ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რა იცვლება ბათუმში დაჯარიმებისა და პარკირების საფასურის გადახდის წესში

22.06.2023 • 5803
რა იცვლება ბათუმში დაჯარიმებისა და პარკირების საფასურის გადახდის წესში

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საჯარიმო ქვითრების საჯაროდ გამოსაქვეყნებლად საკუთარ ვებგვერდს გამოიყენებს, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა. ამავე ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი პარკირების საფასურის გადამოწმება და ინფორმაციის მიღება ჯარიმების შესახებ.

ამ ვებგვერდზე პარკირების საფასურის გადახდაც იქნება თუ არა შესაძლებელი, ჯერ უცნობია [შესაძლოა საფასურის გადახდა „ავტოტრანსპორტის“ განახლებულ ვებგვერდიდან იყოს შესაძლებელი].

ამ დრომდე ინსპექცია „ავტოტრანსპორტის“ ვებგვერდს იყენებდა, თუმცა ოფიციალური განცხადების თანახმად, სერვერის დაზიანების გამო, 2023 წლის თებერვლიდან ეს საიტი გათიშულია, ამიტომ ბათუმში პარკირების საფასურის გადახდას მძღოლები ვერ ახერხებენ. შესაბამისად, უკვე 5 თვეა ამ საფასურს ვერავინ იხდის და ვერც ინსპექცია აჯარიმებს – პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის.

მუნიციპალურმა ინსპექციამ ახალი ვებგვერდი აღნიშნული მიზნით რომ გამოიყენოს, საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილება უნდა შევიდეს. ცვლილების პროექტი კი, ბათუმის საკრებულოში შეტანილია და საკითხი 2023 წლის 27 ივნისს სხდომაზე უნდა განიხილონ.

პროექტის მიხედვით, ახალი წესი 2023 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო მას ამოქმედების ვადის შეუცვლელად დაამტკიცებს.

აქედან გამომდინარე, 1-ელი ივლისიდანვე გამართული უნდა იყოს ინსპექციის ახალი ვებგვერდიც და წესით, პარკირების საფასურის გადახდის პრობლემაც უნდა მოგვარდეს.

ცვლილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესში“ შედის, სადაც ჩაიწერება, რომ

  • „პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ [ინსპექციის] ოფიციალურ ვებგვერდზე, შესაბამის ველში“.

საკრებულოში ასევე წარდგენილია მეორე პროექტიც, რომელიც გარკვეულ ცვლილებებს დაჯარიმების წესში ითვალისწინებს.

აღნიშნულ წესში საკრებულომ ცვლილებები 2023 წლის 19 მაისსაც შეიტანა:

მიუხედავად ზემოთ თქმულისა, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „რიგ მუხლებში საჭიროა ცვლილების შეტანა, ასევე წესის გარკვეული პუნქტები საჭიროებს ახლებურად ჩამოყალიბებას“.

განახლება: „ბუთუმის მუნიციპალური ინსპექცია პარკირების ახალ პლატფორმაზე გადადის. პარკირებისა და ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები სპეციალური აპარატებით აღიჭურვნენ, რომლებშიც ჩატვირთულია ახალი ელექტრონული პროგრამა. აღნიშნულის მეშვეობით ადგილზე მოხდება სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება და მისივე სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე საჯარიმო ელექტრონული ქვითრით სრული ინფორმაციის გაგზავნა.

სამართალდამრღვევი თუ 10 დღის ვადაში დაფარავს დავალიანებას, 20%-ით ნაკლების გადახდა მოუწევს. ერთი თვის გადაუხდელობის შემდეგ ქვითარი 2-ჯერ ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება რეგისტრირებულ მისამართზე; ჩაუბარებლობის შემთხვევაში კი, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას უზრუნველყოფს ოფიციალურ ვებგვერდზე, რაც 30 დღის შემდეგ ავტომატურად გულისხმობს ჩაბარებას.

საიტი ახლა იწყებს ფუნქციონირებას, შესაბამნისად მასზე მხოლოდ ახალი საჯარიმო სანქციები აისახება; აქვე შეძლებენ მოქალაქეები საჯარიმო ქვითართან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღებასა და გადახდას. აგრეთვე შესაძლებელი იქნება პარკირების საფასურის გადამოწმება.

პარკირების ახალი სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა სამართალდარვევაზე დაფიქსირებული ჯარიმების ეფექტურ აღსრულებას.“ – მოგვწერეს მუნიციპალური ინსპექციიდან 26 ივნისს.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/479811/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: