მთავარი,სიახლეები

როგორ ცდილობს 13 წლის სერგი დანდალოდან თავისი სოფლის პოპულარიზაციას

23.06.2023 • 4932
როგორ ცდილობს 13 წლის სერგი დანდალოდან თავისი სოფლის პოპულარიზაციას

„კავიანის ციხის ერთი ნაწილიდან მეორეში თამარ მეფე მშვილდს ისროდა, ჯარის მდგომარეობის გასაგებად, მშვილდზე წერილს ამაგრებდნენ და უკან უგზავნიდნენ მეფეს“, – გვიყვება 13 წლის სერგი მანველიძე, მერვე კლასის მოსწავლე დანდალოდან.

სერგიმ მის მიერ გადაღებული ფოტოები გამოგვიგზავნა და მოგვწერა, რომ მისი აზრით, სილამაზე, რომელიც თავად  ფოტოაპარატის ობიექტივში დააფიქსირა, სხვებმაც უნდა ნახონ. იმ დღეს სერგის ბებიასთან ერთად კავიანის ციხე დაულაშქრია, ციხემდე ტყეში გამავალი ბილიკებით მისულა.

დანდალო. კავიანის ციხესთან მისასვლელი ბილიკი – ფოტო: სერგი მანველიძე

სოფელი დანდალო/ ფოტო: სერგი მანველიძე

გზად ბებიამ უამბო თქმულება ციხის შესახებ. ამ ამბავმა 13 წლის სერგიზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, გადაწყვიტა იზრუნოს, რომ თავისი სოფელი მაქსიმალურად ბევრს გააცნოს.

„პირველად ვნახე მეც, ბებოსთან ერთად დავლაშქრე ციხე. ისე დავიბენი, ისე გამაკვირვა ამ ბუნებამ და შენობებმა, რომ ისევ ვაპირებ დავლაშქრო ეს ადგილები. თუ მოხვალთ, მე გაგიწევთ გიდობას.“

სერგი გვიყვება, რომ ციხე ცუდ მდგომარეობაშია, ქვები ცვივა და რესტავრირება სჭირდება.

ციხე კავიანი / ფოტო: სერგი მანველიძე

სერგიმ გვიამბო ასევე თამარის ხიდებზეც, რომლებიც დანდალოშია შემორჩენილი და ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს.

სერგი ინფორმაციას, ფოტო და ვიდეომასალებს, თქმულებებს აგროვებს სოფელში, უნდა თავისი სოფლის პოპულარიზებისთვის სოციალურ ქსელში გვერდი შექმნას და ყველაფერი იქ განათავსოს.

მე გაგიწევთ გიდობას ამ ხეობაში.

სერგის თქმით, სოფელში ბევრი ტურისტი ადის, თამარის ხიდებისა და კავიანის ციხის სანახავად. თუმცა სერგი ამავდროულად მიიჩნევს, რომ სოფელი უფრო მეტმა უნდა გაიცნოს და ყველამ უნდა ნახოს ის სილამაზე, რომელიც ამ სოფელშია.

ფოტო: სერგი  მანველიძე

სერგის თქმით, ციხე ცუდ მდგომარეობაშია და რესტავრაცია სჭირდება, „ქვებს ცვენა აქვს დაწყებული.“

სოფელი დანდალო. ფოტო: სერგი მანველიძე

 

სოფელი დანდალო.ფოტო: სერგი მანველიძე

წყაროების მიხედვით, კავიანის ციხე კავიანი სერზე მდინარე ჭვანისწყალსა და აჭარისწყლის შესართავის მარცხენა მხარეს მდებარეობს, ის აუგიათ როგორც საფორტიფიკაციო [სამხედრო დანიშნულების] ნაგებობა.

ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სპეციალისტების დახასიათებით, ციხე ორი განყოფილებისაგან შედგება.  ჩვენამდე მოღწეული ფოსოების მიხედვით, პირველი განყოფილება შეიძლება ყოფილიყო რაღაც დანიშნულების სათავსო, რომელიც სავარაუდოდ სამსართულიანი უნდა ყოფილიყო.

კედელზე ორი საძირკველი და ორი სარკმელია დატანებული. ციხის ამ კოშკშია შემორჩენილი სწორი ფორმის ორმო, რომელიც შელესილია კირით.

ციხის მეორე განყოფილებაში, რომლის ფართობი 112 მ²-ია, კარგადაა შემონახული ჩრდილოეთის კოშკი, რომელიც არაწესიერი მართკუთხედის ფორმისაა და ასევე სამი სართულისაგან შედგებოდა.

კოშკში ჩაყოლებულია სარკმლები. შედარებით კარგადაა შემონახული ციხის ეზოს დასავლეთი კედელი, რომლის სიგრძე 7,1 მეტრია, ხოლო სიმაღლე – 5 მეტრი. ციხე აშენებულია ფლეთილი ქვებით, შიგადაშიგ რიყის ქვებიც გვხვდება.

სოფელი დანდალო/ფოტო: სერგი მანველიძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: