მთავარი,სიახლეები

მაშინაც მასე იცინოდით და თურმე მერი კაზინოში თამაშობს – ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

26.06.2023 • 2469
მაშინაც მასე იცინოდით და თურმე მერი კაზინოში თამაშობს – ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

„ჯუმბერის ვიცავდით ხომ კბილებით და აღმოჩნდა, რომ კაზინოში აგებდა ხალხის ფულებს. მე სასაცილოს არ ვამბობ, როცა რამეს ვამბობ“, – განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ [ენმ] რამაზ ქავთარაძემ, მას შემდეგ, როცა მის განცხადებას ხელვაჩაურის მერისა და პოლიციის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნაზე კოლეგები „ოცნებიდან“ სიცილით შეხვდნენ.

„იცინოდნენ მასე და დეიჭირეს მერე ხალხი“, – დაამატა სხვამ.

დღეს, 26 ივნისს, ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე, განსაკუთრებით სხდომის პირველ ნაწილში, რთული იყო იმის გარკვევა, ვინ რას და ვისი მისამართით ამბობდა ან ყვიროდა.

რამაზ ქავთარაძემ კი დააკონკრეტა, რომ ხელვაჩაურის ყოფილ მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს გულისხმობდა:

„თქვენ მეგობრობდით მაგასთან და მასე იცინოდით მაშინაც.“

საკრებულოს წევრი გულისხმობდა იმ პერიოდს, როცა ჯუმბერ ვარდმანიძე მერის პოზიციაზე მუშაობდა, საკრებულოს ოპოზიცია კი კორუფციაზე საუბროდა.

დღეს სხდომაზე რვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ბიუჯეტში ცვლილება განიხილეს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საკითხების საფუძვლიანად განხილვა ვერ მოხერხდა, რადგან სხდომა თავიდანვე დაპირისპირებით დაიწყო.

სხდომაზე საერთოდ არ ისმოდა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ტარიელ ნაკაშიძის ხმა, რომელმაც ბიუჯეტში ცვლილების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა საკრებულოს წევრებს.

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა ჯევაიში ფეხზე დამდგარი ითხოვდა სიტყვა მათქმევინეთო – მიუხედავად თავმჯდომარის მხრიდან არაერთხელ მოწოდებისა, ის არ დაჯდა:

– დაბრძანდი.

– არ დავბრძანდები.

– დაბრძანდი, დროს ვკარგავთ.

– არ დავბრძანდები, მე მაქვს სიტყვით გამოსვლის უფლება. საკრებულოს წევრს აქვს პოლიტიკური განცხადების უფლება, თქვენ გინდათ ჩალით იყოს ქვეყანა დახურული, ადამიანს სცემენ, ფული გაფლანგულია, თქვენ არ გინდათ, რომ ჩვენ ამაზე ვისაუბროთ“, – ხელვაჩაურის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მამუკა ჯევაიში 20 წუთზე მეტ ხანს ამტკიცებდა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს და რომ გაფლანგულ ფულსა და კორუფციაზე სურს საუბარი.

– რომელ ფულზე? – ჰკითხეს მას „ოცნებიდან“.

– „წყალკანალის დირექტორი რომ დააკავეს იმ ფულზე“ – უპასუხა მამუკა ჯევაიშმა.

„ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი უფროსი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და 520 920 ლარის მითვისების ფაქტზე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.

საბოლოოდ საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ, გადაწყვიტა და ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე სხდომიდან გააძევა. ის საკრებულოს დაცვამ გაიყვანა. მოგვიანებით საკრებულოს თავმჯდომარემ ენმ-ის ფრაქციის სხვა წევრის, რამაზ ქავთარაძის გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღო – „სხდომის ჩაშლა გინდათ“. თუმცა შემდეგ გადაიფიქრა, ის სხდომიდან არ გაუყვანიათ.

მანამდე რამაზ ქავთარაძე თავმჯდომარეს არწმუნებდა, არ გამაგდო, რომელი ჩამშლელი მე მნახეო.

სხდომა ფრაქციის თავმჯდომარის დარბაზიდან გაძევების შემდეგაც დიდხანს ვერ დაიწყო, ახლა უკვე ფრაქციის წევრებმა გააპროტესტეს თავმჯდომარის გაძევების გადაწყვეტილება.

სხდომაზე მოქალაქე თორნიკე ქავთარაძის საქმეზეც ისაუბრეს. ეს საკითხიც რამაზ ქავთარაძემ წამოჭრა:

„ბევრი ამბობთ მოგონილიაო. რატომ მე არ მოვიფიქრე რამე, რატომ სხვამ არ მოიფიქრა?  – შევთანხმდეთ მაგაზე, რომ ტყულა ამას ადამიანი ვერ მოიფიქრებდა. აქ ყოფილა თორნიკე და თავად იტყვის ალბათ, მე არც ვიცნობდი, ახლა გავიცანი“.

რამაზ ქავთარაძემ სხდომაზე ბევრჯერ განმარტა, რომ თორნიკე ქავთარაძეს არ იცნობდა და დღეს გაიცნო. არ უთქვამს, თუმცა სავარაუდოდ შიშობდა, არავის ეთქვა – შენი მოგვარეა და ნათესავს იცავო.

მოქალაქე თორნიკე ქავთარაძე თავადაც ესწრებოდა სხდომას. მისივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარეს სიტყვით გამოსვლა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო: „განცხადებით მოგვმართეო. მე მივმართე მაგათ განცხადებით და არ შეისწავლეს.“

საკრებულოს წევრმა რამაზ ქავთარაძემ დააკონკრეტა, რადგან გამოძიება უკვე დაწყებულია, მივმართოთ პროკურატურას შუამდგომლობით, რომ დასრულებამდე შეუჩერდეს უფლებამოსილება როგორც ხელვაჩაურის მერს, ზაზა დიასამიძეს, ასევე პოლიციის უფროსს, იაგო დავითაძესო.

მან სხდომაზე კიდევ ერთი საკითხი წამოჭრა, მერიის კონტრაქტორი კომპანია ჭარნალში დასაქმებულ ადგილობრივებს ხელფასს არ უხდისო:

„და რა ხდება ტრეფიკინგი ხომ არ გვაქვს? – ვერც დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს ეს კომპანია“.

პასუხად „ოცნების“ წევრებს ისევ გაეღიმათ.

„სასაცილო რა არის“, – ამჯერად წყენა შეიმჩნია ქავთარაძემ.

თქვი და დაამტკიცე? – უპასუხეს მას „ოცნებიდან“. საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ კოლეგას ურჩია, თუ რამე იცის, მიაწოდოს „შესაბამის ორგანოებს“.

„შესაბამის ორგანოებთან“ დაკავშირებით თავისი სიტყვა გიორგი კახიძემაც თქვა. ისიც მოქალაქე თორნიკე ქავთარაძის ამბავს გამოეხმაურა:

„ჩემი განათლებიდან გამომდინარე, ადამიანურად ვცდილობ,  ვიყო სიმართლის მხარეს… უდიდესი პატივისცემით, თანაგრძნობით და როგორ გითხრათ, ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ფაქტი, მაგრამ ჩვენ სასამართლო პროცესი აქ არ გვაქვს. გავიგეთ ეს ფაქტი, ვაღიარეთ და მიეცეს შესაბამისი მსვლელობა პატივცემულებო. მე არ ვიცავ არავის, სიმართლის თქმა მინდა. ჩვენ სათქმელი გავიგეთ, მაგრამ ეს რა შედეგთან მიგვიყვანს?“

„პირველ რიგში, ჩვენ ვართ მაკონტროლებელი ორგანო მერიის, ბატონო გიორგი. ჩვენ თუ დავხუჭეთ თვალი… ერთია განცხადება, შუამავლობა, განაცხადი, უკანონობა. თავშივე შევებრძოლოთ, დასაწყისში ვუმკურნალოთ“, – უპასუხა გიორგი კახიძეს მისმა კოლეგამ რამაზ ქავთარაძემ.

რამაზ ქავთარაძეს ისევ შეახსენეს, რომ მსგავსი საკითხების განხილვა „აქ არ ხდება“.

„ჩვენ რისთვის ვართ, ყველაფერზე თვალი უნდა დავხუჭოთ და რეაგირება არ უნდა გავაკეთოთ. კანონებს რომ ვიღებთ, იმის კონტროლი არ გვევალება? – ანუ ხმა არ ამოვიღოთ, შესაბამისი ორგანოები მიხედავენო და დავჯდეთ ხომ? თვალი დავხუჭოთ თუ არა, პასუხს ველოდები, ბატონო.

მეტი მტკიცებულება რა მოგიტანო, კაცი ამბობს მცემესო. მიმართეთ შესაბამის სამსახურს. ააა, ჰოდა, მაგის თქმა მინდოდა – ტყულა ვზივართ აქ?“- ემოცია ვერ დამალა რამაზ ქავთარაძემ.

სხდომიდან ფრაქციის თავმჯდომარის გაძევება ენმ-ის წევრმა, მიშა ბოლქვაძემაც გააპროტესტა, მან თავმჯდომარეს მიმართა: „შენ ვის არ აძლევ სიტყვას? შენ ვის აჩუმებ?“ – სხდომათა დარბაზი მასაც დაცვის დახმარებით დაატოვებინეს.

გასვლისას მან თავმჯდომარეს ისევ მიმართა – „ხალხს წყალი არ აქვს და აქ რაზე ლაპარაკობთ.“

ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარემ განგვიმარტა, არც წყალკანალის დირექტორის დაკავების და არც ფულის გაფლანგვის, ასევე, ყოფილი მერის კაზინოში თამაში  მე არ მეხება და შესაბამისი ორგანოების კომპეტენციააო. რაც შეეხება საკრებულოს წევრის სხდომიდან გაძევებას: „მათ სხდომის ჩაშლა უნდოდათ“ – გვითხრა თენგიზ ირემაძემ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: