მთავარი,სიახლეები

„უნდა შეწყდეს ფრენები და დაიკეტოს საზღვარი“ – ახალი საფრთხეები რუსეთიდან

24.06.2023 • 2078
„უნდა შეწყდეს ფრენები და დაიკეტოს საზღვარი“ – ახალი საფრთხეები რუსეთიდან

რუსეთი სამხედრო გადატრიალების წინაშეა.

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“  ლიდერი ევგენი პრიგოჟინი გუშინ გავრცელებულ ვიდეოში ამბობდა, რომ „ვაგნერი“ უკვე როსტოვშია და ისინი აკონტროლებენ ქუჩებს და სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებს.

იმ შემთხვევაში თუკი რუსეთში მდგომარეობა დაიძაბება, ამან შესაძლოა რუსეთიდან  ლტოლვილთა ახალი ნაკადი წარმოშვას საქართველოს მიმართულებით.

უნდა ჩაიკეტოს თუ არა რუსეთთან საზღვარი და გაუქმდეს პირდაპირი ფრენები სამხედრო გადატრიალების მცდელობის ფონზე?

პარლამეტის წევრი თეონა აქუბარდია, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო 2014-2018 წლებში და ახლა „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელია, „ბათუმელებთან საუბარში ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა აუცილებლად უნდა მოიწვიოს უშიშროების სხდომა და იმსჯელოს რუსეთიდან პირდაპირი ფრენების გაუქმებაზე.

„რა თქმა უნდა, სამხედრო გადატრიალების პროცესი, თუ მცდელობა, რასაც ვხედავთ ახლა რუსეთში, საფრთხეებს ქმნის საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს რუსეთის დასუსტებას გამოიწვევს და როგორც წესი, რუსეთში ხელისუფლებები შიდა გადატრიალებით იცვლება ხოლმე და უკრაინასაც ეხმარება ეს პროცესი, საქართველოსთვის საფრთხე არის შემდეგი:

პირველი ეს არის ჩრდილოეთ კავკასია და კადიროვი, რომელიც პუტინის ერთ-ერთი მძლავრი დასაყრდენია რუსეთში. მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამიტომ ჩრდილოეთ კავკასიიდან კადიროვის საფრთხე რეალურია, რადგან მისი მუქარები საქართველოს მიმართ არცთუ ისე იშვიათი იყო.

მეორე, ეს არის რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქეების ახალი ნაკადის მოწოლა საქართველოზე.

ლარსი არ არის მხოლოდ პრობლემა, პირდაპირი ფრენები უნდა შეწყდეს თუნდაც დროებით ამ ვითარებაში.

უამრავი სპექტრია საფრთხეების და ამას სჭირდება მსჯელობა, განხილვა არა იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც ინფორმაცია არ აქვთ, არამედ ინსტიტუტების დონეზე. ჩვენ გვყავს დაზვერვის სამსახური, რომელიც საგარეო საფრთხეებზე მუშაობს, სუს-ი, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა მუშაობდეს წესით და რაც მთავარია კოორდინირება ამ პროცესის და პარტნიორებთან კომუნიკაცია.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დაიწყო ეს ყველაფერი, ამას სჭირდება სიტუაციის შეფასება, რისკების გათვლა და შესაბამისი უსაფრთხოების პოლიტიკის ნაბიჯების დაგეგმვა.

ამას სჭირდება არა ოპერატიული თათბირები, რომელზეც საუბრობდა გომელაური უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, როცა ვითხოვდით რომ მოეწვიათ უშიშროების სხდომა, არამედ ყველა უწყების მონაწილეობა, სიტუაციის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება“-ამბობს თეონა აქუბარდია.

მისი თქმით, თურქეთში გადატრიალების მცდელობის დროს, ხუთ საათზე შეიკრიბა უშიშროების სხდომა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთიდან პირდაპირი საფრთხეები არ არსებობდა. რუსეთის შემთხვევაში კი ეს საფრტხეები არსებობს.

„დღეს ბევრად მეტი საფრთხეა საქართველოსთვის და ამ მოცემულობაში სრული დუმილია საქართველოს ხელისუფლებაში. არაფორმალურად არის ეს ყველაფერი და შესაბამისად, ეს კიდევ უფრო ასუსტებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.

ამიტომ არ ველოდები სწორ ნაბიჯებს ამ ხელისუფლების მხრიდან, გამომდინარე იქედან, რომ მათ უკრაინის წინააღმდეგ რომ ომი დაიწყო, მაშინაც არ შეუკრებიათ უსაფრთხოების საბჭო.

ჩვენ უკვე დავაყენეთ ეს საკითხი დღის წესრიგში, თუმცა ეს არის მთავრობის კომპეტენცია. კანონის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილება პრემიერმა უნდა მიიღოს.

ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა არის პრემიერის კონსტიტუციური ვალდებულება და შესაბამისად, პრემიერმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები.

ვერც ოპოზიცია, ვერც მოქალაქეები ვერაფერს ვერ ვიზამთ, თუ პრემიერის მხრიდან არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნა ლეგიტიმურია.“-ამბობს თეონა აქუბარდია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: