მთავარი,სიახლეები

პროექტში მოვიგეთ ინვენტარი, მაგრამ არ გვაქვს სივრცე – მოსწავლეები ხულოდან

23.06.2023 • 1276
პროექტში მოვიგეთ ინვენტარი, მაგრამ არ გვაქვს სივრცე – მოსწავლეები ხულოდან

ხულოს სოფელ ბოძაურში მცხოვრები ახალგაზრდები ამბობენ, რომ თავშეყრის ადგილი სჭირდებათ, რომელსაც სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად, ტრენინგის მოსასმენად, თავიანთი ხედვების გასაზიარებლად თუ თავისუფალი დროის საინტერესოდ გასატარებლად გამოიყენებენ.

ბოძაურში ახალგაზრდები თავისუფალი სივრცის მოძიებასა და მოწყობას დიდი ხანია თავიანთი ძალებით ცდილობენ. ამის შესახებ თამთა შავაძე და სოფელს შემორჩენილი ერთადერთი აბიტურიენტი, ლია ხოზრევანიძე გვესაუბრა.

17 წლის თამთა შავაძე ბოძაურის სკოლის მოსწავლეების შექმნილი სამოქალაქო კლუბ „ინოვატორის“ თანადამფუძნებელი და აქტიური წევრია. თამთა გვიყვება, რომ მეგობრებთან ერთად ბევრ პროექტში მონაწილეობდა და ბევრგან გაიმარჯვეს კიდეც. მოიპოვეს სხვადასხვა დაფინანსება და შეიძინეს ინვენტარი, რომელიც იქამდე სკოლაშიც არ ჰქონდათ.

„ჩვენ ერთ-ერთ პროექტში მოვიგეთ ლეპტოპი, დინამიკები, პროექტორი და ყველაფერი ის, რაც საჭიროა ტრენინგების ჩასატარებლად თუ სხვა სახის შეხვედრებისთვის ტექნიკური მხარის მოსაგვარებლად. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ახალგაზრდული სივრცის მოსაწყობი ნივთების ნაწილიც: შპალერი, პუფები, წიგნები და სხვა ბევრი რამ, თუმცა ჩვენ არ გვაქვს სივრცე, სადაც განვათავსებთ ამ ინვენტარს და გამოვიყენებთ შესაბამისად.

ინვენტარის ნაწილი გვაქვს სკოლაში, ნაწილი – მეჩეთში, ნაწილი – სახლში… ზოგს ვინ პატრონობს და ზოგს ვინ. იმის გამო, რომ ეს ნივთები მიმობნეულია, ზოგი თაგვმა დააზიანა, ზოგი თავისით გაფუჭდა და ზოგიც კიდევ უფუნქციოდ ყრია.

ახალ პროექტებში მონაწილეობის მიღებისა და გამარჯვებისკენ სწრაფვის მოტივაცია აღარ გვაქვს. აღარ გვაქვს მოტივაცია უფრო მეტი საქმე გავაკეთოთ იმ მოცემულობის გამო, რომელიც ახლა გვაქვს. ვიწვალეთ, ამდენი რამ მოვიპოვეთ და რა?!

ვფიქრობ, რომ ყველა სოფელში და მათ შორის, ჩვენთანაც აუცილებელია სივრცე, რომელიც დაეთმობა არაფორმალურ განათლებას“, – გვეუბნება თამთა შავაძე.

თამთა შავაძე

თამთა

თამთას თქმით, ბოძაურელ ახალგაზრდებს ხშირად იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ წიგნები თავისუფლად იკითხონ, რადგან მრავალსულიანი ოჯახები ვიწროდ ცხოვრობენ და ხელი ეშლებათ. სწორედ ამიტომ მათ უნდათ, რომ ახალგაზრდული სივრცე სამკითხველოდაც გამოიყენონ.

„ძალიან გვტკივა, რომ ჩვენთვის სივრცის გამოყოფა ვერ ხერხდება, რომ ამ ნივთებმა თავიანთი ფუნქცია შეიძინონ. მით უფრო მაშინ, როცა სკოლის მიღმა ჩვენს სოფელში საერთოდ არაფერი ხდება.

თავშეყრის ადგილი მხოლოდ ჩვენთვის არ გვინდა ახალგაზრდებს. ჩვენს მშობლებსა და ბებია-ბაბუებსაც სჭირდებათ თავისუფალი სივრცე, სადაც სოფლისთვის თუ თემისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ და არა მარტო“, – ამბობს თამთა.

ლია ხოზრევანიძეზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა. ის 17 წლისაა და თავისი არც თუ სასიამოვნო გამოცდილების შესახებ გვიყვება.

ძალოსნების სავარჯიშო ოთახში იყო მოწყობილი კლასიც, სადაც მე ვსწავლობდი და ნამდვილად არაკომფორტული იყო ეს, რადგან სპორტსმენები ამ სივრცეს ვარჯიშისას სულ სხვანაირად აწყობდნენ. აი, მე თუ მჭირდებოდა მერხი და სკამი, მათ მიჰქონდათ იმ ადგილას შტანგა და როცა სკოლაში მივდიოდი, მე მიწევდა ოთახის დალაგება“, – გვითხრა ლიამ.

ლიას მონათხრობი აჩვენებს, რომ სკოლას თავისუფალი სივრცე არ აქვს, რომელსაც ახალგაზრდებს დაუთმობდა. ლიას თქმით, სხვადასხვა ტრენერის გადაწყვეტილება, ბოძაურში ავიდნენ, ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო შეხვედრები ჩაატარონ, ძალიან ახარებთ, მაგრამ სივრცის არ ქონის გამო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ შეკრებას, ჩიხში ექცევიან ხოლმე.

„მუდმივად შეხვედრის ადგილის ძებნაში ვართ, რაც ძალიან დიდ დროს გვართმევს. სულ სხვადასხვა ადგილას ვგეგმავთ შეხვედრებს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ძალოსნების დარბაზი არ არის დაკავებული, მას ტრენინგების მოსასმენადაც ვიყენებთ და თუ ვარჯიში აქვთ, სხვა გზა არ გვრჩება ახალი ადგილის მოძებნის გარდა. ხანდახან ერთმანეთის სახლებშიც ვიკრიბებით.

მე ვისურვებდი, რომ ჩვენთვისაც და სხვა ახალგაზრდებისთვისაც შეიქმნას სივრცეები, სადაც თავისუფლად შევძლებთ შეკრებას, რადგან ჩაკეტილ სივრცეებში, შესაძლოა, საერთოდ შევწყვიტოთ ცვლილებებზე ფიქრი ახალგაზრდებმა”, – გვეუბნება ლია.

ლია ხოზრევანიძე

ბოძაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა და ძალოსნობის მწვრთნელმა, ვარლამ ხოზრევანიძემ გვითხრა, რომ სკოლას არ აქვს თავისუფალი ოთახი, რომელსაც ახალგაზრდებს დაუთმობდა.

მოსწავლეების მსგავსად მასწავლებელიც ფიქრობს, რომ სოფელში თავისუფალი სივრცის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პრაქტიკულად ყველაფერი აქვთ ახალგაზრდებს ამ სივრცის მოსაწყობად და სათანადოდ აღჭურვისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: