მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

21.06.2023 • 2013
ხელვაჩაურის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, კახა ფუტკარაძემ, თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა. მერის მოადგილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრშიც.

„ბოლო დროს ჩემ წინააღმდეგ აგორებული დაუსაბუთებელი ბრალდება მიუღებელია, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების შესახებ,“ – წერს კახა ფუტკარაძე.

კახა ფუტკარაძე მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში სავარაუდოდ ხელვაჩაურში ნახევარი მილიონის მითვისების საქმეს უნდა გულისხმობდეს. ამ სქემაში ფუტკარაძის შვილის ჩართულობის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 20 ივნისს, სასამართლო პროცესზე გახდა საჯარო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დაიკითხა ბუღალტერი, რომელმაც თქვა, რომ „ხელვაჩაურის წყალკანალში“ ფიქტიურად იყო „დასაქმებული“ ხელვაჩაურის მერის მოადგილის, კახაბერ ფუტკარაძის შვილი, თორნიკე ფუტკარაძეც და მას ხელფასის სახით 1040 ლარი ერიცხებოდა.

„ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი 2022 წელს დააკავეს.

პროკურატურის ვერსიით, „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი, ვლადიმერ მიქელაძე, 2019-2021 წლებში მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან ყოველთვიურად აფორმებდა ფიქციურ შრომით ხელშეკრულებებს, რომელთა მიხედვითაც თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს…“

ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 20 ივნისს, დაიწყო.

სქრინი კახა ფუტკარაძის ფეისბუქგვერდიდან

ამავე თემაზე:

„დირექტორთან კაბინეტში შემქონდა ფული“ – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასი ლარის მითვისებაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: