განათლება,მთავარი,სიახლეები

ლევან ბერძენიშვილზე ძალადობა განვიხილეთ და ვთქვით, რომ ეს ბოროტებაა – პედაგოგი

21.06.2023 • 3722
ლევან ბერძენიშვილზე ძალადობა განვიხილეთ და ვთქვით, რომ ეს ბოროტებაა – პედაგოგი

„როცა ადამიანი თავისუფლებას მტრის ხატად მიიჩნევს, ეს ნიშნავს, რომ ის თავისუფალ აზრს, მოსაზრებებს ბლოკავს. ამ შემთხვევაში ასეთი მასწავლებელი კარგი ღირებულებების, თავისუფალ მოქალაქეს ვერ გაზრდის. ის, რაც ჩვენ გვჭირდება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ინა იმედაშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი.

ის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია თბილისის UG სკოლაში.

  • ქალბატონო ინა, შეგიძლიათ გვითხრათ, რის გამო შეგარჩიეს საუკეთესო ათეულში?

ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს, თუმცა ძალიან ემოციური და სასიხარულო.

ჩემი მასწავლებლობა დაიწყო მას შემდეგ, როცა ჩემი შვილი პირველ კლასში შევიყვანე. ეს იყო ალბათ ათი წლის წინ და მაშინ ვთქვი, მოდი, მეც მივყვები-მეთქი.

თუმცაღა მანამდე, მთელი ჩემი ბავშვობა ვოცნებობდი მასწავლებლობაზე. 24 საათი მასწავლებლობანას ვთამაშობდი. მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, რომ არაპრესტიჟულად ითვლებოდა მასწავლებლობა, ამიტომ ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე.

ჟურნალისტობა არ გამომივიდა და საბოლოოდ მაინც სკოლაში მივედი.

  • თქვენი აზრით, ვინ არის კარგი მასწავლებელი?

პირველ რიგში, მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს, ეს არის უპირობო, რადგან რაც არ უნდა გამოცდილი იყო, რაც არ უნდა კარგი სტრატეგიები გქონდეს, თუ ბავშვები არ გიყვარს, კარგი მასწავლებელი არ ხარ. სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია.

მეორე – მასწავლებელმა აუცილებლად უნდა შეძლოს ემოციის კონტროლი და პირად წყენად არ უნდა მიიჩნიოს, დავუშვათ, მოსწავლის მხრიდან გარკვეული პროტესტები და ამბოხი, რაც ძალიან ხშირია სკოლაში.

ძალიან ხშირად მასწავლებლის ემოცია ითქვიფება ხოლმე ბავშვის ემოციაში და ეს არ იძლევა კარგ შედეგს, ხშირად კონფლიქტის საფუძველი ხდება.

ასევე, მასწავლებელი მაძიებელი უნდა იყოს, იმიტომ, რომ ერთ ადგილზე გაჩერება სასწავლო პროცესს კლავს.

სამყარო ყოველდღიურად, ყოველწამიერად ვითარდება და თუ გვინდა, რომ ჩვენი გაკვეთილები მოსწონდეთ ბავშვებს, კარგად გამოგვივიდეს სწავლების პროცესი, მასწავლებლებმაც უნდა ავუწყოთ ამ განვითარებას ფეხი, შეძლებისდაგვარად.

უამრავი საშუალება და რესურსია დღეს ონლაინსივრცეში, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისთვის.

ასევე, ვფიქრობ, რომ მაინცადამაინც არ არის აუცილებელი დაწერილ პროგრამას მიყვებოდეს მასწავლებელი, შეუძლია გაკვეთილის კლასის თუ მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება.

ხშირად უთქვამთ ხოლმე, „ბავშვი არ სწავლობს“, „არაფერი აინტერესებთ“, „არ უნდა და რა გავაკეთო?“, ეს სრული აბსურდია, რადგან ყველა ბავშვს აქვს რაღაც ერთი ინტერესი მაინც, რომელსაც შეგვიძლია  ჩავეჭიდოთ და ამით ვაქციოთ მისთვის სასწავლო პროცესი დღესასწაულად.

  • ბევრი თქვენი კოლეგა ალბათ გეტყვით, რომ ეს  ადვილია კერძო სკოლაში, როცა კლასში არ ზის 30 ბავშვი, თუ არ გიწევს სტრესულ გარემოში მუშაობა…

მოდი, დავიწყოთ იქიდან, რომ ბავშვების სიყვარულს არ სჭირდება არც საჯარო სკოლა და არც კერძო სკოლა. სადაც სიყვარულია, იქ გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

რაც შეეხება პრობლემებს, საჯაროს თავისი სპეციფიკური პრობლემები აქვს და კერძოს – თავისი. ორივე შემთხვევაში, თუ პრობლემებს დავატოლებთ, მსგავსია ეს პრობლემები. არც კერძო სკოლაშია მასწავლებლის გზა ია-ვარდებით მოფენილი.

„მასწავლებელი დასტრესილია“ და „კურიკულუმებს გვთხოვენ“, ესეც გასაგებია, მესმის, რომ შეიძლება ზედმეტადაც იყოს მასწავლებელი ამ ქაღალდებით დაკავებული, თუმცაღა, თუ ეს პროცესი გააზრებულია და ნამდვილად მიმართულია იმისკენ, რომ მოსწავლის აკადემიური მოსწრება ან ემოციური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მაშინ ღირს. რატომაც არა.

თუ ბავშვი მიყვარს, მინდა, რომ კარგად ვასწავლო, მინდა, რომ მისი ემოციური მზაობა აქტიური გავხადო, მოტივაცია გავუზარდო.

ფერადი ცარცითაც შეიძლება შექმნა საინტერესო ამბავი. დახატო, გააფორმო, რაღაც ახალი სცადო, ბევრ რამეზეა დამოკიდებული მრავალფეროვნება.

მესმის, რომ  კლასში ბევრი მოსწავლეა, ეს პრობლემაა, მაგრამ აქაც არ შეიძლება ხელის ჩაქნევა, რომ მაინც არაფერი გამომივა და მოდი, არ ვცდი.

მოდი, სცადე და თუ არ გამოგივა, დაანებებ თავს, ახალ მეთოდს სცდი. ასე ხდები მასწავლებელი, სულ რაღაცების კეთებით და ძიებით. მეც ბევრჯერ არ გამომსვლია რაღაც, ბევრჯერ ჩამომიყრია ყურები, ძალიან ბევრჯერ მიტირია კიდეც, თუმცა ეს იყო გარდამტეხი მომენტი ჩემი პროფესიული განვითარების გზაზე და ამ ყველაფერმა მაქცია ბევრად უკეთესად.

როცა ჩემი, ორი წლის ბიჭუნა გაფრინდა, ამ ყველაფერმა თითქოს უფრო გამაძლიერა ემოციურად. ბავშვები იყვნენ ისინი, ვინც ამ სამყაროში დამაბრუნა და როგორ არ მიყვარდეს ეს პროფესია?

როცა მასწავლებელს ემოციური სიმყარე აქვს, დარწმუნებულია საკუთარ თავში, ბევრ რამეს სხვანაირად აფასებს. შეცდომებიც მოსულა, რადგან ამ შეცდომებისგან ვსწავლობთ.

შეცდომა არ არის ტრაგედია, ამით ვიზრდებით, ვყალიბდებით, ამით ვხვდებით კარგი მასწავლებლები.

მასწავლებელი არ უნდა იყოს დათრგუნული, შეშინებული. თუ ბავშვებს ვეუბნებით, რომ  აღმოჩენებით სწავლებაა მნიშვნელოვანი, მასწავლებელიც იგივეა ხომ, აღმოჩენებით ხდება კარგი.

  • დღეს ყველა სფეროს თავისი გამოწვევები აქვს, მათ შორის მასწავლებლებსაც. თქვენ, როგორც პედაგოგი, როგორ უყურებთ იმ პროცესებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.

დაწყებითი საფეხური უმნიშვნელოვანესია ბავშვის ცხოვრებაში, სწორედ ამ დროს ყალიბდება მისწრაფებები, უნარ-ჩვევები, ღირებულებები. ამიტომ მასწავლებელი ძალიან ფრთხილად უნდა იყო, ძალიან ხშირად ბეწვის ხიდზე უწევს მასწავლებელს გავლა, რომ ბავშვებს არ მოვახვიოთ რაღაც შეხედულება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა შექმნას საკლასო ოთახში ისეთი გარემო, სადაც ბავშვებს შეეძლებათ უმტკივნეულოდ, შიშის და ემოციის გარეშე საკუთარი აზრის დაფიქსირება, თუნდაც მიუღებლის.

ეს თუ მოახერხა მასწავლებელმა, ჩათვალეთ, რომ ის ქვეყანას ძალიან მაგარ მოქალაქეს მისცემს.

იმიტომ, რომ მოსაზრებები უამრავია, პრობლემებიც და ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ ხომ, ამიტომ მიმაჩნია, რომ მასწავლებელი ამ შემთხვევაში მედიუმის როლში უნდა იყოს და მისმა მიმართულებამ, წაკითხულმა ტექსტებმა, მსჯელობამ ბავშვი თვითონ მიიყვანოს სწორ აზრამდე.

  • შეგიძლიათ გაიხსენოთ კონკრეტული მაგალითი ამის საილუსტრაციოდ?

არაფორმალური განათლების ფარგლებში შეხება მაქვს მოზარდებთანაც. ხშირად მოზარდები ძალიან კატეგორიულები არიან, ხისტებიც და თუ ამას დაუშლი, ამ სიხისტეს დაბლოკავ, არ მისცემ საშუალებას, რომ გამოხატოს ემოციები, ეს უკვე გაბრაზებაში გადასდის.

მაგალითად, მქონდა შემთხვევა, როცა რამდენიმე ბავშვს შევამჩნიე, რომ ჰიტლერი მოსწონდა. არ დამიწყია მათთვის წინასწარ რაიმეს ახსნა, წავიყვანე ოკუპაციის მუზეუმში და დავათვალიერებინე, მაშინ ავუხსენი, რა ბოროტება ჩაიდინა მან კაცობრიობის წინაშე და საბოლოოდ, თავად შეიცვალეს მასზე წარმოდგენა.

მივხდი, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია და ეს იყო ამ ყველაფრის მიზეზი.

დაწყებით კლასებში ასეთ რთულ თემებზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ბავშვებსაც აქვთ ბევრი კითხვა და საკმაოდ პოლიტიკურიც.

  • რა კითხვები აქვთ?

ძალიან ფილტრავენ ყველაფერს და ძალიან მკაცრებიც არიან. აი, მაგალითად, ერთ სიტყვას არ გაპატიებენ „ეს ჰომოფობიურია“ , „ეს რასისტული“ გეტყვიან და ალბათ ეს სწორია.

  • ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი პარტიის რიტორიკა ძალადობრივია. დღესაც კი, მაგალითად, ირაკლი კობახიძემ ქუჩაში ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შეფასებისას თქვა, რომ თავდასხმა ძალადობაა და თან დააყოლა „მაგრამ…“, თქვენი მიდგომა როგორია, ძალადობის შემდეგ „მაგრამ“ გამოიყენება?

არა, რა თქმა უნდა, ძალადობის შემდეგ „მაგრამ“ არ იწერება. ძალადობა ძალადობაა და ეს ცალსახად დასაგმობია.

თუმცა მე რასაც ვაკვირდები, მოზარდები არ უყურებენ ხოლმე ქართულ არხებს, ფეისბუქში არ არიან, ძირითადად უცხოური არხები აქვთ გამოწერილი და უფრო მეტად გლობალური თემებით არიან დაინტერესებულნი. თუმცა არაფორმალური განათლების დროს, ჩვენ ვსაუბრობთ ძალადობაზე, ფემიციდზე და, მაგალითად, ლევან ბერძენიშვილის ამბავიც განვიხილეთ და პირდაპირ ვთქვით, რომ ეს ბოროტებაა.

  • მმართველი პარტია ცდილობს, რომ საგანმანათლებლო სივრცეები მოწყვიტოს პოლიტიკურ პროცესებს. მათ სურთ უნივერსიტეტები, სკოლები დაცალონ პოლიტიკისგან. თქვენ, როგორც მასწავლებელი, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

ვფიქრობ, რომ ადამიანი კარგი მოქალაქე უნდა იყოს. კარგი მოქალაქეობა კი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ჯერ განათლება მიიღოს, თავის სფეროში ქვეყანას წაადგეს და მეორე, არ დახუჭოს თვალი ისეთ ცვლილებებზე, ისეთ სიტუაციაზე, რომლითაც ქვეყანა დაზარალდება.

კარგი მოქალაქეობა საკუთარი მოსაზრების, პოლიტიკური არჩევანის პატივისცემასაც ნიშნავს, გამორიცხავს პოლიტიკური ნიშნით დევნას, რელიგიური ნიშნით, კანის ფერის თუ სქესის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანების დევნას გამორიცხავს, ცხადია.

კარგი მოქალაქეობა, სწორედაც რომ უმცირესობის დაცვაა. შესაბამისად, ახალგაზრდები კარგი მოქალაქეები უნდა იყვნენ. ვფიქრობ, ისეთი მაგარი თაობა მოდის, ისეთი თავისუფალი, ისეთი გაბედული და ჰუმანური… თუმცა რუსეთი არ უყვართ და ამას გამოხატავენ კიდეც მძაფრად.

  • იციან რატომ არ უყვართ ამ ქვეყანაში რუსეთი, გააზრებული აქვთ ეს?

დიახ, რა თქმა უნდა, ისტორიას სწავლობენ და იციან წარსული. ჩემი შვილის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგად იაზრებენ ოკუპაციასაც, რუსეთის აგრესიასაც და ძალიან კარგი კომიქსიც შექმნა ჩემმა შვილმა ამ თემაზე.

  • სოციალურ ქსელებში მასწავლებლების კომენტარებს თვალს ვადევნებთ ხოლმე და ჯერ კიდევ ვხვდებით ისეთ პედაგოგებს, რომლებიც სიტყვა „ლიბერალს“ უარყოფით კონტექსტში ახსენებენ. თქვენ რას ფიქრობთ ასეთ მასწავლებლებზე, რამდენად აზარალებენ ისინი სასწავლო გარემოს?

ვფიქრობ, იმ ადამიანებს, ვინც „ლიბერალს“ სალანძღავ სიტყვად იყენებს, რაც არ უნდა აუხსნა, მაინც არაფერი შეიცვლება მათში. მეც მქონია მცდელობა, დამიდია ილიას წერილები, მაგრამ რაც არ უნდა აუხსნა, მაინც მყარი კედელი აქვთ აღმართული და არ აქვთ მიმღებლობა.

მიმღებლობა რომ ჰქონდეთ, არც „ლიბერალს“ გამოიყენებდნენ სალანძღავ სიტყვად. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ასწავლიან კიდეც.

  • როგორ ფიქრობთ, ვინ ააშენა ეს კედლები და რატომ ააშენეს?

საკმაოდ რთული და მრავალმხრივი თემაა, ბევრი მიზეზი აქვს, პირველ რიგში, ალბათ გაუნათლებლობა, მეორე – გავლენები.

შეიძლება ძალიან ხისტად გამომივიდეს, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი ადამიანები ბავშვებს არ უნდა ასწავლიდნენ.

როცა ადამიანი თავისუფლებას მტრის ხატად მიიჩნევს, ეს ნიშნავს, რომ ის თავისუფალ აზრს, მოსაზრებებს ბლოკავს. ამ შემთხვევაში ასეთი მასწავლებელი კარგი ღირებულებების, თავისუფალ მოქალაქეს ვერ გაზრდის. ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ვერ ასწავლის ტოლერანტობას და განსხვავებულის მიმღებლობას.

  • ამ დღეებში ჩვენ ვნახეთ, როგორ დაესხნენ ბავშვებს ბანაკში ძალადობრივი ჯგუფები და ქვები დაუშინეს, უნივერსიტეტში სცემეს სტუდენტებს, მანამდე ვნახეთ როგორ გამოყარეს მუზეუმებიდან პროფესიონალები, ახლა კიდევ საფრთხე შეუქმნეს კინოცენტრს. როგორ ფიქრობთ, ასეთ ძალადობრივ გარემოში რა როლი აქვს მასწავლებლის ხმას?

უზარმაზარი, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ყველაფრის საფუძველი არის განათლება და მასწავლებლის პოზიციასაც დიდი როლი აქვს, რადგან ეს სიტუაცია ძალიან კარგად შეუძლია გამოიყენოს მასწავლებელმა იმის საჩვენებლად, თუ როგორი არ უნდა იყოს თანამედროვე, მოაზროვნე ადამიანი, მაგალითად.

ჩაქოლვა ადამიანის, ქვის სროლა, ეს აქტი ძალიან ცუდი ფორმაა ადამიანზე ძალადობის და ცივილიზაციამ ის მოიტანა, რომ აღარ ვქოლავთ ადამიანებს ქვებით, კანონები გვაქვს, ამიტომ ძველი, წინა საუკუნეების დაბრუნება, არ არის კარგი, საშინელებაა, უკუსვლაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: