მთავარი,სიახლეები

კურიერი Tik-Tok-ზე ვიდეოსთვის 2 ათასით დააჯარიმეს – ის სატრანსპორტო პოლიტიკას აკრიტიკებდა

21.06.2023 • 1632
კურიერი Tik-Tok-ზე ვიდეოსთვის 2 ათასით დააჯარიმეს – ის სატრანსპორტო პოლიტიკას აკრიტიკებდა

ფეისბუქზე გამოხატული მოსაზრებისთვის მოქალაქის დაჯარიმების შემდეგ საქართველოში მოქალაქე Tik-Tok – ვიდეოს გამოც მიიჩნიეს სამართალდამრღვევად. დღეს, 21 ივნისს, საია-მ გამართა ფორუმი, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და მისი გამოყენების პრაქტიკის ტენდენციები შეაჯამეს.

საია-ში მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით სახიფათოა ახალი ტენდენცია, როცა ონლაინსივრცეში გამოთქმული მოსაზრებისთვის აკავებენ ადამიანებს და აჯარიმებენ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო. მას სანქციის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

ვიდეო ამ სათაურით იყო – „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“.

ვიდეოს ავტორი გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ. იგი აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ.

პროტესტი მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. ბასლაინი), სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია. იგი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ,“ – აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ კვარტალურ მიმოხილვაში.

ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება.

ფორუმზე ისაუბრებს ბათუმის შემთხვევაზეც – მოქალაქე და აგვისტოს ომის მონაწილე ხვიჩა შაქარიშვილიპოლიციელებმა ფეისბუქპოსტის გამო დააკავეს, იგი მოსამართლემ 2500 ლარით დააჯარიმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: