მთავარი,სიახლეები

ქალი ათლეტების სექსუალური შევიწროება სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა

22.06.2023 • 1251
ქალი ათლეტების  სექსუალური შევიწროება სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქალი ათლეტების მიმართ სექსუალური შევიწროების საქმეზე.

ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR-ი ავრცელებს. „ეს წუთია თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქალი ათლეტების მიმართ სექსუალური შევიწროების საქმეზე“ – წერს ორგანიზაცია.

საქმის პრეცედენტულობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყო პირველი საქმე, როდესაც სასამართლომ ბავშვის მიმართ სექსუალური შევიწროების საქმე განიხილა.

6 ფეხბურთელი ქალი PHR-ს 2020 წელს დაუკავშირდა. ისინი მწვრთნელის მხრიდან სქესისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ საუბრობდნენ და შევიწროების ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

დისკრიმინაციის დროს ექვსი ფეხბურთელიდან ოთხი არასრულწლოვანი იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სასამართლო დავის დაწყებისას ორი მოსარჩელე ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო.

სასამართლო დავა 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. სასამართლო განხილვა ერთ წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ შევიწროებად მიჩნეული ფაქტები. მწვრთნელის მხრიდან ადგილი ჰქონდა:

გასახდელში უნებართვოდ შესვლას; სექსუალური შინაარსის ვარჯიშების შესრულების მოთხოვნას, რომელთაც სპორტული დანიშნულება არ ჰქონდა; სხეულის ორგანოებზე შეურაცხმყოფელი ხასიათის კომენტარებს; ბავშვების სურვილის საწინააღმდეგოდ რესტორანში წაყვანას; რომანტიკული შინაარსის ურთიერთობის დაშვებას სხვა გარემოებებში. სპორტსმენი ქალების თვითშეფასების განადგურებას; ყვირილს, დამცირებას, გინებას, გარეგნობაზე კომენტარებს და სხვა.

2022 წლის 18 თებერვალს სასამართლომ სამი მოსარჩელის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა და მწვრთნელს მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა თითოეული მათგანისთვის. დანარჩენი მოსარჩელეების მიმართ სასამართლომ ფაქტები ხანდაზმულად მიიჩნია (სასამართლოსთვის მიმართვის ვადის გაშვება), თუმცა ამას მოსარჩელეები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის პირველი ნაბიჯი ქალი ათლეტების უფლებებისათვის ბრძოლისა საქართველოში. მან უნდა გამოიწვიოს სისტემური ცვლილებები: ფედერაციებმა უნდა დაიწყონ მუშაობა სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების შექმნაზე, რათა სპორტულ კლუბებს გასაჩივრების მექანიზმი გააჩნდეთ.

ასევე მნიშვნელოვანია, ფედერაციებმა გადაამზადონ მწვრთნელები, როგორც შევიწროების, ასევე არასრულწლოვან ათლეტებთან მუშაობის პროცესში გასათვალისწინებელ საკითხებზე. სპორტულ ფედერაციებსა და სპორტულ კლუბებს დღემდე არ გააჩნიათ სექსუალური შევიწროების პრევენციის ან გასაჩივრების მექანიზმები, სადაც სპორტსმენი ქალები და ბავშვები მიმართავდნენ“ – წერს PHR-ი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: