინანტური რელიგიური კუთხიდან მოჰყვება რეაგირება თუნდაც არჩევნების პერიოდში. მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს – ჩვენ არ მოგვიწევს სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს საკითხი არ წარმოვაჩინოთ, როგორც პრობლემა,“ – გვიყვება თამაზ მგელაძე.

 

რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება მუსლიმი თემის მიმართ? – საუბრის ბოლოს ამ კითხვაზეც საინტერესო მიგნებებიც გაგვიზიარა ბათუმის ახალი მეჩეთის იმამმა.

„წლების წინ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით – ქრისტიანები და მუსლიმები, ან სხვა რელიგიის წარმომადგენლები, ზურგს უკან რაღაცას ვლაპარაკობდით.

სინამდვილე ნელ-ნელა ჩნდება.

მაგალითად, 15 წლის წინ მე ქრისტიანი მეგობარიც არ მყავდა. დღეს კი უამრავი ასეთი მეგობარი მყავს, მათ რეალურად დაინახეს ნამდვილი მუსლიმის სახე. უთქვამთ კიდეც, რომ ცდებოდნენ.

ადამიანებმა დაინახეს, რომ ჩვენ არ ვართ საშიში – რაღაც პერიოდში ვიღაც ტერორისტებზეც საუბრობდა.

ახლაც გვესმის სიტყვები, რომ აი, ქართველი მართლმადიდებელი უნდა იყოს და ქართველი ვერ იქნება მუსლიმი, მაგრამ უმრავლესობა ასე აღარ ფიქრობს. ჩვენ გვეიმედება იმ ადამიანების არსებობა, რომლებიც აღგვიქვამენ, როგორც ამ ქვეყნის სრულფასოვან წევრს,“ – გვითხრა თამაზ მგელაძემ, ბათუმის ახალი მეჩეთის იმამმა.

ბათუმის ახალი მეჩეთი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: