მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის მერმა პირველ მოადგილედ ნათლულის მამა დაინიშნა

26.06.2023 • 2861
ხელვაჩაურის მერმა პირველ მოადგილედ ნათლულის მამა დაინიშნა

ხელვაჩაურის მერის ზაზა დიასამიძის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე გახდა. ის ამ თანამდებობაზე კახა ფუტკარაძის გათავისუფლების შემდეგ დანიშნეს.

ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე მირიან კვირიტიძის შვილის ნათლიაა. ნათლობის ვიდეო და ფოტოები კვირიტიძეს ფეისბუქშიც აქვს განთავსებული.

თქვენი პირველ მოადგილედ დანიშვნა ხომ არ განაპირობა ზაზა დიასამიძესთან ნათელმირონობამ? – ვკითხეთ მირიან კვირიტიძეს. თავდაპირველად მირიან კვირიტიძე შეეცადა მიეჩქმალა ეს ფაქტი, თუმცა შემდეგ თქვა: „ასეც რომ იყოს, რა მერე?“

„რატომ მიიღო ბატონმა ზაზამ ეს გადაწყვეტილება, მე როგორ გეტყვით? არა მგონია, ეს ყოფილიყო მიზეზი. შემომთავაზა და, შესაბამისად, მეც დავთანხმდი.

მე მანამდეც ვიყავი მოადგილე და ახლა პირველი მოადგილე გავხდი. დანარჩენზე ჩვენს პრესსამსახურს დაუკავშირდით და თუ რამე გაინტერესებთ, ოფიციალურად მოგაწოდებთ“, – აცხადებს მირიან კვირიტიძე.

ხელვაჩაურის მერი არა მარტო პირველი მოადგილის შვილის, არამედ ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის, იაგო დავითაძის შვილის ნათლიაცაა. როგორც ზაზა დიასამიძე ამბობს, მას „სხვა ბევრი ნათლულიც ჰყავს“.

ზაზა დიასამიძის პირველმა მოადგილემ თანამდებობა 21 ივნისს დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დაკითხეს ბუღალტერი, რომელმაც თქვა, რომ „ხელვაჩაურის წყალკანალში“ მერის პირველი მოადგილის, კახა ფუტკარაძის შვილი ფიქციურად იყო დასაქმებული და ხელფასის სახით 1040 ლარს იღებდა.

„ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი 2022 წელს დააკავეს თანხის მითვისების ბრალდებით.

რაც შეეხება მირიან კვირიტიძეს, წინა წლის დეკლარაციების მიხედვით, ის რამდენიმე კომპანიას ფლობდა, რამდენიმე კი დედის, ნაზიკო მსხალაძის სახელზე იყო რეგისტრირებული.

2023 წელს არც კომპანიები და არც დედა დეკლარაციაში აღარ ფიგურირებს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მირიან კვირიტიძის მეუღლე თამილა კახიძეც „ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ მუშაობს, თუმცა რა თანამდებობაზე, დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ აქვს. მერის პირველი მოადგილის მეუღლეს მეორე სამსახურიც აქვს – ხელვაჩაურის N34 საბავშვო ბაღში მუსიკის პედაგოგად მუშაობს.

რამდენიმე დღის წინ მახოს საბავშვო ბაღიდან დაგვიკავშირდა მოქალაქე, რომელმაც გვითხრა, რომ დეკრეტული შვებულება არ აუნაზღაურეს. მოქალაქის თქმით, მსგავს მდგომარეობაში იმყოფება კიდევ რამდენიმე ქალი, – უკვე ორი წელია კუთვნილ თანხას ელოდებიან, თუმცა არ აძლევენ იმ მიზეზით, რომ ბიუჯეტში დეკრეტული შვებულების თანხა არ აქვთ.

მერის პირველ მოადგილეს ვკითხეთ, არის თუ არა ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული და თუ აპირებს  მოიკვლიოს ეს საკითხი?

„ბიუჯეტში გათვალისწინებულია ეგ (დეკრეტულის თანხა), მაგრამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ვერ გეტყვით. თუ ექვემდებარება გაცემას, შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება“, – გვითხრა კვირიტიძემ, თუმცა შემდეგ დასძინა: „ამაზეც მოგვწერეთ ოფიციალურად და გაგცემთ პასუხს, თუ არის ბიუჯეტში გათვალისწინებული ეს თანხა“.

მერის მოადგილის პოსტზე მირიან კვირიტიძემ გასულ წელს ხელფასის სახით 33 960 ლარი აიღო.

___

ამავე თემაზე:

„იაგოს ბავშვის ნათლია ვარ“ – რა თანამდებობა მისცა ნათლულის ბაბუას ხელვაჩაურის მერმა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: