მთავარი,სიახლეები

წლიური ხელფასი 132 000$ – რას მიაღწიეს აშშ-ში მაღაროელებმა ორწლიანი გაფიცვით

21.06.2023 • 1008
წლიური ხელფასი 132 000$ – რას მიაღწიეს აშშ-ში მაღაროელებმა ორწლიანი გაფიცვით

2021 წლის პირველ აპრილს Warrior Met Coal-ის ნახშირის მაღაროებში მომუშავე დაახლოებით 1000 მაღაროელი გაიფიცა აშშ-ში, ალაბამას შტატში.

2016 წელს – მაღაროების მფლობელ კომპანიას სხვა სახელი ერქვა: Walter Energy. კომპანია კოტრდებოდა მსოფლიო ბაზარზე ნახშირის გაუფასურების გამო და სახელიც გადაირქვა. ახალმა კომპანია Warrior Met Coal-მა დასაქმებულებს სთხოვა დათანხმებოდნენ შემცირებულ ხელფასსა და შეღავათებს, რომ შახტები საერთოდ არ დახურულიყო.

პროფკავშირის განმარტებით, მაშინ ხელფასის შემცირებას დათანხმდნენ დასაქმებულები. ეს იმას ნიშნავდა, რომ გარდა ხელფასის შემცირებისა, ისინი მეტს გადაიხდიდნენ დაზღვევისთვისაც, 2500 პენსიონერ მაღაროელს კი სამედიცინო შეღავათები შეუმცირდებოდა. პროფესიული კავშირის შეფასებით, დასაქმებულები ამ ფორმით დაეხმარნენ კომპანიას გაკოტრებისგან თავის დაღწევაში.

აშშ-ის მაღაროელთა პროფკავშირისავე ცნობით, დასაქმებულთა ხელფასის შემცირების ხარჯზე ნახშირის მომპოვებელი კომპანიამ 1,1 მილიარდი დოლარი დაზოგა და გაკოტრების საფრთხეც დაძლია.

მიუხედავად ამისა. კომპანიის წარმომადგენლები დიდი მოგების შემდეგაც არ თვლიდნენ საჭიროდ მაღაროელებისთვის იგივე ხელფასი გადაეხადათ, რასაც გაფიცვამდე, 5 წლის წინ უხდიდნენ.

გაფიცულები კი ამბობდნენ, რომ კომპანია დასაქმებულებს წინანდელი ხელფასისა და შეღავათების ხუთ წელიწადში აღდგენას დაჰპირდა. თუმცა რეალურად, როცა 2021 წელს ახალი ხელშეკრულებები უნდა გაფორმებულიყო, მაღაროელებმა უარი თქვეს ხელი მოეწერათ შეთავაზებულ პირობებზე.

დასაქმებულები და პროფკავშირის ლიდერები ამბობდნენ, რომ ახალი კონტრაქტით მაღაროელები დაკარგული შემოსავლის კომპენსაციას ვერ მიიღებდნენ, შემოსავლისა, რომელიც მათ 2016 წელს დაკარგეს.

ასე დაიწყეს ალაბამელმა მაღაროელებმა ბოლო 100 წლის განმავლობაში აშშ-ის ყველაზე ხანგრძლივი, ორწლიანი გაფიცვა.

გაფიცვების დასაწყისში მაღაროელთა ანაზღაურება 23 დოლარი იყო საათში, რაც 6 დოლარით ნაკლები იყო 5 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით.

ფოტო: Reuters. ამერიკელი მაღაროელების გაფიცვა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე.

დასაქმებულები 5 წლის წინანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას და ძველი ხელშეკრულების პირობებს ითხოვდნენ.

პროტესტის მეშვიდე თვეს მაღაროელებმა ალაბამადან ნიუ-იორკში გადაინაცვლეს, მანჰეტენზე, კომპანია BlackRock-ის ოფისთან, რომელიც Warrior Met Coal-ის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია 14%-იანი წილით.

ნიუ-იორკში ამ დროს მაღაროელთა გაერთიანების ექვსი ლიდერი დააკავეს ხულიგნობისთვის. მათ შორის გაერთიანების პრეზიდენტი სესილი რობერტსიც.

აშშ-ის მაღაროელთა პროფკავშირის ცნობით, ალაბამას ეს შახტები მიწის ქვეშ 2000 ფუტის სიღრმეშია და ჩრდილოეთ ამერიკის მაღაროებს შორის ყველაზე ღრმაა.

გაფიცულები საუბრობდნენ შვებულების პრობლემებზეც, რომ მხოლოდ მადლიერების დღეს და შობას ისვენებდნენ მთელი წლის განმავლობაში, ყველა სხვა დღესასწაულზე კი მუშაობდნენ.

გაფიცულები სამართლიანად მიიჩნევდნენ მოთხოვნებს, რადგან კომპანიის მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა და, მათი აზრით, ეს აუცილებლად უნდა ასახულიყო ხელფასზეც.

პროტესტის შედეგად Warrior Met Coal-ის ორი მაღაროდან ერთში ქვანახშირის მოპოვება საერთოდ შეჩერდა, მეორეში კი სამუშაო პროცესი შეფერხდა. კომპანია მაინც ახერხებდა საათობრივად დაექირავებინა სხვა მაღაროელები, რომლებიც არ იყვნენ პროფესიული კავშირის წევრები.

პროტესტის მეშვიდე თვეს აღმოჩნდა, რომ წინა წელთან შედარებით კომპანიას 40%-ით ნაკლები წიაღისეული ჰქონდა მოპოვებული, თუმცა ამ პერიოდში ქვანახშირის ფასი გაორმაგდა და წარმოების შემცირება ამით დააბალანსეს.

კომპანიის ცნობით, პროტესტის მეშვიდე თვეს გაფიცვებით გამოწვეული ზარალი 16 მილიონ დოლარს აჭარბებდა.

Warrior Met Coal-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აფასებდნენ თანამშრომლების მძიმე შრომას, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ ხელფასს ვერ გაზრდიდნენ. ამ გადაწყვეტილებას კომპანია ქვანახშირის ინდუსტრიას არასტაბილურობით ხსნიდა. მათი აზრით, მაღაროელთა ხელფასის მატებით შესაძლოა თავად კომპანიის ფინანსურ სტაბილურობას შეჰქმნოდა საფრთხე.

გაფიცულებს 2 წლის განმავლობაში პროფკავშირი უმუშევრობის კომპენსაციას უხდიდა, რაც კვირაში 400 დოლარი იყო.

გაფიცვა მოლაპარაკების გარეშე დასრულდა თითქმის 2 წლის შემდეგ – 2023 წლის მარტში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნახშირის ფასი მსოფლიოში გაორმაგდა.

მაღაროელთა გაერთიანებული პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი, ლარი სპენსერი ნიუ იორკ თაიმსთან საუბრისას აცხადებდა, რომ პროტესტის ბოლო თვეებში კომპანიასა და გაფიცულებს შორის მოლაპარაკებების ფორმატი თითქმის მოიშალა.

ის დანანებით ამბობდა, რომ დასაქმებულებმა ვერ მიიღეს ისეთი შედეგი, როგორიც სურდათ, მაგრამ ამ ხანგრძლივმა გაფიცვამ აჩვენა, რომ მაღაროელები ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულად სოლიდარულები არიან.

2023 წლის გაზაფხულიდან პროტესტის მონაწილეთა ერთი ნაწილი დაუბრუნდა სამუშაო ადგილს, ნაწილმა კი დატოვა მაღარო და სხვა სამსახური იპოვა.

კომპანია Warrior Met-ი ავრცელებდა განცხადებას, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო გაფიცული მაღაროელების სამუშაო ადგილებზე დაბრუნების ხელშეწყობა.

მსოფლიოს ბევრმა პროფესიულმა კავშირმა დაუჭირა მხარი აშშ-ში ალაბამას მაღაროელთა პროტესტს, თუმცა პროტესტმა თავად ქვეყანაში ვერ მოიპოვა ვერც რესპუბლიკელების, ვერც დემოკრატების მხარდაჭერა.

ფოტო: Reuters. ამერიკელი მაღაროელების გაფიცვა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე.

გაფიცვა დაზარალდა ასევე ნახშირის ფასის მკვეთრი ზრდით მსოფლიო ბაზარზე: კომპანია მართალია შეფერხებით მოიპოვებდა, მაგრამ სარფიანად ყიდდა ნედლეულს.

ალაბამას მაღაროების ნახშირი ფოლადის წარმოებაში გამოიყენება და მასზე მოთხოვნა მაღალია.

გაფიცვის დაწყებიდან პირველივე წლის განმავლობაში კომპანია Warrior Met-ის მოგება 150-დან 641 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, 143%-ით გაიზარდა აქციების ფასიც.

აშშ-ის მუშათა გაერთიანების ყოფილი პრეზიდენტი, ლარი კოენი ამერიკულ მედიასთან საუბრობდა იმაზეც, რომ კომპანიებმა შეძლეს მაღაროელთა შემცვლელების დაქირავებაც.

გაფიცული მაღაროელების ჯგუფი მრავალფეროვანი იყო, ძირითადად ალაბამას შახტებთან ახლომდებარე სოფლებიდან და პატარა ქალაქებიდან. გაფიცვისას ისინი დიდ სოლიდარობას ამჟღავნებდნენ, საკვებს, წყალს უნაწილებდნენ ერთმანეთს და არ თმობდნენ პოზიციებს.

კომპანია Warrior Met-მა გაფიცული მაღაროელების შემცვლელებს მისაზიდად საუკეთესო პირობები შესთავაზა: წლიური ხელფასი 132 000 და სახელფასო დანამატი 1900 დოლარი. ეს მხოლოდ იმ დასაქმებულებს, რომლებიც არ იყვნენ პროფესიული კავშირის წევრები.

ამერიკის მაღაროელთა გაერთიანების პრეზიდენტის, სესილი რობერტსის შეფასებით ეს ძალიან კარგი ხელფასია ალაბამაში დასაქმებულებისთვის და გაფიცვის გარეშე ეს შედეგი არ დადგებოდა:

„ბედის ირონიაა, რომ ჩვენი წყალობით ახალდასაქმებული მაღაროელები იქცნენ ამერიკაში ყველაზე მაღალანაზღაურებად მეშახტეებად“, – თქვა რობერტსმა გამოცემა ნიუ იორკ თაიმსთან 2023 წლის მარტის ინტერვიუში და დასძინა, რომ ის ელოდება გაფიცვის მონაწილე პროფკავშირის წევრმა მაღაროელებმაც მიიღონ ასეთივე მაღალი ანაზღაურება.

__

ფოტო Reuters: ამერიკელი მაღაროელების გაფიცვა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: