განათლება,მთავარი,სიახლეები

რა სჭირდებათ მოსწავლეებს ახალშენის სკოლაში

28.06.2023 • 1049
რა სჭირდებათ მოსწავლეებს ახალშენის სკოლაში

„ინტერნეტბიბლიოთეკა, შეკრების ადგილი ახალგაზრდებისთვის, უცხო ენების გაძლიერებული სწავლება. არის რაღაცები, რაც განსაკუთრებით გვჭირდება,“ – ასე უპასუხა მეათეკლასელმა ნინი დევაძემ კითხვას, რა სჭირდებათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სკოლის მოსწავლეებს.

სოფელში კულტურის სახლი დგას, თუმცა დაკეტილია და სარემონტო. ბავშვებს არ აქვთ სივრცე, სადაც სკოლის შემდეგ აქტივობებისთვის შეიკრიბებიან.

ლარისა ქოქოლაძე ახალშენის პირველი საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელია. ის ერთ-ერთი იყო იმ მასწავლებლებს შორის, ვინც ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრ CERN-ში ერთკვირიანი სტაჟირება გაიარა.

„ცერნიდან“ დაბრუნებულ მასწავლებელს უნდოდა პრაქტიკული გამოცდილება გაეზიარებინა მოსწავლეებისთვის, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

სკოლას ფიზიკის ლაბორატორია არ აქვს.

„ჩვენთან არ არის ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ის მოწყობილობები და ის ტექნოლოგიები, რაც მჭირდება  გაკვეთილზე.

ჩვენი ლაბორატორია ძალიან მოძველებულია. მე ამ სკოლაში ვსწავლობდი და ჩემი მოსწავლეობის პერიოდში შეძენილი, მოძველებული ხელსაწყოებია. ეს არ არის რესურსი, რომელიც გამოიყენება თანამედროვე სწავლების დროს.

უკეთესი იქნება, თუ რაიმე საშუალება გაჩნდება – ან დაგვაფინანსებენ, ან მოგვიტანენ ისეთ ლაბორატორიებს, როგორიც, მაგალითად, სხვა სკოლებს აქვთ,“ – ამბობს ლარისა ქოქოლაძე.

ფიზიკის მასწავლებელი ამბობს, რომ ლაბორატორიების არარსებობაც შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ საბუნებისმეტყველო საგნებით სულ უფრო ნაკლები ბავშვი ინტერესდება.

„თუკი მოსწავლეს ეცოდინება, რომ მაგალითად, ამ სკოლაში არის მაღალი ხარისხის ლაბორატორია, საჭირო ხელსაწყოები, შეიძლება მდგომარეობა გაუმჯობესდეს. იმიტომ, რომ მოტივაცია უფრო მეტი ექნება ბავშვებს. მე ახლა ვაკვირდები, მეათე კლასში ელექტრობაზე ჰქონდა ბავშვებს გაკვეთილები და ჩემი ხელით რაღაც მოვაგროვე. რომ ჩავუტარე ასეთი გაკვეთილი, ბავშვები უფრო დაინტერესდნენ. რომ იყოს ასეთი საშუალებები და შეგვეძლოს ყველა კლასში რაღაც ლაბორატორიული მარტივი ექსპერიმენტების ჩატარება, ვფიქრობ, უკეთესი შედეგები გვექნება,“ – ამბობს ლარისა ქოქოლაძე.

ახალშენის პირველი საჯარო სკოლის საჭიროებებზე საუბრობს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა თურმანიძე.

„რაც შეეხება ახალშენის სკოლის საჭიროებებს. ჩვენი სკოლა ჩასმულია რეაბილიტაციის გეგმაში, ველოდებით მის დაწყებას. დანარჩენი კეთილმოწყობილია. გვჭირდება, რა თქმა უნდა, მინირემონტიც.

ძირითადი პრობლემა არის ის, რომ სოფლის სკოლიდან მოსწავლეები წავიდნენ ქალაქის სკოლებში. ჩვენი მისია, მოვალეობაა, რომ ეს მოსწავლეები დავაბრუნოთ და დავუბრუნოთ ჩვენს სკოლას ძველი სახელი,“ – ამბობს გოჩა თურმანიძე.

სკოლიდან მოსწავლეთა გადინებაზე საუბრობს ქართულის მასწავლებელიც.

„სასურველია, სკოლას ჰქონდეს უფრო კარგი პირობები. შეგვიმცირდა მოსწავლეთა რაოდენობა. მე ამ სკოლაში ავიდგი ფეხი, აქ ვსწავლობდი. მახსოვს, ოთხი მეათე კლასიც კი იყო. იმედია, ეს პრობლემა დროებითია და მალე გამოსწორდება,“ – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლუბა შამილაძე.

ლუბა შამილაძე

ახალშენის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ალექსანდრე ჩხიკვაძე ამბობს, რომ აუცილებელია ბავშვებს ჰქონდეთ გართობის და განათლების მიღების ალტერნატიული სივრცე.

„სოფელში მუშაობს მხოლოდ ერთი ცეკვის ჯგუფი სკოლასთან და ფეხბურთის კლუბი. ახალშენის ცენტრში დგას კულტურის სახლი, რომელიც ბოლო ათი წელია რემონტდება. ორი ეტაპი შესრულდა, მესამე ეტაპია, სცენის მოწყობა, რომელიც არ სრულდება. აქ გამგეობას და მერიას უფრო ნაკლები დანაშაული აქვთ, ვიდრე მშენებლებს. მშენებლების უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაომ გამოიწვია ის, რომ მერიამ არ მიიღო ექსპლუატაციაში ეს შენობა.

კულტურის სახლი რომ მუშაობდეს, აქ შეიძლება მოეწყოს ინტერნეტბიბლიოთეკა, პატარა მინითეატრი და ბავშვები დაკავდებიან. მაგალითად, სკოლის შენობაში იყო თოჯინების თეატრი. ახლა სკოლას აღარ აქვს საშუალება, რომ თოჯინების თეატრმა იმუშაოს, მაგრამ შეიძლება აქ მოეწყოს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ ბავშვებზე,“ – ამბობს ალექსანდრე ჩხიკვაძე.

ალექსანდრე ჩხიკვაძე

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის მერიას დაუკავშირდა. მერიაში გვითხრეს, რომ ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე ჯერ ტენდერი უნდა გამოცხადდეს, შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების დასრულებას.

მთავარი ფოტო: ნინი დევაძე და ანა აბულაძე, ახალშენის #1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები


გადაბეჭდვის წესი


ასევე: