მთავარი,სიახლეები

მუნიციპალურმა ინსპექციამ კაფე ტორნადოს ტრაქტორით „კანონის შესაბამისად“ გადაუარა?

23.06.2023 • 17501
მუნიციპალურმა ინსპექციამ კაფე ტორნადოს ტრაქტორით „კანონის შესაბამისად“ გადაუარა?

კვარიათის პლაჟზე კაფე „ტორნადოს“ დემონტაჟს უხმაუროდ არ ჩაუვლია, პირველი მცდელობისა და ერთ-ერთი მფლობელის რადიკალური წინააღმდეგობის შემდეგ, ინსპექციამ დროებით უკან დაიხია. ამ დროისთვის გონიო-კვარიათის პლაჟზე ათეულობით კაფეს დემონტაჟი უკვე დასრულებული იყო.

მათ შორისაა ისეთი კაფეებიც, რომელთა მესაკუთრეებსაც პლაჟზე მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეთანხმების ხელშეკრულებების ვადები ამოეწურათ და ისეთებიც, რომლებმაც თავიდანვე შენობები, ჯიხურები, სახლები… უნებართვოდ განათავსეს.

პირველი მცდელობიდან რამდენიმე დღეში კვარიათის პლაჟზე კაფე „ტორნადო“ ღამით დაშალეს. ადგილზე ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასთან ერთად პოლიციაც მივიდა. ამას ადასტურებს ვიდეოკადრები, რომლებიც შენობის მფლობელმა მოგვაწოდა. უფრო მეტიც, დაცვის პოლიციის ინფორმაციით, რომელსაც შენობა ჰქონდა ჩაბარებული, ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ.

მესაკუთრე გვიყვება, რომ ინსპექციის წარმომადგენლებმა შენობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული 4 კამერა და 6 შიდა კამერა შენობაში შესვლისთანავე  გათიშეს, მაგრამ შიდა სივრცეში დარჩა ერთი კამერა, რომელზეც დენის წყაროს კვების ბლოკი იყო დამაგრებული და ისე იყო შეფუთული, რომ ინსპექციას მისი არსებობა გამორჩა, სწორედ ამ კამერამ ჩაიწერა კადრები.

კაფე „ტორნადო“ მძიმე ტექნიკის გამოყენებით დაშალეს, დაცვის პოლიციამ ვერაფერი მოიმოქმედა, ვერ დაიცვა ის ნივთებიც კი, რომლებზე პასუხისმგებლობასაც ახლა შპს „ტორნადოს“ აკისრებს.

კადრებში ჩანს, როგორ აღებენ კარს და როგორ შედის შენობაში მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, არჩილ კონცელიძე, შემდეგ კი მისი თანამშრომლები, პირები, რომლებსაც ინსპექციის სპეციალური ტანსაცმელი აცვიათ. კადრებში ჩანს ასევე პირი, რომელსაც პოლიციელის ფორმა აცვია.

კაფეს მფლობელი მერიას სასამართლოში უჩივის. დავის საგანი დაზიანებული ქონებაა. ის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. დაზიანებულია შენობის კონსტრუქცია, დამსხვრეულია შუშები, რომლებიც, მესაკუთრის თქმით, სპეციალურად შემოიტანა თურქეთიდან მსუბუქი, გამჭვირვალე შენობის მოსაწყობად, დაკარგულია ძვირადღირებული ნივთები…

ფოტო გადაღებულია კაფეს დანგრევიდან რამდენიმე დღეში

მესაკუთრის ადვოკატის ინფორმაციით, დაკარგულ საგნებს შორის არის მოწყობილობები, რომლებიც კამერების ჩანაწერებს ინახავდა. ასევე დაკარგულია დაცვის პოლიციის მიერ დამონტაჟებული სპეციალური მოწყობილობა, რომლის მოვლა-პატრონობაზეც პასუხისმგებლობა შპს „ტორნადოს“ ჰქონდა დაკისრებული.

ახლა დაცვის პოლიცია, რომელმაც ნგრევისას ადგილზე საკუთარი ნივთების დაცვაც ვერ მოახერხა, თავის ნივთებს „ტორნადოს“ სთხოვს და წერილობით ატყობინებს, ზარალი 5 სამუშაო დღეში უნდა ამინაზღაუროო:

დოკუმენტების მიხედვით, შპს „ტორნადოს“ მაკა გოგიტიძე ფლობს, კაფეს მისი მეუღლე კობა მანველიძე მართავს.

შპს „ტორნადოს“ ინტერესებს ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი იცავს. მისი განმარტებით, მთავარი უკანონობა, რასთანაც ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს, დემონტაჟის წესების დარღვევაა.

„დემონტაჟი არის შენობის ორგანიზებული დაშლა. ამ  შემთხვევაში კი მუნიციპალურმა ინსპექციამ სრულად გაანადგურა შენობა-ნაგებობა“, – განმარტავს ადვოკატი.

  • რას ამბობს კანონი დემონტაჟზე

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ზოგადად განსაზღვრავს, რომ დემონტაჟი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის ორგანიზებულად დანგრევა/დაშლას გულისხმობს, ასევე ადგენს დემონტაჟის წესებს კონკრეტულ შემთხვევებში.

რაც შეეხება უნებართვოდ აშენებულ ან განთავსებული შენობის დემონტაჟს, კანონის მიხედვით,  მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო, ამ შემთხვევაში „მუნიციპალური ინსპექცია“ უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, თუ მშენებლის ვინაობა გარკვეულია, ხოლო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა…

დადგენილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეუჩერებლობის შემთხვევაში შესაძლო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.

სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის მითითება, შემოწმების აქტი, დადგენილება ან უწყება უნდა გააცნონ მხარეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება ამ აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

კანონი ადგენს გასაჩივრების წესსაც. გასაჩივრების შემდეგ შესაძლოა მომჩივანისთვის სასარგებლო შედეგი არც დადგეს, მაგრამ ეს ერთგვარი ხერხია პროცესის დროში გასაჭიანურებლად. ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ათასობით მაგალითი გვაქვს, როცა სასამართლოს ერთი ინსტანციიდან მეორეში საქმის დასრულებამდე კომპანია, ბათუმის ძველ ბულვარშიც კი, წლების განმავლობაში ეწეოდა კომერციულ საქმიანობას უკანონო შენობაში.

კაფე „ტორნადო“ ამ ადგილზე 2016 წლიდან ფუნქციონირებდა

შპს „ტორნადოს“ ადვოკატი ამბობს, რომ „ტორნადოს“ საქმეში  „მუნიციპალური ინსპექცია“ თანმიმდევრული არ იყო.

„როდესაც მუნიციპალური ინსპექცია მოქალაქისგან კანონის დაცვას ითხოვს და მოქმედებს, როგორც კანონის აღმსრულებელი, კანონის დამცველი სუბიექტი, მას არ აქვს უფლება, კანონის დაცვის სახელით დაარღვიოს ის. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უფლებამოსილების გადამეტებასა და საკუთრების უფლების ხელყოფასთან. არგუმენტი, რომ მას აქვს უკანონო შენობის დაშლის უფლება, მას არ ანიჭებს უფლებას, უკანონობას ებრძოლოს უკანონობით“.

რატომ არ გაიტანა „ტორნადომ“ უკანონო შენობიდან თუნდაც ძვირადღირებული საგნები, როცა მისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ამჯერად არ აპატიებდნენ? – ამ კითხვის პასუხად ადვოკატი განმარტავს, რომ შენობა უკანონოდ ვერ ჩაითვლებოდა, რადგან მფლობელმა ის განაახლა და კეთილმოაწყო მოქმედი ხელშეკრულების პირობებში. გარდა ამისა, მან მიმართა მუნიციპალიტეტს წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიზნით და შესაბამისი მოსაკრებელიც გადაიხადა.

„კომპანიამ თავისი ხარჯით უზრუნველყო კომუნიკაციების შეყვანა, ამ საქმიანობების დროში გაჭიანურების გამო მან საიჯარო ვადა თავისი საქმიანობისთვის ვერ გამოიყენა. დრო დაიკარგა აუცილებელი ინფრასტრუქტურის გასამართად. ამ პროცესის შემდეგ კი უკვე კომპანია იმყოფება სამართლებრივ დავაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან. ითხოვს იმ ხარჯების ანაზღაურებას, რისთვისაც დაიკარგა დრო და რესურსი“, – განმარტავს ადვოკატი.

გიორგი ხიმშიაშვილი აქცენტს აკეთებს ასევე კომუნიკაციაზე მერიასთან დადგენილების გამოცემიდან შენობის დანგრევამდე:

„მესმის ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომა გარკვეული საკითხებისადმი, მაგრამ „ტორნადოს“ შემთხვევაში გვქონდა საგამონაკლისო ვითარება, ჩვენ მერიასთან ვართ სამართლებრივ დავაში. მუნიციპალურ ორგანოსთან გვქონდა კომუნიკაცია და ვაცხადებდით, რომ შენობის დემონტაჟი საჭიროებდა ფინანსურ რესურსს, რაც იმ დროისთვის კომპანიას არ ჰქონდა. ამიტომ სჭირდებოდა დრო. ასევე მინდა ვთქვა, რომ დემონტაჟის პროცესი დაწყებული იყო და ეს კადრებშიც ჩანს.“

ყველას შეუძლია თქვას, რომ დემონტაჟის დასაწყებად რესურსი არ აქვს და დრო გაწელოს. რატომ უნდა გაეწია ანგარიში მუნიციპალურ ორგანოს „ტორნადოსთვის“, ვკითხეთ ადვოკატს.

გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით „ტორნადომ“ სასამართლოს მიმართა და 30-დღიანი ვადა მოითხოვა, რომ ჩაეტარებინა ექსპერტიზა კომპანიის ხარჯისა და ზარალის დასათვლელად: „ამისთვის ჩვენ გვჭირდებოდა შენობის ფიზიკური არსებობა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოცემულ  ვადაში შეფასება ვერ დაასრულა.“

კომპანიის მმართველი, კობა მანველიძე ნამდვილად აქვეყნებდა ფოტო-ვიდეომასალებს, რასაც უნდა დაედასტურებინა, რომ კომპანიამ დემონტაჟი დაიწყო.

„გადასახადის გადამხდელს ხელი უნდა შეუწყო, მე მერიამ გამანადგურა“ – ამბობს კაფეს მმართველი კობა მანველიძე

„ტორნადოს“ მმართველი კობა მანველიძე გვიყვება, რომ 2022 წელს, კვარიათში მიწის ნაკვეთების საიჯარო წესით გამოცხადებულ აუქციონში მიიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ისევე როგორც სხვები, თავადაც მიიჩნევდა, რომ მერიამ აუქციონები დაგვიანებით გამოაცხადა. მისივე თმით, სწორედ ეს დაგვიანება გახდა აუქციონების უმეტესობის ჩაშლის მიზეზი.

აუქციონი მიწის 4 თვით სარგებლობას ითვალისწინებდა.

აუქციონში გამარჯვების შემდეგ, შპს „ტორნადოს“, 2022 წლის 15 ოქტომბრამდე ვადით, სარგებლობაში გადაეცა იგივე ნაკვეთი, სადაც შენობა ადრეც ჰქონდა.

„ხელშეკრულების საფუძველზე მოვითხოვე წყლის, საკანალიზაციო სისტემისა და ელექტროენერგიის შეყვანა. კომუნიკაციები შემოიყვანეს 7 ნოემბერს, როცა უკვე სეზონი დასრულებული, ხელშეკრულებას ვადა კი გასული იყო. სამუშაოებში მონაწილეობდა მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ბათუმის წყალი. მანამდე ტექნიკური მოკვლევა ჩატარდა, 4000 ლარი გადავიხადე მოსაკრებელი. ასეთ ვითარებაში, მე როგორც კეთილსინდისიერ გადამხდელს, მქონდა ნდობა, რომ წელს თუ არა, მომავალში გამოვიყენებდი კომუნიკაციების ამ საშუალებებს“, – ამბობს „ტორნადოს“ მმართველი.

კობა მანველიძის ინფორმაციით, მიღება- ჩაბარების აქტი 7 ნოემბრით თარიღდება.

ბათუმის წყლის თანამშრომლები კაფე „ტორნადოს“ წყლის სისტემის გაყვანის სამუშაოებზე

კობა გვიყვება იმ პრაქტიკაზე, რომელიც მერიას 2016 წლიდან დღემდე გონიო-კვარიათის პლაჟების სამართავად ჰქონდა დანერგილი:

„2016 წლიდან ვეწეოდი აქ სამეწარმეო საქმიანობას. აუქციონები ყოველთვის არ ცხადდებოდა, მერია ქირის თანხას ითხოვდა ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და გადასახადებს ვიხდიდით. ეს ყველაფერი გვაქვს დოკუმენტურად და ქვითრებით. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა სამართლებრივი მხარე მოგვეგვარებინა, არ გვინდოდა კანონის დარღვევა, მაგრამ მერია არ გვაძლევდა შესაძლებლობას, კანონის ჩარჩოში მოგვექცია ყველაფერი. ასევე, არ გვაძლევდა წინასწარი სამზადისის საშუალებას, რომ სეზონს მომზადებული შევხვედროდით.“

შპს „ტორნადოს“ შენობა 445 კვ.მეტრზე იყო განთავსებული. მესაკუთრე ამბობს, რომ მერიას ბევრჯერ სთხოვა, თუმცა ამ ადგილზე არ გამოაცხადეს გრძელვადიანი აუქციონი.

„მერთანაც მქონდა შეხვედრა 2021-ში. მითხრა, იქნებ სხვასაც უნდა ეს ადგილიო. მართლა მაინტერესებს, დაილია ადგილი პლაჟზე?- დიახ, გეთანხმებით, ყველაფერი იყო მიშვებული და ქაოსური. ერთი მხრივ, კონტროლი უნდა დაწესდეს, მაგრამ ვინც სტანდარტებში ჯდება, ხელი არ უნდა შეუწყო? – მე არ უნდა დამაზარალო, მე ვარ გადასახადის გადამხდელი, არ უნდა გამანადგურო. რაც გამიკეთეს, ეს არის განადგურება.

445 კვ.მეტრი შენობა 2022 წელს შევმინეთ, პარალელურად მივწერეთ მერიას ვადის გაგრძელებაზე, ვითხოვდით გრძელვადიან საიჯარო ხელშეკრულებას. ამის დამადასტურებელი განცხადებები არსებობს“.

მერიის ინსპექციის პასუხი

ბოლო ათი წლის განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია კონკრეტულ სამართალდარღვევაზე რეაგირების გაჭიანურებას ყოველთვის კანონით ხსნიდა; იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს ინსპექციის ხელმძღვანელები ზეპირი განმარტებებისთვის თავს არ იწუხებენ, „ტორნადოს“ საქმის მასალები ოფიციალურად გამოვითხოვეთ.

ასევე ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ყოველთვის ამბობს, რომ მერიასა და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებში ყველაფერი კანონის შესაბამისადაა. ამიტომაც ველოდით, რომ მთელ რიგ დოკუმენტებს მივიღებდით შესასწავლად, ფოტომასალების ჩათვლით: „ტორნადოს“ მიმართ განხორციელებულ ყველა პროცედურას, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებით ახსნიდნენ და ყველა კითხვას ლოგიკური პასუხი გაეცემოდა.

თუმცა ინსპექციიდან მხოლოდ ერთგვერდიანი ზოგადი პასუხი მივიღეთ ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე.

ამონარიდი ინსპექციის წერილიდან, რომელსაც სტილის დაცვით გთავაზობთ:

„მუნიციპალურმა ინსპექციამ კაფე „ტორნადოს“ მიმართ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებები. არაერთხელ გაფრთხილდა სიტყვიერად კაფე „ტორნადოს“ მფლობელი გაეთავისუფლებინა  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული ტერიტორია, ჩაბარდა წერილობითი გაფრთხილება საფოსტო გზავნილით, სადემონტაჟო ობიექტზე ადგილზე გასვლით ააიპ მუნიციპალური ინსპექციის მიერ იქნა გაკრული გაფრთხილების ფურცელი
გაეთავისუფლებინა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, რაც არ გაითვალისწინა ჩვენს მიერ
კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა.“

პასუხი არ შეიცავს თარიღებს, როდის გააფრთხილეს „ტორნადოს“ მესაკუთრე, როდის გამოაკრეს ადგილზე დადგენილება და ასე შემდეგ.

გონიო-კვარიათში მიმდინარე პროცესს „ბათუმელები“ დემონტაჟის დაწყების დღიდან აკვირდება. პროცესი 5 თვეზე მეტია გაგრძელდა. ამ პერიოდში ნებისმიერ ჩვენ დაინტერესებას ინსპექცია პასუხობდა განმარტებით, რომ მიმდინარეობდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები. ინსპექციამ ამ პროცედურების დამადასტურებელი მასალები ვერ წარმოგვიდგინა. თუ ასეთი მასალები ინსპექციას არ აქვს, ეს სერიოზული სამართალდარღვევაა.

კვარიათში უნებართვო კაფე-ბარების დემონტაჟის პროცესის გაგრძელების თაობაზე ფოტომასალა ბოლოს მუნიციპალურმა ინსპექციამ 2023 წლის თებერვალში გამოაქვეყნა. „ტორნადო“ 2023 წლის 3 ივნისს დაანგრიეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: