მთავარი,სიახლეები

რატომ არ აჯარიმებენ რუსეთის მოქალაქეებს ბათუმში უბილეთოდ მგზავრობისთვის

21.06.2023 • 8578
რატომ არ აჯარიმებენ რუსეთის მოქალაქეებს ბათუმში უბილეთოდ მგზავრობისთვის

მოქალაქემ „ბათუმელებს“ მოგვაწოდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ არ აჯარიმებს კონტროლიორი რუსეთის მოქალაქეს, რომელიც უბილეთოდ მგზავრობს ბათუმის მუნიციპალური ავტობუსით.

მოქალაქეებს სხვა დროსაც მოუმართავთ ჩვენთვის და უსაუბრიათ იმავე პრობლემაზე.

„ბათუმელებმა“ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას ჰკითხა, რა პოლიტიკას ატარებენ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით – თუ აჯარიმებენ მათ უბილეთოდ მგზავრობისთვის?

მუნიციპალური ინსპექცია უარყოფს რუსეთის მოქალაქეების მხრიდან უბილეთოდ მგზავრობის ფაქტს და ამბობს, რომ ისინი ყველა უბილეთო მგზავრს აჯარიმებენ, იმის მიუხედავად, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა.

„უბილეთო მგზავრობასთან დაკავშირებით ჯარიმდება ყველა მოქალაქე, არ აქვს ეროვნებას მნიშვნელობა.

ასევე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია აიღოს სამგზავრო ბარათი.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთის მოქალაქეებზე 100-ზე მეტი საჯარიმო ქვითარია შედგენილი“, – მოგვწერეს მუნიციპალური ინსპექციის პრესსამსახურიდან.

უწყება დაჯარიმებული მოქალაქეების ზუსტი რაოდენობის დასადგენად ითხოვს, რომ წერილობით მივმართოთ.

ბოლო ერთ წელში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, საქართველოში უპრეცედენტოდ ბევრი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.

რუსეთის მოქალაქეები ბათუმში იძენენ უძრავ ქონებას და, შესაბამისად, სარგებლობენ ყველა მუნიციპალური სიკეთით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: