მთავარი,სიახლეები

მე მახსოვს, რომ ედნარი არის ცოცხალი – აგვისტოს ომში დაღუპულის ცოლი

26.06.2023 • 1660
მე მახსოვს, რომ ედნარი არის ცოცხალი – აგვისტოს ომში დაღუპულის ცოლი

ქობულეთის სოფელ სახალვაშოში ერთ-ერთი დასახლება გმირის, ედნარ დიასამიძის სახელს ატარებს, მისივე სახელობისაა ადგილობრივი სკოლაც. ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტი ედნარ დიასამიძე. მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

წელს, 2023-ში, 15 წელი გადის აგვისტოს ომის ტრაგედიიდან და დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრები იხსენებენ გმირებს, იმ დროს როცა მათ ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა.

ედნარ დიასამიძის ოჯახი წყენას ვერ მალავს ბოლო დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადების გამო, სადაც მან აგვისტოს ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.

ედნარის ბიძა, შოთა დიასამიძე იხსენებს ძმისშვილს და ომის პერიოდს:

„რიჟვაძე მართალია იმაში, რომ ომი რომ იყო, თვითონ სად ეგდო არ ვიცით. და ამათ უძახა, ლაჩრულადო… ასეთი გაუნათლებელი ხალხი იქ რად უნდათ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ? ეს არის ჩვენი თავმჯდომარე. თვითონ არ იყო, არსად არ იყო, ომში რომ წავიდა ძმისშვილი, ჰოდა, რა უნდა იგრძნო მაგისთვის, რა უნდა ქნა? რა უნდა თქვა?

ამას ადამიანი როგორ იკადრებს, როგორ უნდა თქვას? პირიდან როგორ უნდა გამოუშვას, რომ ლაჩრულად იომესო. იმიტომ, რომ თვითონ უძვრებიან რუსებს, ბოდიში..”

„იყო [ედნარ დიასამიძე] ერთგული, მეომარი ადამიანი. უშიშარი. დათვის სოროში შეძვრებოდა დათვის გამოსაყვანად, ისეთი ადამიანი იყო. სად არ დადიოდა, კლდეებზე, მდინარეზე ბაწრით გადიოდა, რომ ჩავარდნილიყო, მოკვდებოდა. ვაჟკაცურად დაიღუპა. აქედან ჩავედით ქუთაისში, თითით ვიცანით. მკლავი ცალკე იყო. ბოდიში. 

სამშობლოს შესწირა თავი, რუსებს კი არა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. რუსი მოყვარე არასდროს არ გახდება“.

ედნარის მეუღლე, ჟუჟუნა დიასამიძე ამბობს, რომ მთავრობის თავმჯდომარეს განცხადებამ 15 წლის წინ განცდილი ტკივილი განუახლა. ის ამბობს, რომ დაღუპული მეუღლე არ უნახავს და რომ მისთვის ედნარი ისევ ცოცხალია:

„მე მითხრეს, რომ ედნარი საავადმყოფოშია და არ ინერვიულოო. თვითონ ისეთი იყო, რომ რამე რომ ასტკენოდა, ჩემ გარეშე არ გაჩერდებოდა. ვამბობდი, რომ ტელეფონი კი გაითიშა, მაგრამ ბიძიასთან მივედი და ვუთხარი, რომ მეც მოვდივარ-მეთქი. შენ იყავი და სახლში ჩამოვიყვანთო, ფეხი აქვს მოტეხილიო. რომ ჩახვალთ, დამალაპარაკეთ-მეთქი. გათიშეს ტელეფონები.

რაღაცნაირად მოვწყდი. ვთქვი, ავად არის და რატომ არის ამდენი ხალხი, ბევრი ხალხი რატომ არის, არ მივაქციე ყურადღება, ჩემს თავს ვამხნევებდი, რომ ბავშვიც ვერ მყავს კარგად, ვერ დადიოდა ფეხზე ოპერაცია გავუკეთეთ…უცებ მოიყვანეს მერე და მას შემდეგ უკვე აღარ მახსოვს არაფერი“.

ჟუჟუნა დიასამიძე

„მე არ დამინახავს [ცხედარი], მე მახსოვს, რომ ედნარი არის ცოცხალი. ნელ-ნელა ვუმკლავდები ყველაფერს. დახმარებებია თუ რაღაცაა, მის დახმარებაზე ვართ დამოკიდებული. მე  არსად არ ვმუშაობ, სად არის ისეთი ადგილი, რომ ვიმუშაო, გზა, წავიდე-მოვიდე. 

„მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან გული გვატკინეს. თორნიკე რიჟვაძემ ძალიან გული გვატკინა. მე კი არა, ყველას გული გვატკინა. ძალიან გული გვტკივა და მაგას არავინ არ ვაპატიებთ. არც მისი ბოდიში გვინდა და არაფერი არ გვინდა, სჯობს დატოვოს და წავიდეს მისი ფეხით. მეტი რა უნდა თქვა“.

ეთერ დიასამიძე, ედნარის ბიძაშვილი იხსენებს მას, როგორც მამაც და შეუპოვარ ადამიანს:

„34 წლის ასაკში დაიღუპა. 34 წლის ასაკში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრებას თავიდან იწყებს. და ეს ახალგაზრდა ბიჭი, ახალგაზრდა გმირი ისეთი თავდადებული, წარმატებული, ისეთი მეომარი და მებრძოლი ბიჭი იყო, რომ თავი გასწირა თავისი სამშობლოსთვის, თავისი ოჯახისთვის, თავისი ახლობლებისთვის. როგორც ასეთი იყო მედგარი, უშიშარი და შეუპოვარი ადამიანი”.

 

გადაბეჭდვის წესი